საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო ტალღამ სასწავლო პროცესის ნაწილობრივი კოლაფსი გამოიწვია.
ქვეყნის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, დღეს ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იქნება, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
მისი თქმით, 400-500 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდება, რადგან უსაფრთხოების პირობები დაკმაყოფილებული არ არის.
მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 24 სკოლა "დაიწვა ან გაიძარცვა“, ხოლო პერსონალის 78 წევრი დაშავდა.

ადგილობრივი მედიების ცნობით, მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. ისინი სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.
მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლებში მასწავლებელთა სიმცირესთან ერთად პრობლემას ისიც წარმოადგენს, პედაგოგები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და არავინ ცდილობს ეს პრობლემები მოაგვაროს.
საპროტესტო აქციის მომაწილეები აცხადებენ, რომ სკოლებში ელემენტარული ინფრასტრუქტურული პირობები არ არსებობს. მაგალითად მოჰყავთ გასული ზაფხული, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი იყო, სკოლების დიდ ნაწილშ კონდინცირების პრობლემა იდგა.

ამასთან, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები საზოგადოებას სამშაბათს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს და მიზეზად მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არარსებობა დაასახელეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.
მან ასევე რეგიონების ხელმძღვანელებთან სამშაბათისთვის შეხვედრა დანიშნა, რათა ქვეყნის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასკოლო შენობების საფუძვლიანი განახლების საკითხი განიხილონ.