ქალმა ყოფილ პარტნიორს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი ჰყავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდნენ. ქალი ორი წლის განმავლობაში მამაკაცს ორსულობისა და ბავშვების შესახებ ატყუებდა, უგზავნიდა ფოტოებსა და შეტყობინებებს და ამის გამო მისგან თანხასაც იღებდა. მოსამართლემ მომხდარს "არაჩვეულებრივი შემთხვევა და "მოტყუების დახვეწილი კამპანია“ უწოდა.
ჯონს სჯეროდა, რომ მალე მამა გახდებოდა და ქალს ფინანსურად ეხმარებოდა. სასამართლომ მოისმინა, რომ ორი წლის განმავლობაში მან ჯეინს დაახლოებით 30 000 ფუნტი (დაახლოებით 40 000 დოლარი) გადაუხადა. ამ პერიოდში მამაკაცი ბავშვებთან დაკავშირებულ ფოტოებსა და შეტყობინებებსაც იღებდა.
ამის შემდეგ ქალმა ჯონის მამინაცვალს მისწერა და უთხრა, რომ ბავშვი დაიბადა და ბავშვის ფოტოებიც გაუგზავნა. მოგვიანებით კი ჯონის დედას შუაღამისას ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რომელშიც ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა.
ამის შემდეგ ჯეინმა ჯონს უთხრა, რომ კვლავ ორსულად იყო და მეორე ბავშვს 2024 წლის აგვისტოში გააჩენდა. თუმცა, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე წყვილი დაშორდა და აღარ შერიგებულა.
მოსამართლემ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ბავშვების რეალურად არსებობის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ძალიან ძლიერი იყო. მისი თქმით, ჯონი "მუდმივი და დახვეწილი მოტყუების კამპანიის“ მსხვერპლი გახდა, რომელმაც მხოლოდ მასზე კი არა, მის დედასა და ახლო მეგობარზეც იმოქმედა.
მოსამართლემ ქალის საქციელის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა. თუმცა, გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ფინანსური სარგებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქალის ქცევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც გარკვეული როლი ეთამაშა.