ავტორი:

"პატრიარქს სიმბოლურად 1 მანეთის ჩარიცხვა ვთხოვე, მან 150 ათასი ჩარიცხა!" - ლეგენდარული ნოდარ ახალკაცის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ჩაიწერა

"პატრიარქს სიმბოლურად 1 მანეთის ჩარიცხვა ვთხოვე, მან 150 ათასი ჩარიცხა!" - ლეგენდარული ნოდარ ახალკაცის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ჩაიწერა

თქვენს წინაშეა ის, რასაც დრო და ჟამი ვერ ერევა. თავის დროზე, დიდი რეზონანსი მოჰყვა ნოდარ ახალკაცის ამ უნიკალურ აუდიოჩანაწერებს. ამაზე კარგად, მასზე, როგორც ლეგენდარულ პიროვნებაზე, ვერანაირი საგაზეთო წერილი თუ სატელევიზიო გადაცემა ვერ იტყვის.

ეს ინტერვიუ უნიკალური აუდიოჩანაწერის სახით ჩვენს მეგობარსა და კოლეგას აღმოაჩნდა, რომელიც თავადაც ესწრებოდა ამ საუბარს ადამიანთან, ვინც დიდი კვალი დაატყო არამარტო ქართულ ფეხბურთს, ასე განსაჯეთ ჩვენს ქვეყანასაც - სწორედ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ის აქტი, წინ რომ უძღვოდა საქართველოს გათავისუფლებას იმპერიის მარწუხებისგან...

ეს ინტერვიუ 1998 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გამგზავრების წინ არის ჩაწერილი. 24 საათის შემდეგ ახალკაცი რუსეთის დედაქალაქში გულის შეტევით გარდაიცვალა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ამ ინტერვიუს (რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა) ორიგინალური ვერსია 1998 წელს, პოპულარულ საფეხბურთო გაზეთ "11X11-ში" გამოქვეყნდა...

ინტერვიუ საკმაოდ მოცულობითია. რამდენიმე წლის წინ, Lelo.ge-მ რამდენიმე ნაწილად გამოაქვეყნა. ჩვენ მის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

  • ნოდარ ახალკაცი საუბარს იწყებს იმ დაპირისპირებით, რომელიც მაშინ ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის წარმოიშვა. მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები შეფასდა მის ჩარევად საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში, რასაც ოდითგანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ფიფა და უეფა...

...ავადმყოფი კაცის პირობაზე საოცრად მხნედ გამოიყურებოდა. მოდი ახლა და, ნუ დაიჯერებ, იმ ქვეყნად მიმავალს წინა დღით მოკეთება სჩვევიაო. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, წინა დღეს ფედერაციის მთელი შენობა შემოუვლია, ყველას გამოლაპარაკებია თუ გახუმრებია. თითქოს ტანმა უგრძნოო.

ჩვენთან მოწყობილი მრგვალი მაგიდა კი, თითქოს ანგარიშის ჩაბარება გახლდათ გულშემატკივრისთვის. მამაზეციერთან წარდგომის წინ. შეხვედრის დამთავრებიდან 24 საათის შემდეგ კი...

ნაახალწლევს ისე შეიქნა 60 წლის, ხეირიანად არც არავის მიულოცავს საიუბილეო თარიღი. ჯილდო კი არა, უბრალო სიგელი ან მილოცვა არ უღირსებიათ, თითქოს ვინმე, რიგითი სპეციალისტი ყოფილიყოს...

ნოდარ ახალკაცი:

- ვინც ეს დაპირისპირება წამოიწყო, მას ქართული ფეხბურთის კეთილდღეობა არ უნდა. ისინი რვა წლის განმავლობაში მარტო ნეგატიურს ხედავენ, პოზიტიური კი არაფერი დაუნახავთ ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, აღვირახსნილ და დაუსაბუთებელ კრიტიკას იმსახურებდა. პირველი ჩვენი ნაბიჯები მახსოვს, რომელიც გამარჯვებისთვის 3 ქულის დარიცხვას ითვალისწინებდა.

