თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი სანქტ-პეტერბურგში მათემატიკის მასწავლებლად და რეპეტიტორად მუშაობდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის ვილნიუსში ცხოვრობს, თბილისში კი ბინა აქვს, სადაც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.
პოპოვმა თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში მსხდომ ადამიანებს აივნიდან გადმოაშარდა, პარალელურად კი შეძახილებით "დიდება რუსეთს“ მიმართავდა შეკრებილებს. შემთხვევის შემდეგ რუსეთის მოქალაქე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და საქართველოდან გაძევება შეუფარდა. მას ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აეკრძალა.
რუსული გამოცემა "Бумага“ პოპოვის მეგობრის, ლუდმილას მონათხრობს ავრცელებს. მისი თქმით, ალექსანდრეს დაახლოებით 15 წელია იცნობს და ბოლო პერიოდში მას ალკოჰოლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.
ლუდმილას ინფორმაციით, პოპოვი ვილნიუსში მარტო ცხოვრობს. ლუდმილა ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებს კაცის მარტოობასაც უკავშირებს. მისი თქმით, პოპოვის ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და გათავისუფლების შემდეგ სპეციალისტთან მკურნალობის დაწყებას გეგმავენ.
ლუდმილა ასევე ამტკიცებს, რომ პოპოვი ომის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანია და მას პრორუს აქტივისტად არ მიიჩნევს. მისი თქმით, მომხდარი მეგობრისთვისაც მძიმე და სამარცხვინო ფაქტია, თუმცა ალკოჰოლის პრობლემები მის საქციელს არ ამართლებს და პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოპოვმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და სინანული გამოხატა. მისი განმარტებით, ბინაში საპირფარეშო დაკავებული იყო, რის გამოც აივანზე გავიდა.
გამოცემა "Mash“ მას ყოფილ პედაგოგად მოიხსენიებს. ამასთან, მედიის მიერ გავრცელებულ მასალებში მისი პროფესიული საქმიანობის ხანგრძლივობისა და კონკრეტული სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.