ავტორი:

კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები და ქარიშხლები: სტიქია ესპანეთში - ქვეყნის ნაწილში განგაშია გამოცხადებული

კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები და ქარიშხლები: სტიქია ესპანეთში - ქვეყნის ნაწილში განგაშია გამოცხადებული

ესპანეთში ამინდით გამოწვეული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარულ ტურისტულ ზონებში მოსალოდნელი კოკისპირული წვიმებისა და შტორმის გამო, მოსახლეობას შენობებში დარჩენის რეკომენდაცია მიეცა, ათეულობით მუნიციპალიტეტში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა.

სინოპტიკოსებმა ვალენსიის, კასტელიონისა და ტარაგონას პროვინციებში წითელი განგაშის დონე გამოაცხადეს და საზოგადოება უხვი ნალექის, უეცარი წყალდიდობების, სეტყვისა და ძლიერი ქარისგან მოსალოდნელი “განსაკუთრებული საფრთხის“ შესახებ გააფრთხილეს.

კატალონიის ტარაგონას პროვინციაში, სანტა-ბარბარაში კოკისპირული წვიმის შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიედინება ტალახიანი წყლის ნაკადი ქუჩებში. სტიქიამ გზები დიდ მდინარეებად აქცია, ამავდროულად მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სტიქიის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

ბაიშ-ებრესა და მონსიას რაიონებიდან მიღებული კადრები კი მოწმობს, რომ სტიქიური მოვლენები უკვე სამხრეთ ტარაგონას მასშტაბითაც მძვინვარებს.

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს განაცხადებით, ნალექის რაოდენობამ შესაძლოა ერთ საათში კვადრატულ მეტრზე 90 ლიტრს გადააჭარბოს, ზოგიერთ რაიონში კი 12 საათის განმავლობაში 300 ლიტრამდე ნალექია მოსალოდნელი. ნარინჯისფერი განგაშია გამოცხადებული კატალონიის, არაგონის, კასტილია-ლა-მანჩასა და მალიორკის ნაწილშიც.

სინოპტიკოსების ვარაუდით, არასტაბილური ამინდი მომავალ კვირამდე შენარჩუნდება. ყველაზე მეტად ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილი და ბალეარის კუნძულები დაზარალდებიან.

ოფიციალური პირების განმარტებით, წითელი დონის სტატუსი ვითარებას მხოლოდ მაშინ ენიჭება, როდესაც საფრთხე ადამიანთა სიცოცხლესა და ქონებას ექმნება. ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, დარჩნენ სახლებში, მოერიდონ გადაადგილებას, წყალდიდობისკენ მიდრეკილ ადგილებს, ქვეითთა გადასასვლელებსა და მშრალ კალაპოტებს, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს წამებში ივსება წყლით.

წყარო