ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, იეგოიანი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
ერთა ლიგაზე უნგრეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"უნგრეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და საკუთარ მოედანზე თამაშობს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ეს თამაში ერთ-ერთი ბოლო შანსია ჯგუფის მოსაგებად. თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, მატჩს მზად ვხვდებით და ყველას ვპირდებით, რომ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად არაფერს დავიშურებთ.
საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, რასაც მშრალი ციფრები და სატურნირო მდგომარეობაც ადასტურებს. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და საბოლოო შედეგს სწორედ ის დეტალები განაპირობებს, რომელიც შორიდან, შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევი იყოს. დარწმუნებული ვარ, ხვალაც ანალოგიური ვითარება იქნება და ჩვენი მზადებაც ზუსტად იმისკენ იყო მიმართული, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა".
მატჩი ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები