საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამართლებრივად გამართლებულს უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
"გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართლებული იყო“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
კითხვაზე, დაადო თუ არა ახობაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხელი, გვარაკიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
"არა, საიდან მოიტანეთ?“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდებულ ახობაძესა და ბრალდების მხარეს შორის არავითარი გარიგება არ მომხდარა.
"არავითარი გარიგება არ შემდგარა. სამართლებრივი საკითხია“, - განაცხადა გვარაკიძემ.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.