რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს: რა დეტალები ხდება ცნობილი? - ვრცელდება ვიდეოკადრები ადგილიდან

რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს: რა დეტალები ხდება ცნობილი?  - ვრცელდება ვიდეოკადრები ადგილიდან

რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

  • კერძოდ, ვლადიკავკაზიდან ადლერში მიმავალ მატარებელში ერთ-ერთი პატიმარი თავს დაესხა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს. შედეგად ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა.

თავდასხმის დროს პატიმარმა ერთ-ერთი თანამშრომლის ცეცხლსასროლი იარაღი მოიპოვა, რის შემდეგაც რამდენჯერმე გაისროლა. რუსი სამართალდამცავების თქმით, პატიმარი ამის შემდეგ გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა მისი ლიკვიდაცია.

რუსული სახელმწიფო მედია რუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აღნიშნული პატიმარი დმიტრი პუშკარევია, რომელიც მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნისთვის.