ოპრა უინფრის ცხოვრებაში წიგნებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვიდრე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი და მედიის გავლენიანი ფიგურა გახდებოდა, პატარა გოგონა იყო, რომელსაც რთული ბავშვობისგან თავის დაღწევაში კითხვა ეხმარებოდა. წიგნებში ის სხვა სამყაროს პოულობდა - სამყაროს, სადაც მეტი შესაძლებლობა არსებობდა და სადაც საკუთარ მომავალზეც შეეძლო ეფიქრა.

ოპრამ კითხვა ძალიან პატარა ასაკში, დაახლოებით სამი წლისამ ისწავლა. ეს მისი ბებიის, ჰეტი მეის დამსახურება იყო, რომელმაც ადრეული წლებიდანვე შეაყვარა წიგნები. მოგვიანებით, როდესაც მამასთან, ვერნონ უინფრისთან, გადავიდა საცხოვრებლად, წიგნი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ვერნონ უინფრი განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ქალიშვილისგანაც ბევრს მოითხოვდა. ოპრას ყოველ კვირას ბიბლიოთეკის წიგნები უნდა წაეკითხა, შემდეგ კი თემა დაეწერა.
"... მათთან ერთად ცხოვრების ყოველ კვირას ბიბლიოთეკის წიგნების კითხვა მიწევდა და ეს ჩემი წიგნის კლუბის იდეის დასაწყისი იყო. წიგნებს ვკითხულობდი და წიგნების შესახებ რეცენზიებს საკუთარ სახლში ვაკეთებდი. ახლა, 9 წლის ასაკში, არავის სურს წიგნების შესახებ რეცენზიების გაკეთება სკოლის მოთხოვნებთან ერთად. მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნა, რომ კარგად მესწავლა და მისი შეხედულება, რომ განათლება თავისუფლებისკენ მიმავალი ღია კარი იყო, მაძლევს საშუალებას, დღეს აქ ვიდგე, როგორც თავისუფალი ქალი".

ამ გამოცდილებამ მის მომავალზეც იმოქმედა. კითხვა მეტყველებას, ცნობისმოყვარეობას და ადამიანების ისტორიების მიმართ ინტერესს ავითარებდა - თვისებებს, რომლებიც წლების შემდეგ მისი კარიერის აღმასვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

კლუბის იდეა მარტივია: ოპრა თავად არჩევს წიგნს და საკუთარ აუდიტორიას მის წაკითხვას სთავაზობს. შემდეგ ნაწარმოები განხილვის საგანი ხდება - საუბრობენ პერსონაჟებზე, ავტორის სათქმელზე, წიგნში წამოჭრილ საკითხებსა და იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს კონკრეტული ისტორია. ხშირად განხილვაში თავად ავტორიც მონაწილეობს.
პირველი წიგნი, რომელიც Oprah's Book Club-ის ფარგლებში შეირჩა, ჟაკლინ მიჩარდის "The Deep End of the Ocean“ იყო. კლუბის შექმნიდან მალევე გამოჩნდა, რომ ოპრას რეკომენდაციას წიგნის გაყიდვებზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. მის მიერ შერჩეული ნაწარმოებები ხშირად ბესტსელერების სიაში ხვდებოდა, ხოლო მანამდე ნაკლებად ცნობილი ავტორები უზარმაზარ აუდიტორიას იძენდნენ.

სწორედ აქედან მოდის ტერმინი "ოპრას ეფექტი" - ამ ფრაზით აღწერენ ოპრას მიერ რეკომენდებული წიგნების გაყიდვებისა და პოპულარობის მკვეთრ ზრდას.
ერთი რამ განსაკუთრებით საინტერესოა - ოპრა ხშირად ისეთ წიგნებს ირჩევს, რომლებიც მკითხველს მარტივ პასუხებს არ სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს ოჯახზე, სიყვარულზე, დანაკარგზე, ძალადობაზე, რასობრივ უთანასწორობაზე, ქალის გამოცდილებაზე ან ადამიანის რთულ არჩევანზე დაწერილი ისტორია. სწორედ ამიტომ წიგნის განხილვა ხშირად თავად წიგნის ფარგლებს სცდება და ადამიანს საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის საშუალებას აძლევს.

მაშინ პატარა ოპრა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ თავად გახდებოდა ადამიანი, რომლის ერთი რეკომენდაციაც მილიონობით ადამიანს ახალი წიგნის წაკითხვას გადააწყვეტინებდა.