"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!" - ფრიდრიხ მერცი

"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!" - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კიევში იმყოფება, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და გამოხატოს მოლაპარაკების მიმართ მზაობა.

„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მზად ვართ, განვიხილოთ ამ ომის დასრულების საკითხი. მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მერცმა.

ფრიდრიხ მერცი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დრონის დარტყმის შედეგად დაზარალდა.

მედიის ინფორმაციით, მერცის უკრაინაში ვიზიტის დროს რუსეთის მხრიდან თავდასხმის გამო განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. ერთ-ერთი თავდასხმის დროს კი კიევის ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაზიანებული შენობის წინ კანცლერმა აღნიშნა, რომ ისეთი თავდასხმები, როგორიცაა გასული ორშაბათის შემთხვევა, ნათლად აჩვენებს ამ ომის უაზრობას.

„თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კიევში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, იმ დროს, როცა უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ყოველდღიურად ხდება.

„კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმება - და იარაღი უნდა გაჩუმდეს“, - აღნიშნა მერცმა.