ავტორი:

“ვისაც სურს პროფესიონალურ დონეზე დაიწყოს ვარჯიში, ვურჩევდი...“ - ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ ბოდიბილდერ ირაკლი გაგუასთან

“ვისაც სურს პროფესიონალურ დონეზე დაიწყოს ვარჯიში, ვურჩევდი...“ - ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ ბოდიბილდერ ირაკლი გაგუასთან

ირაკლი გაგუა ქართველი ბოდიბილდერი და სპორტსმენია. ამ სფეროში უკვე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს. აქტიურადაა ჩართული ამ სპორტში - მონაწილეობს შეჯიბრებებში, ხელს უწყობს ბოდიბილდინგის განვითარებას და, რაც მთავარია, ეხმარება ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

  • სპორტული მიღწევები:

აქტიურად ასპარეზობს ბოდიბილდინგში როგორც ადგილობრივ (საქართველოს ჩემპიონატები და თასები), ისე საერთაშორისო ტურნირებზე (IFBB-ის ეგიდით). საქართველოში ერთადერთი ევროპის ჩემპიონია. თავის წონით/სიმაღლით კატეგორიაში მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორია.

ირაკლი გაგუას თბილისში აქვს საკუთარი სპორტდარბაზი, სადაც ეწევა პირადი მწვრთნელისა და კონსულტანტის საქმიანობას, ამზადებს სპორტსმენებს შეჯიბრებებისთვის და, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანებს ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

  • დასაწყისი და სპორტით დაინტერესება

- დაახლოებით 2003-2004 წლები იყო, როდესაც ვარჯიში დავიწყე. მაშინ სპორტის ეს სახეობა და შესაბამისი დარბაზები ასე განვითარებული არ გახლდათ. თავიდან მეგობრებთან ერთად, ჭიდაობითა და კრივით ვიყავი დაკავებული, თუმცა არა პროფესიონალურ დონეზე. მერე პატარა სავარჯიშო დარბაზში მივედი, სადაც სერიოზულად დავინტერესდი ბოდიბილდინგით.

პირველ რიგში, სხეულის ცვლილებამ მიმიზიდა. როდესაც შედეგი დავინახე და კუნთოვანი მასა წამოვიდა, დავინტერესდი, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ანატომიურად. იმ პერიოდში საქართველოში სწავლისა და განვითარების დიდი შესაძლებლობები არ იყო, რის გამოც 2009 წელს უკრაინაში წავედი, გავიარე შესაბამისი კურსები, მივიღე განათლება და დაბრუნების შემდეგ ამ სპორტში აქტიურად ჩავერთე.

  • წარმატებები და ტიტულები

- შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი შედეგები მივაღწიე: 2012 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 2013-ში მოვიგე საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატები, ხოლო 2014 წელს - ევროპის ჩემპიონატი. ჩემს კატეგორიაში საქართველოში ერთადერთი ვარ, ვისაც ეს ტიტული აქვს, თუმცა წელს სხვა კატეგორიაშიც გვყავს ევროპის ჩემპიონი.

როგორც ბოდიბილდინგში ასე ფასდება, მთავარია პროპორცია, სიმეტრია და “სიმშრალე“ (ცხიმის მინიმალური პროცენტულობა). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც მოდელის შემთხვევაში, სხეული უნდა იყოს სრულყოფილ პროპორციაში.

ამ შედეგისთვის ყოველდღიური ინტენსიური შრომაა საჭირო - დღეში მაქსიმუმ ერთი საათი, თუმცა შესაძლებელია დღეში ორი ვარჯიშის ჩატარებაც - დილით და საღამოს.

  • კვება და წონის კატეგორიები

- რაც შეეხება კვებას, აუცილებელია სწორი და დაბალანსებული რაციონი. ნახშირწყლებიდან ძირითადად გამოიყენება ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, კუსკუსი და კარტოფილი. ცილის წყაროა თევზი, ზოგადად, ზღვის პროდუქტები, ქათამი, ინდაური და საქონლის ხორცი, რასაც ემატება მცენარეული ცხიმები (მაგალითად, სელის ზეთი). შეჯიბრებისთვის მზადების პერიოდში რაციონი კიდევ უფრო მკაცრდება.

რაც შეეხება წონის კატეგორიებს, გააჩნია, რომელ კატეგორიაში გამოდიხარ. მაგალითად, 80 კგ-მდე კატეგორიაში აწონისას წონა ზუსტად 80 კილოგრამზე ნაკლები (მაგალითად, 79.9 კგ) უნდა იყოს.

  • ჩემი საქმე და ყოველდღიურობა

- ჩემი საქმიანობა სიყვარულით დაიწყო. ამ სპორტმა იმდენად გამიტაცა, რომ ცხოვრების წესად ვაქციე. წლების განმავლობაში უამრავ სპორტსმენს ვამზადებდი შეჯიბრებებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე დროის დეფიციტის გამო უფრო პერსონალურ განვითარებასა და მუშაობაზე ვარ გადართული.

  • წარმოშობა, ბავშვობა, განათლება...

