სტრესი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. განუწყვეტლივ სტრესში ყოფნა კი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, უკარგავს სიმშვიდეს, კონცენტრაციის უნარს. გამუდმებით სტრესში მყოფი ადამიანი ისე ხდება, რომ გაურბის სოციალურ კონტაქტებს, საკუთარ თავში იკეტება, ხდება კონფლიქტურიც.
სტრესი აქვეითებს შრომისუნარიანობას და შემოქმედებით უნარებს. იზრდება შეცდომების დაშვების რისკები.
ადამიანის ქცევა ზოგჯერ რადიკალურად იცვლება. სტრესის ფონზე ხშირდება ალკოჰოლის, თამბაქოს, მედიკამენტების ან არაჯანსაღი საკვების ჭარბი მოხმარება როგორც "დამამშვიდებელი“ მექანიზმი. გადაჭარბებული კვების გამო კვებითი ქცევა ირღვევა ან პირუკუც ხდება, მადა სრულად იკარგება.
- რატომ დაგროვდა ამდენი სტრესი ჩვენს გარშემო?
- ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, ნებისმიერი ცვლილება კი ჩვენი ტვინისთვის არის სტრესი. დღეს ჩვენი ნერვული სისტემა მუდმივად იღებს ინფორმაციას, რომელიც საფრთხის, გაურკვევლობის ან დაძაბულობის განცდას იწვევს. ოჯახი, სამსახური, ფინანსები, ურთიერთობები, სოციალური ქსელები, ახალი ამბები - თითქოს დასვენების ღილაკი აღარ არსებობს... პრობლემა მხოლოდ სტრესის რაოდენობა კი არაა. პრობლემაა ისიც, რომ სტრესის შემდეგ აღდგენის დრო აღარ გვრჩება.
- როგორ გავიგოთ, სტრესს ვუმკლავდებით თუ უკვე გამოფიტვის ეტაპზე ვართ?
- თუ რთული პერიოდი გაქვს, მაგრამ შეგიძლია დაისვენო, აღიდგინო ენერგია და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე - ეს ერთი რამაა.
თუ მუდმივად დაღლილი ხარ, გაღიზიანებული, შფოთავ, ცუდად გძინავს, კონცენტრაცია გიჭირს და დასვენების შემდეგაც ვერ აღდგები - ეს უკვე სიგნალია, რომ ორგანიზმი დახმარებას ითხოვს.
- რა ფიზიკურ და ემოციურ სიგნალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- სხეული ხშირად ჩვენზე ადრე ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ძილის დარღვევა, გულის აჩქარება, კუნთების დაძაბულობა, თავის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მუდმივი დაღლილობა, გაღიზიანება, შფოთვა, ემოციური სიცარიელე და ინტერესის დაკარგვა - ეს ყველაფერი ყურადღებას იმსახურებს.
- როგორ განვასხვაოთ ყოველდღიური სტრესი ქრონიკული სტრესისგან?
- ყოველდღიური სტრესი მოდის და მიდის. ქრონიკული სტრესი კი თითქოს ფონად რჩება - კვირებისა და თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ის უკვე ხელს გვიშლის ძილში, მუშაობაში, ურთიერთობებში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასეთ დროს "უბრალოდ დამშვიდდი“ საკმარისი აღარ არის და პროფესიონალის დახმარება შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს.
- რა გავაკეთოთ მწვავე სტრესის ან პანიკური შეტევის დროს?
- პირველი, არ შეებრძოლო შეგრძნებას. შეანელე სუნთქვა, განსაკუთრებით გაახანგრძლივე ამოსუნთქვა, იგრძენი ფეხები იატაკზე, დააკვირდი გარემოს, დალიე წყალი. აღიარე რომ "ეს არის ძლიერი შფოთვის შეგრძნება. ის უსიამოვნოა, მაგრამ გაივლის“.
თუ მსგავსი ეპიზოდები მეორდება, მნიშვნელოვანია პროფესიონალთან კონსულტაცია და არა მხოლოდ თვითდახმარების ტექნიკებზე დაყრდნობა.
