“რუსეთის ხელისუფლებას შავი ჭირის აფეთქების დამალვაში ადანაშაულებენ. ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, 28 წლის მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ 189 ადამიანი იზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო მოსკოვიდან ადგილზე ვლადიმერ პუტინის მთავარი სანიტარული ექიმი, ანა პოპოვა სასწრაფოდ ჩაფრინდა,“ - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა thesun წერს და სტატიაში აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს “ვუჰანის სცენარს“, როდესაც ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში პირველად დაფიქსირდა COVID-19-ის შემთხვევა.

გავრცელებული ცნობებით, საშიში ინფექციით ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის სპეციალისტი, დარია შიპილოვა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პათოგენის შემცველი ფლაკონი შემთხვევით გაუტყდა და დაინფიცირდა. აღნიშნულმა რეგიონში მასშტაბური განგაში გამოიწვია.

ამჟამად იზოლაციაში 189 ადამიანი იმყოფება: მათგან 114 ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, 63 - მეორეში, ხოლო 12 პირი უშუალოდ შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში იმყოფება. ირკუტსკის ოლქის შელეხოვის რაიონული საავადმყოფო, სადაც გარდაცვლილი მეცნიერი გადაიყვანეს, სრულ კარანტინშია. იუწყებიან, რომ იზოლირებულთაგან ზოგს დაავადების სიმპტომებიც აღენიშნება.
მოვლენათა ეპიცენტრში მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩაფრინდა რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ანა პოპოვა, რათა საგანგებო სიტუაცია პირად კონტროლზე აიღოს. თუმცა, ოფიციალური პირები და თავად პოპოვა მომხდარის დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა გააუქმა მასობრივი ღონისძიებები და განაცხადა, რომ რეგიონში “საშიში ინფექციური დაავადებაა“, თუმცა შავი ჭირი პირდაპირ არ უხსენებია. შეშინებულმა მოსახლეობამ აფთიაქებიდან ანტიბიოტიკების მარაგები სრულად დაცალა. გარდა ამისა, მეზობელი ბაიკალსკის მცხოვრებლებს ოფიციალური შეტყობინებით მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ შელეხოვში მგზავრობისგან, თუმცა ეს განცხადება მოგვიანებით ოფიციალური წყაროებიდან წაშალეს.
პოლიტიკურ ინსაიდერულ არხ Nezygar-ში შექმნილი ვითარება ჩინეთის ქალაქ ვუჰანს შეადარეს, საიდანაც COVID-19 გავრცელდა. “შელეხოვში შექმნილი ვითარება, სადაც შავი ჭირის კარანტინია გამოცხადებული, ვუჰანის შემთხვევას წააგავს“, - აფრთხილებს წყარო.
ცნობილია, რომ დარია შიპილოვა რუსეთ-მონღოლეთის საზღვართან სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდა, სადაც სწრაფად გავრცელებადი ინფექციები დაფიქსირდა. სწორედ ამ ექსპედიციის დროს გახდა იგი ცუდად.
ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, როგორ დაინფიცირდა 28 წლის მეცნიერი. რუსულ მედიაში გავრცელდა ვერსია, თითქოს მან ლაბორატორიაში დიაგნოსტიკური ტესტირებისას შემთხვევით გატეხა სინჯარა, რომელიც საშიშ ბაქტერიას შეიცავდა.
თუმცა, აშშ-ში მცხოვრებმა ცნობილმა რუსმა ეპიდემიოლოგმა მიხაილ ფავოროვმა სინჯარის ვერსიას “საცილო“ უწოდა. მისი განმარტებით, შავი ჭირის ინსტიტუტის თანამშრომლებს სპეციალური დამცავი კოსტიუმები აცვიათ და სინჯარის გატეხვის შემთხვევაშიც კი დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია.
ფავოროვის თქმით, ის, რომ მოსკოვიდან ანა პოპოვა პირადად ჩაფრინდა, იმაზე მიუთითებს, რომ ვითარება “კრიტიკული და საშინელია“. ექსპერტი ვარაუდობს, რომ მეცნიერს სუნთქვის პრობლემების გამო შეცდომით COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიაერთეს, ხოლო ადრეულ ეტაპზე ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ ჩაუტარეს, რასაც მისი გადარჩენა შეეძლო. ამ შეცდომას, შესაძლოა, უამრავი სხვა ადამიანის დაინფიცირება მოჰყოლოდა.
“ჩვენ არ გვეტყვიან, რა მოხდა სინამდვილეში“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი და დასძენს, რომ ხელისუფლება ფაქტების მიჩქმალვას ცდილობს.

ცნობისთვის, შავი ჭირი ის ბაქტერიული დაავადებაა, რომელმაც შუა საუკუნეებში ცნობილი “შავი სიკვდილი“ გამოიწვია. რუსეთში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა 2016 წელს დარეგისტრირდა, როდესაც 10 წლის ბიჭი წავის გატყავებისას დაინფიცირდა.
ფილტვისმიერი ჭირი “შავი ჭირის“ ყველაზე მძიმე, სწრაფად პროგრესირებადი და გადამდები ფორმაა. ის წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რომლის მკურნალობაც უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან პირველივე 24 საათის განმავლობაში, უშუალოდ სტაციონარში (საავადმყოფოში), ინტენსიური თერაპიისა და იზოლაციის პირობებში.
იხილეთ ასევე: