მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, ძირითადად, გზის მონაკვეთები დაიტბორა.
როგორც “ინფო მარტვილი“ ავრცელებს, პრობლემაა სოფელ ონოღიაშიც, სადაც, ადგილობრივის თქმით, პატარა მდინარე “ლაღვანა“ კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა.
“როდემდე უნდა იყოს ეს მდგომარეობა? პატარა მდინარე “ლაღვანა“ გადმოდის, წაიღო მთლიანად გზა. ფეხით ვერ დავდივართ. დარჯანიების უბანში მოგვხედეთ“, - აცხადებს სოფელ ონოღიის მკვიდრი.
მარტვილის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მერის ინიციატივით, მიმდინარეობს არხების გაჭრის სამუშაოების დაპროექტება, რათა პრობლემურ სოფლებში აღნიშნული საკითხი მოგვარდეს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ სოფელ ხუნწშიც. ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს გზაზე გადაადგილება და საკუთარ სახლებში შესვლა გართულებულია.
მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი სანიაღვრე არხია, რომელიც, მათი თქმით, გასაწმენდია.
“არხი არის ამოსაწმენდი, ვითხოვთ დახმარებას. გზაზე გადაადგილება და სახლში შესვლა გვიჭირს წვიმის დროს. რამდენჯერმე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას“, - აცხადებს ადგილობრივი.