"იძულებულს მხდიან, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება" - თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

"იძულებულს მხდიან, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება" - თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

"ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა. იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება" - პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.

  • თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ციხეში ყოფნისას უფლება აქვს, დედასთან სატელეფონო საუბრის.

" ამ მუხლის თანახმად ხსენებული უფლება ბრალდებულს, ანუ მე, შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

დიახ, მე თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებელმა 15 სექტემბრის დადგენილებით, ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი. დადგენილებაში, დედასთან სატელეფონო საუბრის აკრძალვის მიზანი სიტყვა-სიტყვით ჩაწერეს: "სატელეფონო ზარის შეზღუდვის საფუძველი: მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხე".

  • სინამდვილეში კი, დასანქიცრებული "TV იმედის" შვიდი, პატარა, მშიშარა კაცუნის პატრონებმა ვერ აიტანეს ჩემი მხრიდან უკრაინის გმირი ხალხის აქტიური მხარდაჭერა და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების ყოველდღიური გინება ჩემი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან. შემიკერეს ცრუ ბრალი და გამომკეტეს გლდანის ციხეში.

ნახეს, რომ ამით ვერ შემაშინეს და მოიფიქრეს საშინელი ვერაგობა, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა.

ადვოკატმა მითხრა, დედას მიუწერია პროკურორისთვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ ისე ნუ მომკლავთო.

32 დღეა, დედას ჩემი ხმა არ გაუგონია. პატიმრობის პირველივე დღიდან ვითხოვ ავადმყოფ დედასთან დარეკვას. 28 სექტემბრიდან შიმშილი დავიწყე ამ მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამ პატარა, ბოროტ კაცუნებს ჩემი ავადმყოფი დედის წამება სიამოვნებთ, წამებით მიკლავენ დედას.

სხვა გზას აღარ მიტოვებენ, იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება" - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის წერილში, რომელსაც "TV პირველი" ავრცელებს.

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

ასევე იხილეთ: