ავტორი:

არეულობა, ხანძრები, დახურული სკოლები და 3000-მდე დაკავებული მოსწავლე - საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების აქციები გრძელდება: რას ითხოვენ პროტესტანტები?

არეულობა, ხანძრები, დახურული სკოლები და 3000-მდე დაკავებული მოსწავლე - საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების აქციები გრძელდება: რას ითხოვენ  პროტესტანტები?

საფრანგეთში უკვე კვირაზე მეტია, რაც სასწავლო პროცესი პარალიზებულია. მოსწავლეთა მასშტაბური საპროტესტო ტალღა, რომელიც სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების მწვავე დეფიციტსა და გაუარესებულ სასწავლო პირობებს უკავშირდება, ყოველდღიურად უფრო მწვავე ფორმებს იღებს. დასავლური მედიის ცნობით, ვითარების განმუხტვის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 სკოლა კვლავ დახურული რჩება.

  • გეოგრაფია და პირველი ინციდენტები

საპროტესტო აქციებმა მოიცვა როგორც დედაქალაქი, ისე საფრანგეთის მსხვილი რეგიონული ცენტრები. დაძაბულობის პირველი სერიოზული კერები დაფიქსირდა სტრასბურგში, ჟან როსტანის სახელობის საშუალო სკოლასთან, და მარსელში, სიმონ ვეილის სახელობის საშუალო სკოლასთან. მოსწავლეები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და კადრების ნაკლებობის გამო სასწავლო პროცესი ნორმალურად ვერ მიმდინარეობს.

  • დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ხანძრის შემთხვევები

საფრანგეთის განათლების სამინისტროს უახლესი მონაცემები საგანგაშო სტატისტიკაზე მიუთითებს: 100-მდე სკოლა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო 40 სკოლის დირექტორმა სხვადასხვა ხარისხის დაშავება მიიღო.

დემონსტრაციების მიმდინარეობისას რამდენიმე ქალაქში ვითარება განსაკუთრებით დაძაბულ ფაზაში გადავიდა და დაფიქსირდა ცეცხლის წაკიდების სერიოზული ინციდენტებიც:

ნანტში: ცეცხლი წაუკიდეს ნელსონ მანდელას სახელობის ლიცეუმის ჰოლს, საიდანაც ხანძარი შენობის ფასადზეც გავრცელდა.

ლიონში: აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ლუმიერების სახელობის ლიცეუმის ფასადის ნაწილს.

მარსელში: პროტესტის მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლი წაუკიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამაშველო სამსახურის ავტომობილს.

პარიზის გარეუბნებში: მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელების ბლოკირების მიზნით ბარიკადები აღმართეს და ნაგვის ურნებსა თუ იმპროვიზებულ კონსტრუქციებს ცეცხლი წაუკიდეს.

  • ათასობით დაკავებული და სამართალდამცავთა რეაგირება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულია 15-დან 18 წლამდე ასაკის თითქმის 3 000 მოსწავლე. სამართალდამცავთა ქმედებები განსაკუთრებით გამკაცრდა კვირის ბოლოს - მხოლოდ ხუთშაბათს პოლიციამ 1 949 მოზარდი დააკავა.

  • მთავრობის პოზიცია: ფინანსური პასუხისმგებლობა მშობლებს

შექმნილ კრიზისულ სიტუაციას საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ:

იუსტიციის მინისტრმა ჟერალ დარმანინმა ადგილობრივ პროკურორებს მოუწოდა, აქტიურად აღძრან სამოქალაქო სამართლებრივი სარჩელები. მისი ინიციატივით, შვილების მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის გამო სრული ფინანსური პასუხისმგებლობა მშობლებს უნდა დაეკისროთ.

განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრეიმ მშობლებს მხარდაჭერისა და დახმარებისკენ მოუწოდა. მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ "ბავშვებს ქუჩაში რეალური საფრთხე ემუქრებათ“ და მოუწოდა ოჯახებს, ხელი შეუწყონ მოზარდების სკოლებსა და სახლებში დაბრუნებას.

მიუხედავად ხელისუფლების გაფრთხილებებისა, მოსწავლეთა გაერთიანებები აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ, სანამ განათლების სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს სკოლების დაფინანსებისა და პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.