პენიტენციურ სისტემაში მსგავს წამებაზე საუბრობენ გაუპატიურების ავტორები. ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტია, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში,- ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
კირცხალიამ პატიმრის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, ოპოზიციის „ძალიან უსუსური კამპანია“ უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ პენიტენციური დაწესებულება უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.
„ძალიან უსუსური კამპანიაა. ვინ საუბრობს მსგავს წამებაზე პენიტენციურ სისტემაში - წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები ჩვენ ქვეყანაში. ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტია, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში და ამის ახლა ამოწევა ხდება- რა დონეზე განულებულები არიან და დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ისევ და ისევ, მტკნარ სიცრუეზე ფიქრობენ, რომ ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ერთია, რომ ღიმილის მომგვრელია და შემდეგ, მართლა შემაშფოთებელი და ამაზრზენია, როდესაც ამ სიცრუეს ისმენ წამების გაუპატიურების და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან, ე.წ. „ნაცმოძრაობისგან“. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ე.წ. პარტიები, რომლებიც ცდილობენ ასეთის სისულელეებით რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, რომელიც განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს“, - აცხადებს კირცხალია.
მისი თქმით, დღეს პენიტენციურ სამსახურს უტევს ის ხალხი, „ვისაც 10 კაციან საკნებში 70-80- ადამიანი ჰყავდა მოთავსებული და გვამებს აბამდნენ პატიმრებს“.
„უტევენ იმას, სადაც არის რეალურად, ჯანსაღი სიტუაცია და მაღალი სტანდარტები“, - აცხადებს კირცხალია.
მისი თქმით, ხშირად უტევენ პენიტენციურ სამსახურს, თუმცა ყველა შეტევა ქარწყლდება მყისიერი განცხადებით, მტკიცებულებით, ვიდეო-კადრებით და ა.შ.
„განულებულები და უმორალოები არიან, მაგრამ მორალი და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთთან არის როგორც ზეთი და წყალი. ასე მარტივი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ისეთი მარტივი ტყუილები, რომელსაც შეჩვეულები იყვნენ მათი მმართველობის დროს, დღეს, ასე არ ხდება. დღეს, საზოგადოებას აინტერესებს ფაქტები, საზოგადოება სვამს კითხვებს და ამ აგენტურის ნათქვამს, თვალდახუჭულად არასდროს და ვერასდროს ენდობა“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და მისი მხარდამჭერების აქციის გამართვის მიზეზი თავად მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.