რუსი ოპოზიციონერი და ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ლიტვის უსაფრთხოების სამსახურებმა მისი სიცოცხლის შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.
კასპაროვმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენა. ამერიკელი პროკურორების ინფორმაციით, ისინი რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ ქსელში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რუსი დისიდენტებისა და სხვა პირების წინააღმდეგ თავდასხმებსა და მკვლელობებს გეგმავდნენ.

სავარაუდო სამიზნეებს შორის ილია პონომარევიც სახელდება. ის რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია და 2014 წელს ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ ხმის მიცემის ერთადერთი რუსი პარლამენტარი იყო. მოგვიანებით პონომარევი უკრაინაში გადავიდა.
კასპაროვმა განაცხადა, რომ მუქარის მიუხედავად საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს.
"მე არ გავჩერდები და არ დავიმალები“, - წერს ის.
მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი სრულად უსაფრთხოდ ვერ იქნებიან მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია. ოპოზიციონერი წლებია პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს. 2013 წელს კი რუსეთი დატოვა.