მაშინ როგორ დაგვცინოდნენ, გავიდა სამი წელი და საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებმა ყველა ქვეყანაში დააკანონეს ჩვენ მიერ დანერგილი პრაქტიკა. დღეს გაჰყვირიან, საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობები მიდისო.

თქვენ ამას დაპირისპირებას ეძახით, ეს დაპირისპირება კი არა, სახელმწიფო მანქანის მოქმედებაა პატარა ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მონურად მორჩილი არ აღმოჩნდა და არ დაუკრა თავი იმას, რასაც დიდი ზიანი შეეძლო მოეტანა ქართული ფეხბურთისთვის.

ალბათ, ვიღაცას სჭირდებოდა, რომ სოციალური პრობლემებიდან ხალხის ყურადღება ფეხბურთზე გადაეტანათ. ასეთი თამაში და ბაკქანალია ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს ტერორია! ჩვენს ქვეყანას სტაბილიზაცია, მოვლა-პატრონობა და საქმის კეთება სჭირდება.

კანონს რომ იღებ, ის ხომ უნდა მუშაობდეს, ხომ უნდა შეუწყოს ხელი ფეხბურთის განვითარებას? რად გინდა ისეთი კანონი, რომელიც ამხელა დესტაბილიზაციას იწვევს? საპარლამენტო კომისია რისთვის უნდა იყოს მოწადინებული? იმისთვის, რომ ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც დაეხმარება ფეხბურთის განვითარებას. ამის მაგივრად, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას ითხოვენ. ვინ ჰკითხავს მათ ამას?! ეს ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენი საქმეა, ყრილობას მოვიწვევთ, კონფერენციას ჩავატარებთ თუ კონგრესს. ასე სახელმწიფო შორს ვერ წავა.

დავარქვათ პირდაპირ - დღეს მოხდა ფეხბურთის ფედერაციაზე თავდასხმა. რას ჰგავს ეს!.. უკანონო ბრძანებას წერენ და ვერც ასრულებენ. ხვალ შეიძლება თავდასხმა მოხდეს სხვა ფედერაციაზე ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე, რომელთაც კონსტიტუციით უფლებები აქვთ მინიჭებული, თქვენ კი ამბობთ - ცოტა მიწყნარდაო, ცოტა მოწესრიგდაო... კიდევ ვიმეორებ - ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით!

  • აფხაზეთზე

- ჩვენ საქართველოს სრულ წარმოდგენაზე ვზრუნავთ. ისედაც რამხელა ტერიტორიაზე არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია. აფხაზეთი რას ნიშნავდა ჩვენთვის, კარგად მოგეხსენებათ, რა კადრები მოდიოდა, რა გუნდები გვყავდა, რა ბაზები... 8 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატში აფხაზეთიდან თამაშობდნენ გაგრის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის, ტყვარჩელის გუნდები - ეს მარტო საქართველოს პირველობაზე, არაფერს ვამბობ მეორე და მესამე ჯგუფებს და ბავშვთა ტურნირებს. ასევე ოსეთს ჰყავდა გუნდი. როგორ შეიძლება კიდევ შემცირებაზე ლაპარაკი? მართლა თბილისის გუბერნია ხომ არ გავხდებით?!

კი არ უნდა შევამციროთ, სადაც არის, თავი უნდა მოვიკლათ და შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რა დღეშია ბოლნისის გუნდი, მარნეულში ქართული გუნდი იყო და მოხსნეს. პოლიტიკურად რა შეფასებას მისცემთ ამას? მერე ის ბავშვები სად უნდა წავიდნენ? სად და ქუჩაში, რაღაც სიბინძურე უნდა ჩაიდინონ. აბა, რა ქნან, ვინ მისცემს მათ სამსახურს? ვინ მისცემს ოჯახის რჩენის საშუალებას?

  • "სახელმწიფოს ფუნქციაა ქვეყნის პოლიტიკური მართვა და არა ორგანიზაციების საკადრო საქმეში ჩარევა"

საქართველოში, მგონი, ყველა პროფესიის ადამიანები გაიფიცნენ ფეხბურთელების გარდა. ეს იცით, რამხელა არმიაა? ამათ ახლა გულშემატკივრები დაუმატე და წალეკავენ ყველაფერს. არ ფიქრობენ ამაზე. სახელმწიფოს ფუნქციაა ქვეყნის პოლიტიკური მართვა და არა ორგანიზაციების საკადრო საქმეში ჩარევა.