- წარმოშობით სამტრედიიდან ვარ, სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობაშიც ძალიან აქტიური ვიყავი - ვთამაშობდი ფეხბურთს, დავდიოდი კარატეზე. 2000 წელს გადმოვედი თბილისში... პროფესიით ეკონომისტი ვარ, უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული, თუმცა სპეციალობით არ მიმუშავია - პირდაპირ სპორტში წავედი...

  • დღის რეჟიმი

- ჩემს ერთ ჩვეულებრივი დღეზე მკითხეთ, - ის მკაცრად გაწერილ რეჟიმში გადის: გაღვიძების, კვებისა და ვარჯიშის კონკრეტული დრო მაქვს. ასევე გაწერილია მოსწავლეებთან შეხვედრები, საყოფაცხოვრებო საქმეები და საღამოს გეგმები. დისციპლინა ჩემთვის ყველაფერია. ამ სპორტმა პირველ რიგში დისციპლინა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და მუდმივი განვითარების სწრაფვა გამომიმუშავა.

  • ახალგაზრდები და ბოდიბილდინგი

- დღეს ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება დიდია, თუმცა ბოლო წლებში ოთხი სხვადასხვა ფედერაცია ჩამოყალიბდა, რამაც სპორტსმენების გაფანტვა გამოიწვია. ერთიანი, მასშტაბური შეჯიბრებები იშვიათად ტარდება, რის გამოც მოტივაციაც ნაკლებია. ხალხი მასობრივად ვარჯიშობს ჯანმრთელობისთვის, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შეჯიბრებებისთვის მზადყოფნას ასიდან მხოლოდ ერთი თუ გამოთქვამს.

ვისაც სურს პროფესიონალურ დონეზე დაიწყოს ვარჯიში, ვურჩევდი: თუ ადამიანი მიზანს დაისახავს, მე მზად ვარ ავუხსნა, რა არის საჭირო კონკრეტული კატეგორიისთვის - კვება, ვარჯიშის რეჟიმი და მენტალური მზაობა. მთავარია მონდომება, და მე მათ გვერდით ვიქნები ბოლომდე.

ჩემ შემთხვევაში წარმატების საიდუმლო ფორმულა არის: შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. ბევრი სიამოვნებისა და დასვენების დათმობის ხარჯზე მივაღწიე იმას, რაც დავისახე. შრომას პლუს შრომა უდრის წარმატებას.

  • ოჯახი, რისკები და სამომავლო გეგმები

- საზოგადოებაში შეიძლება ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი ჩემი აღნაგობის გამო, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში სპეციალურად არ ვცდილობ ყურადღების მიქცევას. არ მაცვია მოტკეცილი ტანსაცმელი - ჩემს მონაცემებს მხოლოდ მაშინ წარმოვაჩენ, როდესაც ეს საქმესა და სცენას სჭირდება.

მყავს ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი - უფროსი 14 წლისაა, უმცროსი კი - წლისა და ცხრა თვის. უფროსი ბიჭი ჭიდაობითაა დაკავებული. ოჯახის წევრების დამოკიდებულება ჩემი სფეროს მიმართ ჩვეულებრივი იყო. მშობლებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბუნებრივი ნერვიულობა - “ძალიან არ დაიტვირთო“, “ფრთხილად იყავი“ და ა.შ. თუმცა ყოველთვის გვერდით მედგნენ.

რაც შეეხება რისკებს, პროფესიონალური ბოდიბილდინგი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუ საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგები. საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი, ანალიზების ჩაბარება (ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემოწმება). გააზრებული მიდგომის გარეშე პრეპარატების მიღებამ შესაძლოა სერიოზული უკუჩვენებები გამოიწვიოს.

როდესაც ორგანიზმი იღლება ან მოტივაცია იკლებს, აუცილებელია პაუზის აღება. სხეულს სჭირდება დასვენება, აღდგენა და მომზადება მომდევნო ეტაპისთვის. ეს პაუზა, როგორც წესი, ორიდან სამ კვირამდე გრძელდება.

  • ურთიერთობა სპორტსმენებთან

- სპორტსმენებს შორის ურთიერთობას რაც შეეხება, ადრე უფრო მეგობრული და გუნდური გარემო იყო, ერთად დავდიოდით საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს ფედერაციების დაყოფის გამო გუნდური პრინციპი ცოტა შესუსტდა, თუმცა პირადი ურთიერთობები მაინც ნარჩუნდება...

სხვათა შორის, ქალბატონებიც ინტერესდებიან ამ სპორტით - მყოლია გოგონა მოსწავლეებიც და ორი მათგანი, რომლებსაც ვავარჯიშებდი, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

  • ასრულებული ოცნება

- სულ მქონდა ოცნება, შემექმნა ჩემი დარბაზი, სადაც ხალხს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გადავცემდი. ეს ოცნება ავიხდინე და დღემდე სიამოვნებით ვემსახურები ამ საქმეს. ჩემი მთავარი მასწავლებელი და დამხმარე საქართველოში ფედერაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე მაცაბერიძე იყო, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცე ცოდნა და მივცე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოტივაცია. მინდა კიდევ გავაფართოო დარბაზების ქსელი ისეთ ადგილებში, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა. აუცილებელი არ არის ყველას დიდი კუნთები ჰქონდეს - მთავარია, იყვნენ ჯანმრთელები, მხნედ და კარგი ფიზიკურ ფორმაში.