ავტორი:

რადიკალური შეხედულებების გამო, ომანში ფრენის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა - ქვეყნდება იმ პილოტის ფოტო, რომელმაც Flydubai-ს თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა

რადიკალური შეხედულებების გამო, ომანში ფრენის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა - ქვეყნდება იმ პილოტის ფოტო, რომელმაც  Flydubai-ს თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა

Flydubai-ის მეორე პილოტს, რომელიც ისრაელის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის გატაცებისა და მისი ჩამოგდების მცდელობაშია ბრალდებული, ომანში ფრენის უფლება ადრე რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ჩამოართვეს.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამიზე, რომელიც ოთხშაბათს, Flydubai-ის დუბაი-თელ-ავივის რეისზე კაპიტანს თავს დაესხა და თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა.

შემთხვევა 30 სექტემბერს, Flydubai-ის 1073-ე რეისზე მოხდა. თვითმფრინავში 174 ადამიანი იმყოფებოდა.

ფრენის დროს მეორე პილოტმა კაპიტანს, სმიტ მაჩხარს, დანით მიაყენა ჭრილობები და თვითმფრინავის მართვის სისტემაში ჩარევა სცადა.

დაჭრილმა კაპიტანმა თავდამსხმელის მოგერიება და კაბინის კარის გახსნა შეძლო. ამის შემდეგ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები მეორე პილოტს ფიზიკურად გაუმკლავდნენ. თვითმფრინავის კონტროლში კი პილოტი ჩაერთო, რომლებიც იმავე რეისით მგზავრობდნენ. საბოლოოდ, ბორტმა კურსი შეიცვალა და საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში, საგანგებო დაშვება განახორციელა.

ვინ არის ჰამამ ალ-ჰამამი?

გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ალ-ჰამამი ომანის მოქალაქეა. ცნობილია, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში Oman Air-ში მუშაობდა და პილოტად მომზადების პროგრამას გადიოდა.

წყაროების ცნობით, ომანის ხელისუფლებამ მისი რადიკალურ ვებგვერდებზე შესვლის შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ Oman Air-ში ალ-ჰამამი პილოტის პოზიციიდან საოფისე სამუშაოზე გადაიყვანეს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მან ავიაკომპანია დაახლოებით 2024 წელს დატოვა. სხვა ცნობებით კი, მას ფრენის უფლება საერთოდ აუკრძალეს რადიკალურ შეხედულებებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ეჭვების გამო.

ალ-ჰამამი მოგვიანებით Flydubai-მ დაასაქმა და ის დუბაისა და თელ-ავივს შორის მგრძნობიარე მარშრუტზე დაფრინავდა. წყაროები ვარაუდობენ, რომ Flydubai-მ მისი წარსულის შესახებ ინფორმაცია ომანის ხელისუფლებასთან არ გადაამოწმა. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ინციდენტს "ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ალ-ჰამამის მოტივი ოფიციალურად საბოლოოდ დადგენილი არ არის. ასევე მიმდინარეობს იმის გარკვევა, მოქმედებდა თუ არა ის მარტო და ჰქონდა თუ არა თავდასხმას სხვა ორგანიზებული კავშირები.

წყარო