იცით, რომ ჩვენთან უკანონოდ არიან შემოსულები შესამოწმებლად? საფუძვლად კი საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება აქვთ, რომ აქ კონტროლის პალატა შემოეყვანათ! ერთ უკანონობას მოჰყვა მეორე, მეორეს - მესამე და ამგვარად მთელი რგოლია ჩამოყალიბებული. მაგრამ გავუძლებთ როგორმე, 140 კილო მე ვარ, 90 - ანდრიაძე (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - რედ), გვყვანან კიდევ მძიმეწონოსნები. ასე რომ, არც ისე იოლია ჩვენი წაქცევა...

  • "მივედი პატრიარქთან, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს..."

- საქმე რაშია იცით? ყველას კარგად მოეხსენება რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენთან ქართულ ფულს არ უტრიალია. პირველ წელს რამდენიმე ორგანიზაციამ გადმოგვირიცხა თანხები. ძირითადად, ეს მშენებლები იყვნენ და, რა თქმა უნდა, კათოლიკოსი. როცა ანგარიში გავხსენით, მივედი პატრიარქთან, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ვუთხარი - ფედერაცია დაფუძნდა, დღეს ანგარიში გავხსენით და გთხოვთ, სიმბოლურად 1 მანეთი მაინც გადმოგვირიცხოთ-მეთქი. გაეღიმა, თანამშრომელს დაუძახა და უთხრა: ქაშვეთს დაუკავშირდი და ფეხბურთის ფედერაციას 150 ათასი რუბლი ჩაურიცხეთო.

ეს იმხელა ფული იყო, შეგვეძლო სამი თვე გაგვეტანა თავი. თვე-ნახევარში ჩემპიონატიც დავიწყეთ, შემდეგ ფინანსური მდგომარეობა შედარებით გაგვიუმჯობესდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათოლიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს. ამიტომაცაა ძნელია ჩვენი წაქცევა.

დიუსელდორფში გუნდი სტადიონზე საათ-ნახევრით ადრე მივიყვანე. თამაშის დაწყებამდე გასახდელში ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღებინე კარი, ვხედავ შემოვიდა "ჰამბურგის" ყოფილი მენეჯერი, რომელთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და სიამაყით გადმოგვცა დეპეშა.

გერმანულ ენაზე გამოგზავნილი ჩვენი კათოლიკოსის დეპეშა იყო. ამან თავისი დადებითი როლი ითამაშა იმ დიდ გამარჯვებაში, ისევე როგორც უწმინდესის მიერ ჩარიცხულმა თანხამ. აგერ, უკვე 8 წელია ფედერაცია ცოცხლობს, იქიდან დაწყებული თანხით. ღმერთი გვეხმარება. მინდა, ეს თქვენი გაზეთის საშუალებით ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის...

ნელ-ნელა ცხოვრება დალაგდება, უტვინო ხალხი წავა. აბა, როგორ, ძმებო, ამხელა ამბიციებითა და ბოღმით სავსე ხალხი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდნენ სათავეში ისეთები, ვისაც მუშაობა შეუძლია და შედეგს მოიტანს მათი სამსახური. ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ მაკრიტიკა. ჩემგან სადმე გაგიგიათ, მეთქვა - ხახალეიშვილი ვერ აწონეს-თქო?! ან საერთოდ ოდესმე ვინმეზე რამე მითქვამს?! არ არის ეს ჩემი საქმე და არც მივცემ ჩემს თავს უფლებას, სხვის საქმეში შევიჭრა და შევაფასო. შე კაი კაცო, შენ რომ გევალება რაღაც და ვერ აკეთებ, მე რომ მავალია და ვაკეთებ, ამასთან ჩემი სწავლებაც გინდა... მომრავლდა საქართველოში უვიცი ხალხი. ამიტომაა, პროგრესი რომ არ არის. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, წინ წავა საქმეც და ქვეყანაც...

წაიკითხეთ სრულად