ერთა ლიგაზე უნგრეთთან დამარცხების (0:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"ერთ-ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ძალიან მაღალი ინტენსივობა და ინტენსიური პრესინგი, რომელთან გამკლავებაც საწყის ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პირველ ნახევარ საათში.
სამწუხაროა, თუმცა ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეალურად გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჰქონდათ ტრავმები და უთამაშებელი პერიოდი. ამიტომ მათთვისაც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება.
ჩრდილოეთ ირლანდიაში იმისთვის მივდივართ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. მათ წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ. ამ ეტაპზე გვაქვს ორი მარცხი და ერთი ფრე. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მესამე თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ. ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც. კარგია ისიც, რომ შემდეგი თამაში უკვე სამ დღეში გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ირლანდიაში ყველაფერი სხვანაირად იქნება".