- როგორ შევცვალოთ აზროვნების სტილი?
- ყველა მოვლენაზე ჩვენი რეაქცია თავად მოვლენით არ განისაზღვრება. ხშირად გვტანჯავს არა მხოლოდ ის, რაც მოხდა, არამედ ის, რას ვეუბნებით საკუთარ თავს ამაზე. იმის ნაცვლად, რომ გავიჭედოთ კითხვაში: "რატომ ხდება ეს ყოველთვის ჩემთან?“ უმჯობესია ვიკითხოთ: "რა შემიძლია გავაკეთო ახლა?“ ეს პატარა ცვლილებაა, მაგრამ გვაბრუნებს უმწეობიდან მოქმედებაში.
- რა ფიზიკური აქტივობა გვეხმარება?
- უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მაგრამ რეგულარული მოძრაობა, სიარული, მსუბუქი აერობული ვარჯიში და სხეულის დაძაბულობის შემცირება ნერვულ სისტემას ეხმარება. მწვავე დაძაბულობის დროს შეიძლება ნელი სუნთქვა, მშვიდი რიტმით, ამოსუნთქვის ოდნავ გახანგრძლივებით.
მთავარია, ვარჯიში კიდევ ერთ ვალდებულებად არ ვაქციოთ.
- როგორ ვისწავლოთ "არა“-ს თქმა დანაშაულის გრძნობის გარეშე?
- უნდა გავიგოთ, რომ "არა“ სხვის უარყოფას არ ნიშნავს, "არა“ ნიშნავს, რომ "ჩემი რესურსი შეზღუდულია,“
"ამას ახლა ვერ შევძლებ,“ "ეს ჩემთვის არ არის მისაღები“... ყველას ვერ დავეხმარებით და ყველას ვერ ვასიამოვნებთ. საკუთარი საზღვრების დაცვა სტრესის შემცირების ერთ-ერთი ფორმაა.
- როგორ გავანაწილოთ ენერგია სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის?
- დროის მართვაზე უფრო მნიშვნელოვანი ხშირად ენერგიის მართვაა. ყველაფერს ერთდროულად ვერ გავაკეთებთ. უნდა ვიცოდეთ, რა არის დღეს მნიშვნელოვანი და რისი გადადება, დელეგირება ან საერთოდ გაუქმება შეგვიძლია.
სამუშაოს დასრულება ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება არ უნდა გაგრძელდეს სამუშაო რეჟიმში. დასვენება პროდუქტიულობის მტერი კი არა, მისი წინაპირობაა.
- რა გავლენას ახდენს ძილი და კვება სტრესზე?
- ძილის დეფიციტი და არარეგულარული კვება ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა და სტრესთან გამკლავებას ართულებს. ამიტომ სტრესის მართვა მხოლოდ გონებაში არ ხდება. სხეულსაც სჭირდება ძილი, რეგულარული კვება, მოძრაობა, დღის სინათლე და აღდგენის დრო.
- დაბოლოს, როგორ გადავრჩეთ?
- ალბათ მთავარი ისაა, რომ სტრესისგან სრულიად თავისუფალ ცხოვრებას ნუ დაველოდებით. სამყარო ყოველთვის ხმაურიანი იქნება. რაღაცები ჩვენს კონტროლს მიღმა ყოველთვის მოხდება, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ: რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და რა - არა? სად უნდა ვიმოქმედო და სად - გავჩერდე,
როდის უნდა გავუძლო და როდის უნდა ვითხოვო დახმარება...
ყველა ამბავი არ არის ჩვენი ამბავი, ყველა პრობლემა არ არის ჩვენი პრობლემა, ყველა ბრძოლაში მონაწილეობა არ არის აუცილებელი... და ზოგჯერ საკუთარი თავის გადარჩენა უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, დავრჩეთ მასთან, ანუ ავირჩიოთ თვითზრუნვა და თვითსიყვარული და ეს მარტივი ყოველდღიური ქმედებებით გამოვხატოთ.