"სახლის მშენებლობის დროს ჩვენმა მეზობელმა უცნაური არტეფაქტები იპოვა… მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არაჩვეულებრივ კომპანიას "ლეიერკოს“ არქეოლოგიური კვლევა სთხოვა.
ჩემი უნიჭიერესი მეგობრის, არქეოლოგიის დოქტორის ლანა ჩოლოგაურის თანახელმძღვანელობით წოდორეთში XIII საუკუნის სამაროვანი აღმოჩნდა!!! (მეორე ხელმძღვანელი - დავით დარეჯანაშვილი);
დღეს ჩემი თვალით ვნახე მე-13 საუკუნის მიწისქვეშა საქართველო“, - დაწერა ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, კულტუროლოგმა და გასტრონომიის მკვლევარმა ესმა კუნჭულიამ.

- უკვე მესამე წელია, რაც ჩვენი არქეოლოგიური კომპანია ბაზარზე ოპერირებს. სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს კულტურული მემკვიდრეობის სერვისებს ვუწევთ - მათ შორის არქეოლოგიურ გათხრებს.
რაც შეეხება წოდორეთის შემთხვევას: მოქალაქემ კერძო საკუთრებაში შეიძინა მიწის ნაკვეთი და სახლის აშენებას აპირებდა. როდესაც ფუნდამენტისთვის მიწის ამოთხრა დაიწყეს, სწორედ იქ აღმოაჩინა სამარხი. მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და იმოქმედა კანონის სრული დაცვით. სამწუხაროდ, ბევრი ასე ვერ ან არ იქცევა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, კერძო პირის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება თავად მეპატრონეს ეკისრება.
ამ ადამიანმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელია. სააგენტოს კომისია ადგილზე მივიდა, დაათვალიერა ტერიტორია, დაადგინა სამაროვნის არსებობა და გამოსცა შესაბამისი აქტი. ეს იმიტომ, რომ მეპატრონეს სურდა ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლა და ჩვენ ამიტომ მოგვმართა. გავაფორმეთ კონტრაქტი, სააგენტოსგან ავიღეთ შესაბამისი ნებართვა და დავიწყეთ კვლევა.
- როდის დაიწყეთ სამუშაოები და რამდენ ხანს გაგრძელდა პროცესი?
- ნებართვების მისაღებად დაახლოებით 10 დღე დაგვჭირდა. 4 სექტემბერს შევედით ობიექტზე და 29 სექტემბერს უკვე დავასრულეთ საველე სამუშაოები. სულ შევისწავლეთ 40-მდე სამარხი... წინასწარი მონაცემებით, ეს იყო მრავალფენიანი სამაროვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აქ სხვადასხვა ეპოქაში კრძალავდნენ. ყველაზე ღრმა და ადრეული ფენა, სავარაუდოდ, XI–XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეს იყო აკლდამები, სადაც ოჯახებს კრძალავდნენ - რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი კოლექტიური სამარხები. გარდაცვლილის ძვლებს გვერდით მიაჩოჩებდნენ და ახალ მიცვალებულს ასვენებდნენ.

ყველაზე ზედა, ბოლო ეტაპის ჩაშვებული სამარხები კი, სავარაუდოდ, XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება.
- ანუ სულ სამი სხვადასხვა ისტორიული ეტაპია გამოკვეთილი?
- დიახ, წინასწარი ვარაუდით, XI-XIII საუკუნეებიდან XVI-XVII საუკუნეების ჩათვლით. რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით სავარაუდო დათარიღებაა და ზუსტ ქრონოლოგიას სამომავლო კვლევები დაადგენს.
- რა ტიპის არტეფაქტები აღმოჩნდა სამარხებში? ქრისტიანული წესით დაკრძალვაში, როგორც ვიცით, ნივთებს ნაკლებად აყოლებდნენ.
- მართალი ბრძანდებით. ქრისტიანული ფილოსოფიითა და ტრადიციით, მიცვალებულს ნივთებს არ აყოლებენ - მხოლოდ პირად ნივთებს თუ გაატანდნენ. აღმოჩნდა რამდენიმე ბრინჯაოს სამაჯური, მეტალის სამკაული და ერთ-ერთ სამარხში ვიპოვეთ მონეტა (სავარაუდოდ, გიორგი III-ის პერიოდის). ეს ნუმიზმატიკური მასალა დათარიღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, ყველაზე დიდი და საინტერესო ინფორმაცია თავად ძვლოვან მასალაში ინახება. ქვედა ფენებში აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი ბავშვის სამარხი. ჯერჯერობით არ ვიცით, რამ გამოიწვია ბავშვთა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა ერთ კონკრეტულ პერიოდში - იყო ეს რაიმე ინფექციური დაავადება თუ სხვა მიზეზი.
- შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა დაავადებით გარდაიცვალნენ?
- დიახ, თანამედროვე ანთროპოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით შესაძლებელია დაავადებების, რაციონისა და იმის დადგენაც კი, თუ რა ჭამა ადამიანმა სიკვდილის წინ და ზოგადად, რით იკვებებოდნენ.

მთელი ძვლოვანი მასალა გადაეცა ანთროპოლოგიის ინსტიტუტს. გარდა ამისა, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ დნმ-ის კვლევების ჩატარებას 30-მდე ნიმუშზე, რათა დავადგინოთ, იყვნენ თუ არა ერთ სამარხში დაკრძალული ადამიანები ნათესაურ კავშირში.
- როგორც აღნიშნეთ, მეპატრონემ დააფინანსა უშუალოდ გათხრების პროცესი. როგორ გაგრძელდება სამომავლო კვლევების დაფინანსება?
- კერძო პირს მხოლოდ ველური არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება ევალება და მან ეს ვალი პირნათლად შეასრულა. სამეცნიერო კვლევების გაგრძელებაზე კი უკვე ჩვენ ვიზრუნებთ. ვგეგმავთ განაცხადების მომზადებას როგორც შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ასევე ევროპულ საგრანტო ფონდებში, რათა მოვიპოვოთ დაფინანსება სრული ლაბორატორიული ანალიზისთვის.

ტექნიკურ ანგარიშს ჩავაბარებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რის შემდეგაც სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზეც.
- ნაკვეთის მეპატრონეს რაც შეეხება - მას უკვე შეუძლია მშენებლობის გაგრძელება?
- დიახ, ჩვენ ტერიტორია სრულად გავათავისუფლეთ, ამოვიღეთ მთელი ძვლოვანი და არქეოლოგიური მასალა. სააგენტოს საბოლოო დასკვნის საფუძველზე, მეპატრონეს უკვე შეეძლება მშენებლობის გაგრძელება. ვეცადეთ, ნაკვეთი მაქსიმალურად გაგვეთავისუფლებინა.