ავტორი:

“სუპერძაღლის“ შექმნის ჩაშლილი მცდელობა“ - 1940-იანი წლების გრანდიოზული ექსპერიმენტი აშშ-ში, რომლის დეტალები წლების შემდეგ გახდა ცნობილი

“სუპერძაღლის“ შექმნის ჩაშლილი მცდელობა“ - 1940-იანი წლების გრანდიოზული ექსპერიმენტი აშშ-ში, რომლის დეტალები წლების შემდეგ გახდა ცნობილი

1940-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა მეინის შტატში მასშტაბური “ძაღლების სკოლა“ დააარსეს, რომლის მიზანიც ჰიპერინტელექტუალური “სუპერძაღლის“ გამოყვანა იყო. 13-წლიანმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 500-ზე მეტი ლეკვი მონაწილეობდა, ევგენიკის თეორიას დარტყმა მიაყენა და ძაღლების ქცევისა და გენეტიკის შესახებ კაცობრიობის წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა.

  • მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ში მეცნიერების “ოქროს ხანა“ დაიწყო, სადაც კვლევებისთვის კოლოსალური თანხები გამოყოფილიყო. ამ პროექტმა, რომელიც “ძაღლების სკოლის“ სახელით გახდა ცნობილი, იმ პერიოდისთვის ასტრონომიული დაფინანსება - 632 000 დოლარი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 9 მილიონი დოლარი) მიიღო.

იმ პერიოდში ევგენიკა - იდეა იმის შესახებ, რომ სელექციური გამრავლებით შესაძლებელი იყო გენეტიკური უპირატესობის მიღწევა, ნაცისტური ჰოლოკოსტის გამო დისკრედიტირებული და არათანამედროვე მიმართულებად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გავლენიანი აკადემიკოსი მაინც რჩებოდა ამ იდეის გავლენის ქვეშ. მათ შორის იყო როკფელერის ფონდის სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილების დირექტორი ალან გრეგი, რომელსაც სჯეროდა, რომ დელინქვენტობა, ფსიქიკური აშლილობები და კრიმინალური მიდრეკილებები ცუდი გენებით აიხსნებოდა.

გრეგი მიიჩნევდა, რომ განათლებაზე დახარჯული თანხების დიდი ნაწილი უშედეგო იყო და რომ “გონივრული გამრავლებით“ უფრო მეტი მიიღწეოდა, ვიდრე ძვირადღირებული სკოლების მშენებლობით. იმის დასამტკიცებლად, რომ ინტელექტი უმთავრესად მემკვიდრეობითი იყო, მან დააფინანსა ექსპერიმენტი განსაკუთრებით ჭკვიანი “სუპერძაღლის“ შესაქმნელად.

  • 13-წლიანი დაკვირვება 500-ზე მეტ ლეკვზე

ექსპერიმენტი მეინის შტატში მდებარე გიგანტურ ფერმაში მიმდინარეობდა და მასში 13 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ლეკვი მონაწილეობდა. მკვლევრები ხუთ ჯიშს შეისწავლიდნენ: კოკერ-სპანიელს, ბიგლს, შელტის (შეტლანდიურ ნაგაზს), ბასენჯის და უაირჰაირედ ფოქსტერიერს.

დაბადების მომენტიდანვე აღირიცხებოდა ლეკვის განვითარების თითოეული დეტალი: პირველი შეშინების რეაქცია, მყარი საკვების პირველი მიღება, და-ძმასთან პირველი თამაში და კუდის პირველი ქნევა. ხუთი კვირის ასაკიდან კი იწყებოდა ტესტების სერია, სადაც მოწმდებოდა ყველაფერი: ინტელექტი, დომინანტურობა, ემოციური რეაქტიულობა და წვრთნისადმი უნარი.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ფიზიოლოგი ჯონ ფულერი და ცხოველთა ქცევის გენეტიკოსი ჯონ პოლ სკოტი. მეცნიერებს აინტერესებდათ: იყვნენ თუ არა გარკვეული ჯიშები უფრო ჭკვიანები, ჰქონდათ თუ არა განსხვავებული ხასიათი და შესაძლებელი იყო თუ არა ჰიპერინტელექტუალური ძაღლის გამოყვანა.

  • ევგენიკის მითის მსხვრევა და “სუპერ-ადამიანის“ ილუზია

ექსპერიმენტმა როკფელერის ფონდის მოლოდინები არ გაამართლა. ლაბირინთებისა და სწავლის უნარის მრავალრიცხოვანმა ტესტებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ჯიშები უკეთესად ასრულებდნენ კონკრეტულ დავალებებს, არცერთ ჯიშს არ გამოუვლენია უპირატესობა ყველა ტესტში. საბოლოოდ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არცერთი ჯიში არ შეიძლება ჩაითვალოს მეორესთან შედარებით “უფრო ჭკვიანად“.

ხასიათის მხრივაც, განსხვავებები კონტექსტზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, ფოქსტერიერები აგრესიისკენ მეტ მიდრეკილებას იჩენდნენ, თუმცა იგივე ჯიში შესაძლოა ერთ სიტუაციაში შეშინებული ყოფილიყო, ხოლო მეორეში - თავდაჯერებული.

სკოტმა და ფულერმა განაცხადეს, რომ მათი კვლევის შედეგებმა უარყო ევგენიკოსების იდეები “სუპერძაღლებისა“ თუ “სუპერ-ადამიანების“ შექმნის შესახებ.

“სუპერ-ადამიანი უნდა ვეძებოთ არა ცალკეულ ინდივიდში, არამედ კარგად განვითარებულ ადამიანურ საზოგადოებაში“, - დაასკვნეს სკოტმა და ფულერმა.

  • მოგვიანებით მკვლევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ მოქმედებდა ლეკვის ადრეული გამოცდილება ზრდასრული ძაღლის ჩამოყალიბებაზე. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც დღეს მკაცრად აკრძალული იქნებოდა: ლეკვებს სრულ იზოლაციაში, მაღალი ღობეებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ზრდიდნენ, სადაც საკვები და წყალი ისე მიეწოდებოდათ, რომ ადამიანები ან სხვა ძაღლები საერთოდ არ ენახათ.

ამ ექსპერიმენტით მეცნიერებმა აღმოაჩინეს “კრიტიკული პერიოდი“ 4-იდან 12 კვირამდე ასაკში. თუ ამ პერიოდში ლეკვს ურთიერთობა ექნებოდა ადამიანთან ან სხვა ძაღლთან, იგი ჩვეულებრივად სოციალიზდებოდა. თუმცა, თუ იზოლაცია 14–15 კვირამდე გრძელდებოდა, ლეკვი პრაქტიკულად “პატარა ველურ ცხოველად“ რჩებოდა და მისი სოციალიზაცია უკვე შეუძლებელი ხდებოდა.

1958 წლისთვის პროექტი დაიხურა, რადგან როკფელერის ფონდმა დაფინანსება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ “სუპერძაღლი“ ვერ შეიქმნებოდა.

წყარო