"თურქეთში არ წამიყვანონ,“ - ეს პატარა ევა ბუთიაშვილის პირველი რეაქცია იყო, როცა გაიგო, რომ მისი ვიდეო ცნობილი თურქი მსახიობის, დემეთ ოზდემირის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეო ახლა უკვე უცხოელ მაყურებლამდეც მივიდა.
დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა და დაწერა: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“. მსახიობის გამოხმაურებას თურქი ინტერნეტმომხმარებლების ინტერესიც მოჰყვა.
ამბავი ევასაც გაუგია. პატარა გოგონასთვის კი ეს ახალი ამბავი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა .
ევა და მისი უფროსი და, ანამარია, სოციალურ ქსელებში დედის მიერ გადაღებული ოჯახური ვიდეოებით გახდნენ ცნობილი.
თავდაპირველად ფიქრია ვიდეოებს უფროსი ქალიშვილის, ანამარიას მუსიკალური გაკვეთილებიდან აქვეყნებდა. მოგვიანებით კი კადრებში პატარა ევაც გამოჩნდა - გოგონა, რომლის ბუნებრივმა ქცევამ და განსაკუთრებულმა მანერამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.
ევა კამერის წინ არ თამაშობს. დედის თქმით, მისი განსაკუთრებული ხასიათი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩანდა, თუმცა კამერაში მისი ბუნებრიობის სრულად გადმოცემა რთულია.
ფიქრია ბუთიაშვილი - ევას დედა:
"გამიხარდა, ძალიან. თუ მიამსგავსა საკუთარ თავს, ალბათ ჰგავს. სერიალს ვუყურებდი, სადაც ეგ მსახიობი თამაშობდა და ძალიან მომწონს. ევამ რომ გაიგო ძალიან გაუხარდა და თქვა: "ვაიმე, თურქეთში არ წამიყვანონ, ანამარ".
თავიდაპირველად, უფროსი ქალიშვილის ვიდეოებს ვდებდი. ევა რომ გაიზარდა მასაც გაუჩნდა სურვილი. ერთ დღეს მითხრა, დადე ჩემი ვიდეოო. მართლაც დავდე, რომ გათენდა უკვე პოპულარული იყო," - ამბობს დედა.
ასევე წაიკითხეთ: "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ" - მილიონობით რეაქცია და აღფრთოვანებული უცხოელები: პატარა ევას ვიდეოს დემეთ ოზდემირიც აზიარებს: რას წერს თურქი მსახიობი