ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) სტუდენტურ საძმოში სავარაუდო ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება განაახლა. 20 წლის ყოფილმა სტუდენტმა გოგონამ უნივერსიტეტისა და 7 მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც აცხადებს, რომ იგი დაათვრეს, ნარკოტიკული საშუალებით გააბრუეს და საათების განმავლობაში მასზე სექსუალურად იძალადეს.
101-გვერდიანი სამოქალაქო სარჩელის თანახმად, ინციდენტი 2024 წლის 19 ოქტომბრის ღამეს, კორნელის უნივერსიტეტის Chi Phi-ის საძმოს სახლში მოხდა. იმ დროისთვის 20 წლის სტუდენტმა გოგონამ (სასამართლო დოკუმენტებში მოხსენიებული როგორც “ჯეინ დოუ“) განაცხადა, რომ იგი ძლიერ ალკოჰოლურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანხმობის გაცხადება არ შეეძლო.
მისი თქმით, იგი დაქალებს გამოეყო და ქალაქ ითაკაში მდებარე საძმოს სახლში მამაკაცი მეგობრის სანახავად მარტო მივიდა. სარჩელში, რომელიც 16 სექტემბერს შევიდა, გოგონა აცხადებს, რომ საძმოს 7 წევრი (“კორნელის შვიდეულად“ წოდებულნი) მასზე ალკოჰოლისა და კეტამინის გამოყენებით საათების განმავლობაში ძალადობდა.
სარჩელში ბრალდებები ეხება სექსუალურ ძალადობას, გულგრილობას, ხელშეკრულების დარღვევასა და ნიუ-იორკის ადამიანის უფლებათა კანონის დარღვევას. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია საძმოს Snapchat-ჯგუფის მიმოწერა, სადაც წევრები უხეში ფორმით მსჯელობდნენ გოგონასთან სექსუალურ კონტაქტზე.
დაზარალებულის ადვოკატის თქმით, გოგონა მომხდარის გამო უმძიმეს სტრესში იმყოფებოდა, პოლიციას ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ, 2024 წლის 8 ნოემბერს მიმართა და მოგვიანებით უნივერსიტეტში სწავლაც მიატოვა.

საზოგადოებრივი აღშფოთება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს სასჯელის შემსუბუქების მიზნით ესეების დაწერა დაევალათ. უნივერსიტეტის სტუდენტურმა გაზეთმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრალდებულთა სახელები სტატიით - “კორნელი არ იზამს, ჩვენ ვიზამთ“, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი პროტესტი მოჰყვა.
კორნელის უნივერსიტეტმა უარყო ბრალდება, თითქოს მან ჯეროვნად არ დასაჯა დამნაშავეები და განაცხადა, რომ სპეციალურმა კომისიამ გამოძიების შედეგად სხვადასხვა სანქცია დააწესა, მათ შორის გარიცხა 2 სტუდენტი და დანარჩენს სწავლა დროებით შეუჩერა. უნივერსიტეტში განმარტეს, რომ ესეების დაწერა არ ყოფილა ერთადერთი სასჯელი ბრალდებულებისთვის.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ქეთი ჰოქულის ჩართულობით, უნივერსიტეტი დასთანხმდა საქმის დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ შესწავლას. თავის მხრივ, Chi Phi-ის საძმოს დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრეი რობმა განაცხადა, რომ პოლიციაში განცხადების შეტანიდან სამ დღეში საძმომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ბრალდებული წევრების გარიცხვას, რაც მოგვიანებით ეროვნულმა საბჭომაც დაადასტურა.

ტომპკინსის ოლქის პროკურორმა მეთიუ ვან ჰაუტენმა განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება განახლდა და საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცემა. პროკურორის განმარტებით, ორი წლის წინ, გოგონას პირველადი ჩვენების საფუძველზე, ბრალის წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, რადგან 2024 წლის ნოემბერში მოცემულ ფიცის ქვეშ ჩვენებაში მას არ აღუნიშნავს, რომ მასზე იძულებით იძალადეს ან გააბრუეს.
თუმცა, პოლიციის ოქმებისა და ინტერვიუების მიხედვით, რომლებიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავდაპირველად გოგონამ განაცხადა, რომ სექსუალური კონტაქტი ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ შემდგომ ეპიზოდებზე აღნიშნა: “100%-იანი დარწმუნებით ვიტყვი, რომ გამაუპატიურეს“. მან ასევე დასძინა, რომ ძლიერი სიმთვრალის გამო გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
პროკურორმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს დაზარალებულთან პირადად შეხვედრას ახალი მტკიცებულებების განხილვის მიზნით, რათა საქმეს სრული ნათელი მოეფინოს.