ავტორი:

ესპანეთში “მინი-ქარიშხალს“, საშინელ წყალდიდობასა და 120 კმ/სთ სიჩქარის ქარს ელოდებიან: გამოცხადდა განგაშის უმაღლესი, “წითელი დონე“ (ფოტო)

ესპანეთში “მინი-ქარიშხალს“, საშინელ წყალდიდობასა და 120 კმ/სთ სიჩქარის ქარს ელოდებიან: გამოცხადდა განგაშის უმაღლესი, “წითელი დონე“ (ფოტო)

ესპანეთის პოპულარულ ტურისტულ რეგიონებში სტიქიური უბედურების გამო “სიცოცხლისთვის საშიში“ წითელი დონე გამოცხადდა. მეტეოროლოგები მოსახლეობას მოსალოდნელი “მინი-ქარიშხლის“, კოკისპირული წვიმების, ტორნადოებისა და ძლიერი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პოპულარულ ტურისტულ ზონებში ამინდის იშვიათი, განგაშის უმაღლესი “წითელი დონე“ გამოაცხადა. სტიქიური მოვლენები განსაკუთრებით ემუქრება ბარსელონას, ჟირონასა და კატალონიის სხვა რეგიონებს. კატალონიის პრეზიდენტმა სალვადორ ილიამ მოსახლეობას მიმართა და გააფრთხილა, რომ შეიქმნა “ძალიან რთული“ ვითარება და ეს არ არის ხუმრობა.

  • “წითელი განგაში“ კატალონიაში და მოძრაობის შეზღუდვა 20 რეგიონში

მეტეოროლოგების პროგნოზით, რეგიონს თავს დაატყდება “მინი-ქარიშხალი“, რომელსაც თან ახლავს კოკისპირული წვიმები და 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარიშხალი. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ერთ საათში შესაძლოა 90 მმ-მდე ნალექი მოვიდეს, ხოლო ექვს საათში ნალექის რაოდენობამ 200 მმ-ს გადააჭარბოს. ექსპერტები შიშობენ, რომ უკვე უხვად დანესტილი მდინარეები წყლის დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდება, რაც უეცარ წყალდიდობებს გამოიწვევს.

სტიქიის პიკს შუაღამისას ელოდებიან, რასაც შესაძლოა თან სდევდეს ძლიერი ელვა, ტორნადოები და წყლის სმერჩები. “წითელი დონე“ გავრცელდება ჩრდილოეთ კატალონიის დიდ ნაწილზე, მათ შორის ჟირონაზე, მათაროზე, ფიგერესსა და კოსტა-ბრავაზე საფრანგეთის საზღვრამდე.

უსაფრთხოების მიზნით, ტარაგონას, ბარსელონასა და ჟირონას 20 რეგიონში გადაადგილება შეიზღუდება. ხელისუფლება ყველაზე მაღალი რისკის ზონებში მყოფ მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე საგანგებო შეტყობინებებს უგზავნის.

ახალი გაფრთხილება იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში უხვი ნალექის გამო ფრენები შეფერხდა და ტურისტები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ალიკანტედან 120 მილის დაშორებით მდებარე ქალაქ მადრიგერასში, სადაც სამ საათში 140 ლიტრი ნალექი მოვიდა. უეცარმა წყალდიდობამ 102 წლის ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა, რომელიც 1 მეტრზე მეტი სიმაღლის წყლით დაიფარა.

მაშველებმა წყალდიდობის ზონიდან 90-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ბევრი საკუთარ სახლებში იყო ჩაკეტილი. სტიქიის შედეგად ქუჩები სრულად დაიტბორა, წყლის მძლავრმა ნაკადმა ავტომობილები წაიღო და ერთმანეთზე შეახალა, ხოლო ადგილობრივები შველას ბალკონებიდან ითხოვდნენ.

ვალენსიაში ნახევარი მილიონი მოსწავლისთვის სკოლებში სწავლა შეჩერდა, ხოლო კატალონიაში სამ ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა.

ექსპერტების განმარტებით, ექსტრემალური ამინდი გამოწვეულია ცივი ჰაერის მასების შეჯახებით ხმელთაშუა ზღვის თავზე არსებულ თბილ, ტენიან ჰაერთან. ეს მოვლენა, რომელიც ცნობილია როგორც DANA (Depresión Aislada en Niveles Altos), ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხშირად შემოდგომით ვითარდება და ნელა მოძრავ, თუმცა ძლიერ შტორმებსა და ჭექა-ქუხილებს იწვევს.

წყარო