რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო.
"რამდენჯერ უნდა გაიაროს [კვადროციკლმა], ერთხელ ორჯერ, რამდენჯერ უნდა გაიაროს? არ გამოვხატოთ პროტესტი? ცოცხებით მოვსულიყავით აქ? რეჟიმს რომ ემსახურებით ვერ ხვდებით?“- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
"კეთილსინდისიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და დაწყნარდი“- მიმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეს.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და მისი მხარდამჭერების აქციის გამართვის მიზეზი თავად მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, "ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ "არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.