საფრანგეთში საპროტესტო აქციების მძაფრი ტალღები აგორდა, ქუჩებში გამოსულმა მოსწავლეებმა სკოლებს ცეცხლი წაუკიდეს და გავრცელებული ინფორმაციით თავს დაესხნენ მასწავლებლებსაც.


აღშფოთებულმა მოზარდებმა ბარიკადები აღმართეს და შენობები დარბიეს. პროტესტის დაწყების მიზეზი საკლასო ოთახებში ვირთხებისა და ტარაკნების შემოსევა გახდა. ხელისუფლება არეულობის გაღვივებაში მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს ადანაშაულებს.
მძლავრი დემონსტრაციები 21 სექტემბერს, სასწავლო წლის დასაწყისში, პარიზის გარეუბან კრეტეის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო. არეულობის დროს თავს დაესხნენ პოლიციასაც, გავრცელებული ცნობებით, მოსწავლეები სამართალდამცველებს ფეიერვერკებს ესროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.

მარსელში, ვიქტორ ჰუგოს სახელობის სკოლაში, მოსწავლეებმა პერსონალს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, ბენზინი გადაასხეს.
შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს მეხანძრეც, რომელსაც ბორდოს სკოლის მიმდებარედ აეროზოლის ბალონის აფეთქების შემდეგ ცეცხლი მოეკიდა.

სხვა ვიდეოში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ნანტში მდებარე ნელსონ მანდელას სახელობის სკოლას.
ქვეყანაში იზრდება შიში, რომ საპროტესტო აქციების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. ოთხშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, საზოგადოება “ძალადობის მკვეთრი მატების“ შესახებ გააფრთხილა.
ხელისუფლების ცნობით, შეფერხდა სულ მცირე 360 სკოლის მუშაობა, დაკავებულია 625 ადამიანი (უმეტესად 15-დან 18 წლამდე მოსწავლეები), დაშავდა 85 პოლიციელი. არეულობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 119 მოსწავლე და სტუდენტმა
ამ დროისთვის პროტესტი პარიზს გასცდა და საფრანგეთის სხვა ქალაქებს, მათ შორის: ლილს, ბორდოსა და ლიონს მოედო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საზოგადოებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა “მესმის ის შიში და რისხვა, რასაც ჩვენი ახალგაზრდობა განიცდის. თუმცა, არცერთი შიში არ ამართლებს ძალადობას“, - განაცხად მან გასულ ოთხშაბათს საჯარო გამოსვლისას.
აღნიშნული განცხადებები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომელთა თანახმადაც სპეცსამსახურებმა ხელისუფლება მოვლენებამდე ადრე უკვე გააფრთხილეს მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების მიერ დემონსტრაციების წახალისების შესახებ.
ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ის მიერ მოპოვებულ გაჟონილ დოკუმენტების მიხედვით, პროტესტის სათავეში სტუდენტური პროფკავშირები და უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური ძალები დგანან.
თავის მხრივ მოსწავლეები და პროფკავშირები ამტკიცებენ, რომ მათ აღშფოთებას საფრანგეთის განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობა იწვევს.
სასწავლო წლის დასაწყისში საპროტესტო აქციები საფრანგეთში თითქმის ყოველწლიურად იმართება. პოლიციასთან შეტაკებები და ბარიკადები კი ჩვეულ მოვლენად იქცა, თუმცა ამჯერად ძალადობამ სულ სხვა მასშტაბს მიაღწია.


არეულობის ესკალაციას ხელი გარეშე ნიღბიანმა პირებმა, პიროტექნიკამ და სოციალურმა ქსელებმა შეუწყო. ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილები პიროტექნიკის გადასაზიდად და შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიმალვისთვის ელექტროსკუტერებს იყენებენ.

მოსწავლეები სკოლის მთელ რიგ წესებს აპროტესტებენ, მათ შორის ტელეფონების მკაცრ რეგულაციასა და საშინაო დავალებების გადამეტებულ რაოდენობას. თუმცა ზოგიერთი მათგანი უმნიშვნელო პრობლემებზეც მიუთითებს მაგალითად, რომ ერთ სკოლაში მეტისმეტად ბევრი კიბეა, მეორეში კი რომ, სასადილოში გრძელი რიგები დგას.