ავტორი:

სად შეიძლება მივაგნოთ უცხოპლანეტელებს მომავალ ათწლეულში?

სად შეიძლება მივაგნოთ უცხოპლანეტელებს მომავალ ათწლეულში?

მეცნიერები სხვა სამყაროებში სიცოცხლის ძიებას სრულიად რეალური, სისტემური მეთოდებით განაგრძობენ. ასტრონომებისა და პლანეტოლოგების შეფასებით, კაცობრიობა ისტორიული აღმოჩენის ზღვარზეა და შესაძლოა, უკვე მომავალ 10 წელიწადში მივიღოთ პირველი მტკიცებულებები იმისა, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ.

  • დღეისათვის მზის სისტემაში სიცოცხლის ძიების ყველაზე პოპულარული მიმართულება წითელი პლანეტაა. მეცნიერებმა იციან, რომ მილიარდობით წლის წინ მარსზე წყალი და სიცოცხლისთვის გამოსადეგი გარემო არსებობდა.

NASA-ს როვერი Perseverance-ი ამჟამად ჯეზეროს კრატერში გამშრალი ტბის ფსკერზე ქანების ნიმუშებს აგროვებს. 2025 წლის სექტემბერში NASA-მ განაცხადა, რომ როვერის მიერ შეგროვებულ შლამურ ქანებში აღმოჩენილია მინერალები - (კინის სულფიდი და რკინის ფოსფატი. დედამიწაზე ასეთი მინერალები ხშირად მიკრობული ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება, რის გამოც მეცნიერებმა ეს აღმოჩენა მარსზე წარსულში არსებული სიცოცხლის პოტენციურ “ბიოხელწერად“ შეაფასეს.

საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა, რაც 2030-იანი წლების დასაწყისში იგეგმება. მართალია, მისია ამჟამად აშშ-ის ბიუჯეტის შემცირების გამო დაფინანსების პრობლემებს აწყდება, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ქანების ლაბორატორიული კვლევა მარსზე ნამარხი მიკრობების აღმოჩენის საშუალებას მოგვცემს.

  • იუპიტერისა და სატურნის ყინულოვანი მთვარეები

თუნდაც მარსზე წარსულში არსებული სიცოცხლის კვალი დადასტურდეს, ეს მაინც ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლე სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული, რადგან ადრეულ ეტაპზე დედამიწასა და მარსს შორის ნივთიერებების მიმოცვლა ხდებოდა და შესაძლოა მათ სიცოცხლის საერთო საწყისი ჰქონოდათ.

დამოუკიდებელი წარმოშობის დასამტკიცებლად მკვლევრები მზის სისტემის ყინულოვან მთვარეებს - იუპიტერის ევროპასა და სატურნის ენცელადუსს შეისწავლიან, სადაც სქელი ყინულის საფარის ქვეშ გიგანტური ოკეანეები იმალება.

NASA-ს ხომალდი Europa Clipper 2024 წლის ოქტომბერში გაემგზავრა ევროპისკენ, ხოლო ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი Juice 2023 წლის აპრილში გაეგზავნა. 2030–2031 წლებში, დანიშნულების ადგილზე მიღწევისას, ისინი ყინულოვანი ოკეანეების მასშტაბებს შეისწავლიან და საფუძველს ჩაუყრიან მომავალ მისიებს, რომლებიც შესაძლოა ყინულის სიღრმეში შეღწევას ან ოკეანეებიდან კოსმოსში ამოსროლილი გეიზერების ჭავლში ფრენას შეეცდებიან.

  • “ჯეიმს ვები“ და TRAPPIST-1: ატმოსფეროს ძიება შორეულ სამყაროებში

თუ მზის სისტემას გასცდებით, დღეისათვის მეცნიერებისთვის ცნობილია 5 500-ზე მეტი ეგზოპლანეტა. “ჯეიმს ვების“ კოსმოსური ტელესკოპის (JWST) მეშვეობით ასტრონომები უკვე იწყებენ კლდოვანი ეგზოპლანეტების ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კვლევას.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია TRAPPIST-1-ის სისტემა, რომელიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავისა და დედამიწის ზომის 7 პლანეტისგან შედგება. მათგან სულ მცირე სამი პლანეტა “სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში“ იმყოფება, სადაც შესაძლოა თხევადი წყალი არსებობდეს.

2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სისტემის მეოთხე პლანეტაზე, TRAPPIST-1e-ზე ატმოსფეროს სუსტი ნიშნები დაფიქსირდა. საბოლოო პასუხები 2026 წელს გახდება ცნობილი. თუ ამ პლანეტებზე ატმოსფერო დადასტურდა, მეცნიერები იქ ისეთი გაზების (ნახშირორჟანგი, მეთანი, წყლის ორთქლი) არაბუნებრივი თანაფარდობის პოვნას შეეცდებიან, რაც ბიოლოგიური პროცესების (სიცოცხლის) არსებობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება გონიერი უცხოპლანეტელების ძიებას, პროექტი Breakthrough Listen და სხვა პროგრამები რადიოსიგნალების დაჭერას უკვე უფრო შორეულ პლანეტებზე ცდილობენ. 2028 წლიდან ექსპლუატაციაში შევა გიგანტური რადიოტელესკოპი Square Kilometer Array (SKA), რომელიც მკვეთრად გააფართოებს ძიების არეალს.

წყარო

იხილეთ ასევე: