ავტორი:

"მომსვლელებს უკვე ახალი საფლავი დახვდათ - უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია" - როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

"მომსვლელებს უკვე ახალი საფლავი დახვდათ - უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია" - როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საფლავი სიონის საპატრიარქო ტაძარში თუ აქამდე ცოცხალი ყვავილებით იყო შემკული, რომელიც პერიოდულად ცოცხალი ყვავილებითვე ახლდებოდა, ამჟამად სხვაგვარად გამოიყურება. საფლავი შეიცვალა და დაუახლოვდა იმ საბოლოო ვერსიას, რასაც ის, როგორც ამბობენ, მალე მიიღებს.

  • ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ისევ და ისევ ლევან ჭიქინაშვილს, ადამიანს, რომელიც სიონში ისევ პატრიარქის სამსახურშია - ყოველდღე მის საფლავთანაა, უვლის და იქაურობას არ შორდება. ამით კი გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავს.

ლევანი ამ ეტაპზე სამების ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია, საპატრიარქოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქის დაცვის წევრი. ყოველდღიურად, სამების ტაძარში დილის მსახურების დასრულებისთანავე, სიონის ტაძარში ჩადის და პატრიარქის საფლავს უვლის. თუ პირველი 40 დღის განმავლობაში მორწმუნეთა უწყვეტი ნაკადი იყო, ახლა ხალხი შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც მოდის.

საფლავის შეცვლის შესახებ, ლევანის ფეისბუქგვერდიდან შევიტყვეთ, რადგან ის მუდმივად აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალას იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ (ცოტა ხნის წინ მასთან გვქონდა კიდეც ამ თემაზე ინტერვიუ). ასე რომ, ამჯერადაც პატრიარქის ერთგული მცველი მოგვაწვდის ახალი საფლავის შესახებ ინფორმაციას.

ლევან ჭიქინაშვილი:

- გუშინ იყო უწმინდესის გარდაცვალების 199-ე დღე (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ოქტომბერს. - ავტ.) დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიგეგმა ეს ყველაფერი. მამა კირიონი მოვიდა, გავზომეთ, ზომები ავიღეთ, რომ ახალი საფლავი ვიზუალურად მიმსგავსებული ყოფილიყო სამომავლოდ დაახლოებით რა სიმაღლე და ფორმა ექნებოდა საფლავს... ტაძარში მუდმივად ბევრი სტუმარი მოდიოდა - უცხოელებიც, ეპისკოპოსებიც, სხვადასხვა პატრიარქებიც იყვნენ. ისე ხდებოდა, რომ ჯვარი იყო ყვავილებით შემკული და, თუ არ ეტყოდი, მიანიშნებდი, უჭირდათ მიხვედრა უცხოელებს, სტუმრებს თუ დელეგაციებს, კონკრეტულად რას მიახლებოდნენ. იდეა იყო, რომ რაღაც მაინც უნდა დახვედროდათ ზედ, რომ საფლავის ფორმა ჰქონოდა. ამიტომ მამაომ აიღო ზომა და ასეთი ფორმა გააკეთა - რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

- და რა მასალა დაიდგა?

- ხის მასალაა და მერე თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ამ ხის შესაფერისი გადასაფარებელი მოქარგეს... მოკლედ, ჯერ შიდა თეთრი, რძისფერია, რაც მთლიანად გადაეფარა და მერე ზემოდან გადაეფარა ხავერდის შინდისფერი ქსოვილი, სადაც უკვე აწერია: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“. ზედ გამოსახულია სერაფიმებიც, ჯვარიც და ასეთი ფორმა აქვს.

- თუმცა ეს დროებითია და შეიცვლება, ხომ?

- კი, ჯერ ასეთია და მომავალში შეიცვლება... სიმაღლეში 50 სანტიმეტრამდე იქნებაო, ახლა 30-მდეა.

სამომავლოდ ქვის იქნება, ბევრად ლამაზი და ბევრად აღქმადი, რაც პატრიარქს ეკადრება, ლამაზი და ძვირფასი. გუშინ დილის 8 საათზე შევუცვალეთ ეს ყველაფერი და ხალხს, მომსვლელებს, ვიზიტორებს გუშინდელი დღიდან უკვე ახალი საფლავი დახვდათ - ასეთი სახის. უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია. ვეკითხები კიდეც მათ: "რას იტყვით, როგორ მოგწონთ?“ უმეტესობამ - ასე - 500 კაციდან 480-მა - მოიწონა... იმასაც ვეკითხებოდი: "რას იტყვით, ხომ არ არის რამე გამოსასწორებელი, აბა, რას ფიქრობთ-თქო?“ ცოტამ თქვა, ის უფრო ბუნებრივს ჰგავდა, ბევრი ყვავილით რომ იყო დაფენილიო.

