საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჯერად პატიმრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა მიმდინარე კვირას “ფეისბუქის სთორიში“ ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, თუმცა ამჯერად პირველად დაწერა: "თავისუფლება ირაკლის"! ამას წინ უსწრებდა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან, რომელშიც ის ძირითადად საკუთარ წარმატებულ საქმიანობასა და წარმატებებზე წერს. ვრცელ წერილში თანამდებობაზე მისი ყოფნის პირობებში საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობასა და მანამდე არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასა თუ ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე მიანიშნებს. ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის წერილებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს:
- სიმართლე გითხრათ, ღარიბაშვილის წერილებს დიდ მნიშვნელობას საერთოდ არ ვანიჭებ იმიტომ, რომ მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, საქართველოში ამ წერილებს არ შეუძლია რაღაც ძირეული ცვლილება შეიტანოს "ქართული ოცნების“ თუნდაც სტრუქტურის მორღვევაში, ან პოლიტიკურ ცვლილებაში, ან რაიმე სახით "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობის საგრძნობ ცვლილებაში.
ღარიბაშვილს ალბათ აქვს თავისი პერსონალური დღის წესრიგი, რომლითაც ცდილობს თავისი მომხრეებისთვის გარკვეული მესიჯების გაგზავნას და აჩვენებს მათ, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკური ლიდერი კვლავინდებურად მათ თვალში რჩება და უნდა, რომ მათ სიძლიერის გამოსხივება აჩვენოს, თუმცა მისი წერილების მთავარი ადრესატი ალბათ მაინც ბიძინა ივანიშვილია. ახლა ღარიბაშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ ბიძინამ ჩასვა ციხეში და იქიდან გამოშვება ასევე ბიძინაზე იქნება დამოკიდებული. ის ძალიან კარგად ხედავს, რომ მასთან ერთად სხვა წამყვანი ფიგურებიც ჩასვა ციხეში და, ჰგონია, ამ წერილების შინაარსით ის ბიძინა ივანიშვილის პოზიციის ცვლილებაზე მოახდენს გავლენას, ეს აბსოლუტური ნონსენსია, რა თქმა უნდა. შეიძლება ღარიბაშვილს ამის სჯერა, მაგრამ, ცოტა საღად მოაზროვნე თუ ხარ, ბუნებრივია, მსგავსი რამ არ უნდა დაიჯერო. შესაბამისად, როცა ეპისტოლარული სახით მსგავსი განცხადებები ქვეყნდება და პოზიციების დაფიქსირება ხდება, ჩემთვის, როგორც პოლიტიკის მეცნიერისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წავა პოლიტიკური პროცესები. ცხადია, ღარიბაშვილის დაპირისპირება დანარჩენ "ქართულ ოცნებასთან“ ძალიან დიდ დარტყმას აყენებს პარტიას, რა თქმა უნდა, ის ვერ ანგრევს "ქართული ოცნების“ კონსოლიდირებულ შენობას, ძირეულ ცვლილებას ვერა, მაგრამ შიგნით გარკვეულ რყევებს მაინც იწვევს. ამის იქით რა კერძო ინტერესები აქვს ღარიბაშვილს, "ქართული ოცნების“ შიგნით როგორ შეინარჩუნოს პოზიციები, როგორ დაიცვას საკუთარი თავი თუ ღირსება, ეს უკვე ჩემი ანალიზის და ინტერესის სფეროს ცდება.
- ორიოდე დღის წინ ასპარეზზე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილიც გამოჩნდა და განცხადება გაავრცელა, სადაც მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს პასუხობს და გარკვეული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული პირებისთვის სასამართლოში ჩივილს გეგმავს...
- ბერა ივანიშვილის გამოჩენას რაც შეეხება, გასაგები მიზეზების გამო, ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერის გამოჩენა მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ინფორმაციები ვრცელდება რეალურად... ეს არის გარკვეული ინსინუაციები და რაღაც სპეკულაციები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ტრიალებს და რომელსაც ახლა, პირობითად, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ან საგამოძიებო სამსახურები უნდა იკვლევდნენ. ის, რომ მას სურს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ამ ინსინუაციებს, ძალიან ბუნებრივია (რაც უნდა ჭორი იყოს, თუ მართალი მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია).
რომ ამბობს, ამის წინააღმდეგ გავილაშქრებო, ეს არის მისი სრული უფლება, ამას რეალურად ვერც ვერავინ დაუშლის. აქ სულ სხვა გარემოებაა - საქართველოში უკვე არსებობს ძალიან რეპრესიული პოლიტიკური გარემო მედიისა და ზოგადად, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებია, როცა ერთი პოსტის და განცხადების, თუ სიტყვის და ცარიელი ფურცლის გამო შეიძლება ადამიანი გაუშვან ციხეში. ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, რასაც საქართველო ჰქვია, ისეთი სასამართლოს პირობებში, როგორიც საქართველოშია, როცა ასეთი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ ის მიმართავს სასამართლოს ცილისწამების აღსაკვეთად, გასაგებია, რა შედეგით დამთავრდება თითოეული მისი ჩივილი. ანუ ნებისმიერი მედია, ადამიანი თუ ასე შემდეგ, რომელმაც მის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია გაავრცელა და ის მათ უჩივლებს, ცხადია, სასამართლო ყველა ჯერზე ამ ადამიანის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს. თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ უნდა ველოდოთ მთელ რიგ, საკმაოდ რეპრესიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც როგორც მედიას, ისე კერძო ადამიანებს საკმაოდ გაურთულებს ცხოვრებას. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, ღარიბაშვილის და ბერას ცნობილი სატელეფონო საუბარი, არასრულწლოვანის დასჯას რომ შეეხებოდა. ეს აუდიოჩანაწერი თუ მართლა ავთენტურია და იმ რეალობას ასახავს, რაც მაშინ იყო, მაშინ ასეთი ტიპის საუბრები მართლა ხელს უწყობს იმ ჭორების, ინსინუაციების და სპეკულაციების კიდევ უფრო გავრცელებას. ამიტომ საქართველოში ასეთი ტიპის ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნებისმიერ წევრზე ყოველთვის იარსებებს. ისიც გასაგებია, რომ ამ ადამიანებმა თუ მოინდომეს სასამართლოს ძალით აღკვეთა, ეს კიდევ ერთხელ რეპრესიულ ღონისძიებებში გამოიხატება და კიდევ უფრო დაამძიმებს ადამიანის უფლებებს საქართველოში.