ავტორი:

ცოცხალი ჯაჭვი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად - "ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება... ადრეულად დასმული დიაგნოზი, დროული განკურნებაა"

ცოცხალი ჯაჭვი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად - "ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება... ადრეულად დასმული დიაგნოზი, დროული განკურნებაა"

1-ელ ოქტომბერს, "ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო.

პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი:

  • #ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა და უწყვეტი მკურნალობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.

ცოცხალი ჯაჭვის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონებში. გავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალი გახლდათ, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაეჭირა ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებისთვის. მასში ასევე მონაწილეობდნენ: პაციენტები, ექიმები, მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები და მედია, რომლებიც კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

"ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება, სამწუხაროდ, გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პაციენტები, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებაა მ საკითხის შესახებ, რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიაგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ,ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - ამბობს "ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.

"ვარდისფერი ოქტომბერი“ - ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმიანება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება, კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში, სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დახმარების ღონისძიებებში.

"ვარდისფერი ოქტომბერი“ - ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.

წელს, ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.