ასეთია ილია მეორის საფლავი ამჟამად

- ახლა ყვავილები აღარ იქნება?

- იმდენი აღარ. მხოლოდ წინა მხარეს პატარა ზოლზე და უკან დიდი ლარნაკია, სადაც ვარდები აწყვია... მოკლედ, ასეთი ფორმა ექნება, ძირითადი არის ნაჭერი, წარწერა და ის სახე, რასაც საბოლოოდ მიიღებს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში რომ ვდებდი და ნახულობდნენ, იმას იყვნენ შეჩვეულები, ახლა ამ ზომებს, ფორმასაც მიეჩვევიან. როგორც იცით, რომ ასე ვაქვეყნებ ყოველდღიურად ფოტოს თუ ვიდეოს რა ხდება საფლავზე.

ასეთი იყო ცვლილებამდე

- კარგია... რამდენ ხანში გაკეთდება ქვისგან მუდმივი საფლავი, როგორიც არის დაგეგმილი?

- ნათქვამია, რომ 25 დეკემბრამდე, აღსაყდრების დღემდე გაკეთდეს. ამ კითხვას უამრავი ადამიანი მისვამს - ეს საბოლოოა? კიდევ შეიცვლება? მეც, ვინც უშუალოდ ახლოს არის ამ საკითხთან, იმას ვეკითხები. ჯერჯერობით ასეა - 25 დეკემბრამდე უნდა გაკეთდეს უკეთესი, როგორც პატრიარქს ეკადრება.

- მითხარით, რომ ბევრი უცხოეთიდან გწერთ...

- კი, უცხოეთიდანაც მწერენ, მადლობას მიხდიან. ეს ის ადამიანები არიან, ვინც აქამდე საფლავთან ფიზიკურად ახლოს მისვლა ვერ შეძლო, ზოგი უცხოეთიდან ვერ ჩამოვიდა, ზოგმა მხოლოდ ერთხელ შეძლო და კიდევ უნდა მოსვლა... ეს ადამიანები ყოველდღიურად რომ ნახულობენ ჩემს გვერდზე ფოტოებს, მერე მწერენ. დიდი ტექსტებიც მომდის. გარდა იმისა, რომ მადლიერები არიან, ამით საზრდოობენ. უხარიათ, რომ ყოველდღიურად თითქოს თვითონაც ეხებიან საფლავს და თვითონაც აქ არიან.

ლევან ჭიქინაშვილი ილია მეორის საფლავთან

მეც ეს განწყობა მაქვს: როგორც უწმინდესი იყო ყველასთვის მისაწვდომი და ხელშესახები... როცა გამოდიოდა, ყველა ცდილობდა, შეხებოდა, ისიც აკურთხებდა, ლოცავდა... ისევეა ახლა ამ საფლავზეც - ყველა ცდილობს მიწვდეს. მე კი რაღაცნაირად ამაში ვეხმარები, ასე მანძილიდან რომ შეძლონ ყურება მაინც. მოკლედ, ემიგრაცია ამით ბედნიერია, საზრდოობს და ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. აქ ვართ და ვემსახურებით. ადგილზე მოსულებსაც, ფიზიკურად ვეხმარები, ვცდილობთ, შეეხონ საფლავს, ახლოს მივიდნენ და ყველამ თავისთვის სითბო წაიღონ პატრიარქისგან, ისევ ისე, როგორც ადრე. ხალხისთვის ეს დიდი ნუგეშია.

მინდა, მაქსიმალურად კარგი ამბები და სიახლეები მალე მივაწოდო დაინტერესებულთ - ვისაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებს და უყვარს. უკმაყოფილო არავინ ყოფილა, არ უთქვამს - "დავიღალეთ ამ თქვენი ატვირთული ფოტოებითო“. იმათაც მოვუსმენდით, რა თქმა უნდა, შენიშვნა რომ იყოს, გავითვალისწინებდი... ხალხი ბედნიერია და მადლიერი.

- მოკლედ, არ იღლებით, განაგრძობთ ამ საქმეს.

- უწმინდესი გვაძლიერებს, ღვთის წყალობაა. ღმერთის გარეშე არ იქნებოდა ეს ენერგია და განწყობა. ღმერთი ძალას გვაძლევს, რომ ვემსახუროთ, მოვუაროთ პატრიარქის საფლავს, ხალხს ვემსახუროთ - ვინც მოვა, ყურადღება მივაქციოთ... ხან პერიოდულად სამთავროს დედათა მონასტრიდან დედებს ტკბილი კვერები ჩამოაქვთ ხოლმე. გუშინ ბევრი ჩამოგვიტანეს - 500 ცალი ალბათ - და ორი დღეა ვარიგებთ. ყველა ბედნიერია, პატრიარქის საფლავიდან რაღაც რომ მიაქვთ. მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის გვიკავშირდებით და ამ ყველაფრით ინტერესდებით.