მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილმა დანაშაული აღიარა. ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი ჟულებინსკის ბულვართან მდებარე ბინაში იპოვეს, მისი ქალიშვილის ცხედარი კი - ახალ მოსკოვში, ავტოფარეხში, რომელსაც გოგიაშვილი იყენებდა. ორივე ადგილზე სამართალდამცავებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავები აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბინაში ასევე იპოვეს სავარაუდო დანაშაულის იარაღები და სისხლის მსგავსი ნივთიერების კვალი. იქვე აღმოჩნდა იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავიც.
მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცავების ერთ-ერთი ვერსიით, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი ყოფილიყო.
გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა ახალ მოსკოვში მდებარე ავტოფარეხს მიაკვლიეს, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი, თეიმურაზ გოგიაშვილი იყენებდა. ავტოფარეხში გამომძიებლებს ელენა წერეთლის 19 წლის ქალიშვილის ცხედარი დახვდათ. იქვე. იარაღისა და საბრძოლო მასალის კიდევ ერთი სამალავი აღმოაჩინეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ამ ეტაპზე არ განუმარტავს, როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. გამოძიებამ გოგიაშვილის გადაადგილების მარშრუტი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით აღადგინა. მამაკაცი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს.
გოგიაშვილთან ერთად დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ქალიც. სამართალდამცავები ამოწმებენ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი დანაშაულთან.
რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილმა დაკითხვისას დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად ახალგაზრდა ქალი მოკლა, შემდეგ კი - მისი დედა.

თეიმურაზ გოგიაშვილი 47 წლისაა. ის წარსულში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული - მუშაობდა ლოგისტიკის სფეროში, მოგვიანებით ბიზნესში სცადა ბედი, გარკვეული პერიოდი კი ფიტნეს-მწვრთნელადაც მუშაობდა.
ყოფილი მეუღლის განცხადებით, გოგიაშვილი საწყობის მენეჯერად მუშაობდა და ბიზნესსაქმიანობითაც იყო დაკავებული. ქალი ამბობს, რომ მასში აგრესიისკენ მიდრეკილება მანამდე არასდროს შეუმჩნევია.
რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილი ფიტნეს-მწვრთნელადაც მუშაობდა. ის ატარებდა ძალისმიერ და ფუნქციურ ვარჯიშებს და კლიენტებისთვის კვების პროგრამებს ადგენდა.
მისი სახელი დაახლოებით 43 მილიონი რუბლის ოდენობის საარბიტრაჟო დავაშიც ფიგურირებს. საქმე სახელმწიფო კონტრაქტის ფარგლებში წინასწარ მიღებული თანხის დაბრუნებას ეხებოდა, რადგან შესაბამისი სამუშაოები არ შესრულებულა.
2020 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგიაშვილს რუსეთში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასახელდა. გოგიაშვილმა აკრძალვა გაასაჩივრა. სასამართლოს ფაილებში აღნიშნულია, რომ იმ პერიოდში მას რუსეთში რუსეთის მოქალაქე მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები ჰყავდა. მას ასევე ჰქონდა მუშაობის პატენტი და რუსეთში ბინადრობის უფლება.
სასამართლომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკანონოდ ცნო.
თეიმურაზ გოგიაშვილის წარმომავლობისა და განათლების შესახებ რუსულ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. Mash-ის ინფორმაციით, გოგიაშვილი საქართველოში დაიბადა და საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
Baza-ს ვერსიით კი, ის დონეცკიდან არის, ლუგანსკში სწავლობდა და "ლუგანსკენერგოპრომში“ მუშაობდა, რის შემდეგაც რუსეთში გადავიდა. TASS-ის წყაროს ცნობით, თეიმურაზ გოგიაშვილი 1979 წელს არის დაბადებული და საქართველოს მკვიდრია.
"ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ მიუციათ“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
ელენა წერეთელი 53 წლის იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, სპეციალობით "მენეჯმენტი“. წერეთელი სილამაზის სალონ "Ваш облик“-ს ფლობდა. კომპანიის შემოსავალმა, რომლის მეშვეობითაც სალონი მუშაობდა, 2025 წელს 1,9 მილიონი რუბლი შეადგინა.

ელენას ნაცნობი ტატიანა რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ბიზნესმენი მასთან მანიკიურის გასაკეთებლად დაახლოებით თვეში ორჯერ მიდიოდა. ის ელენას ქალიშვილსაც იცნობდა.
დაღუპული ელენა წერეთლის ყოფილი მეუღლე მამუკა წერეთელი მისი ბიზნესის თანამფლობელიც იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ განქორწინდა და ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მათ საერთო ქალიშვილი ჰყავდათ, რომელიც 19 წლის იყო.
მამუკა წერეთელი სარესტორნო ბიზნესში 2000-იანი წლების ბოლოდან საქმიანობს. მისი კომპანია მოსკოვში Subway-ის ქსელს ავითარებდა და 2010 წლისთვის მის მართვაში შვიდი ობიექტი იყო.
მოგვიანებით მამუკა წერეთელმა საკუთარი პროექტების განვითარება დაიწყო. მათ შორის იყო გასტროპაბი Beer Pairing.