ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ დაწერილი საიდუმლო შიფრით შედგენილი წერილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით გაიშიფრა.
წერილი 1809 წლის მარტში, ავსტრიასთან ომის დროს, ნაპოლეონის გერის, იტალიის ვიცე-მეფე ეუგენის (ეჟენის) მიერ გაიგზავნა ფრანგ გენერალ ოგიუსტ დე მარმონთან. იმ პერიოდში მარმონი თავისი ჯარებით ადრიატიკის ზღვის გაღმა, დალმაციაში იმყოფებოდა და ფრანგული ძალებისგან სრულ იზოლაციაში იყო.

წერილის პირველი სტრიქონი ნაპოლეონის მშობლიურ ფრანგულ ენაზეა დაწერილი, თუმცა მომდევნო 24 სტრიქონი სიმბოლოების, ასოებისა და ციფრების გაუგებარ ნაზავს წარმოადგენს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წერილს თან ახლდა შიფრის გასაღები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
კომპანია SentinelOne-ის კიბერუსაფრთხოების ინჟინერმა კარტერ ჩერჩმა საუკუნოვან კოდს ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ GPT-6 Astra-ს მეშვეობით მიაგნო. მან სოციალურ ქსელ X-ში განმარტა, რომ AI-მ მთელი მრავალმოდალური სამუშაო პროცესი სულ რაღაც ექვს საათში, მხოლოდ ერთი გამოსახულებითა და დასახული მიზნით შეასრულა.

წერილის პირველი ფრანგული სტრიქონი ასე ითარგმნება: “გენერალო მარმონ, თქვენ ალბათ მიიღეთ ჩემი წერილები ამ თვის 8, 14 და 20 რიცხვიდან“.
AI-მ 1 202 x 1 836 ზომის ფირფიტა სტრიქონებად დაყო, წაიკითხა ნიშნები, დაადგინა 175 ხელით დახატული სიმბოლოდან რომელი იყო ერთი და იგივე ნიშანი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შიფრის გატეხვა.

გაშიფრული ტექსტიდან ირკვევა, რომ ნაპოლეონი გენერალს ფრანგული და მოკავშირე არმიების ადგილმდებარეობას ატყობინებდა. იმპერატორი მოუწოდებდა მარმონს, არ დაეკარგა იმედი, არ შეშინებულიყო იზოლირებული პოზიციით და არწმუნებდა, რომ ავსტრია დაღუპვისკენ მიექანებოდა.
“რუსები ავსტრიისკენ მიემართებიან, ხოლო ფრიულის არმია დღეს ოთხმოცი ათას კაცს შეადგენს. დაამატეთ ამას დალმაციის კორპუსი და ნახავთ, რომ ავსტრიას ერთბაშად ყველა მხრიდან დაესხმიან თავს, რის გამოც იგი საკუთარი დაღუპვისკენ მიისწრაფვის“, - ეწერა წერილში.
მან ასევე დასძინა: “როდესაც ლაშქრობის ბრძანებას მიიღებთ, უფლება არ გაქვთ შეშინდეთ მცირერიცხოვანი ჯარით ან ბრბოს შეკრებით“. ნაპოლეონი წერილს ასე ასრულებდა: “მოუთმენლად ველოდები თქვენგან ახალ ამბებს“.
ამ წერილიდან სულ რაღაც ორ თვეში, 1809 წლის 21 მაისს, ასპერნ-ესლინგის ბრძოლაში ნაპოლეონმა პირველი პირადი მარცხი განიცადა, რასაც 23 000 ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. თუმცა, იმავე წლის ივლისში, ვაგრამის ბრძოლაში ბონაპარტემ რევანში აიღო, დაამარცხა ერცჰერცოგი კარლი და მეხუთე კოალიცია დაშალა.
კარტერ ჩერჩის თქმით, შიფრი თავისთავად რთული არ ყოფილა და კრიპტოგრაფები მას მარტივად გატეხდნენ, თუმცა ტრანსკრიფციის, კატალოგიზაციისა და თარგმნის პროცესს ადამიანები გაცილებით მეტ დროს მოანდომებდნენ, ვიდრე AI-ს დასჭირდა.
იხილეთ ასევე: