1 ოქტომბერს ურტიკარიის, იგივე ჭინჭრის ციების, მსოფლიო დღე აღინიშნება. ყოველწლიური გლობალური ინიციატივის მიზანი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ურტიკარიით მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა.
2026 წლის კამპანიის მთავარი გზავნილია „დაიბრუნე კონტროლი - ქავილიდან მიზეზების ამოცნობამდე“ (Take Back Control – From Itch to Understanding). ინიციატივა ყურადღებას ამახვილებს დაავადების უკეთ გაცნობიერებაზე, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ურტიკარიის მართვაში პაციენტების აქტიურ ჩართულობაზე.
ურტიკარიას შესაძლოა თან ახლდეს ძლიერი ქავილი, კანის გამონაყარი და შეშუპება. განსაკუთრებით ხანგრძლივი ან განმეორებადი სიმპტომები გავლენას ახდენს ძილზე, ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
გოთუას სამედიცინო ცენტრი, როგორც ერთადერთი სამგზის სერტიფიცირებული GA²LEN UCARE (Urticaria Center of Reference and Excellence) ცენტრი ამიერკავკასიაში, უერთდება მსოფლიო ინიციატივას და ურტიკარიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.
„ჩვენ გვჯერა, რომ დაავადების უკეთ გაცნობიერება, დროული დიაგნოსტიკა, ეფექტური მკურნალობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მნიშვნელოვანია ურტიკარიით მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად,“ - აცხადებენ კლინიკაში.
მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება ჭინჭრის ციება. ეს კანის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც კონკრეტულ მონაკვეთზე, ისე მთელ ტანზე. გამონაყარის ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს. ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად, აუცილებელია კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობა.
R