ავტორი:

იაპონია ბინადრობის უფლების მიღების საფასურს 20-ჯერ ზრდის

იაპონია  ბინადრობის უფლების მიღების საფასურს 20-ჯერ ზრდის

იაპონიამ უცხოელებისთვის მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებად დაწესებული მოსაკრებელი 20-ჯერ გაზარდა და მან 200,000 იენი ($1,270) შეადგინა. ამასთან, აპლიკანტებს ახლა უკვე შემოსავლის, საპენსიო შენატანებისა და იაპონური ენის ცოდნის ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ.

მოსაკრებლის გაზრდა პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანსაც უცხოელი მოსახლეობის სწრაფი ზრდის მართვა წარმოადგენს.

  • ივლისში იაპონიამ ყველა უცხოელისთვის ვიზის მოსაკრებელი 5-ჯერ გაზარდა, ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ვიზის საფასურის პირველი მატება იყო. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ცვლილება ინფლაციასა და ვალუტის კურსის მერყეობას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ იმიგრაციის თემა იაპონიაში პოლიტიკურად კვლავ სენსიტიურ საკითხად რჩება, ქვეყნის მოსახლეობაში ასაკოვანი ადამიანების მნიშვნელოვანი წილისა და სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, ქვეყანა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული უცხოელ მუშახელზე.

2025 წლის ბოლოსთვის იაპონიაში მცხოვრები უცხოელების რაოდენობამ 4.12 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით რეკორდულ 9.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ამან, თავის მხრივ, საზოგადოებაში იმიგრაციასა და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული შეშფოთება გაზარდა.

ფასების გაზრდამდე, დროებითი ბინადრობის მქონე პირებისთვის სტატუსის შეცვლის ან ყოფნის ვადის გაგრძელების თითოეული განაცხადი 6,000 იენი ჯდებოდა.

1 ოქტომბრიდან ბინადრობის უფლების მისაღებად დაწესებული მოსაკრებელი ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება, იაპონიაში სამ თვემდე ვადით ყოფნის საფასური 10,000 იენს შეადგენს და ხოლო ხუთი წლის ან მეტი ვადით ყოფნის მოსაკრებელი უკვე 75,000 იენამდე აღწევს. ის აპლიკანტები, რომლებიც ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან ან ლტოლვილის სტატუსი აქვთ, შეღავათებით ისარგებლებენ.

წყარო