ავტორი:

"გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“ - 10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე

"გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“ - 10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე

პირველ სტუდიაში“ თათია სულუაშვილმა ცხოვრების ის მხარეზე ისაუბრა, რომელსაც მაყურებელი ეკრანზე იშვიათად ხედავს. მსახიობი, რომელიც წლებია ადამიანებს სიცილითა და იუმორით ამხიარულებს, ეკა ჩხეიძესთან საუბრისას ბავშვობის რთულ წლებზე, 10 წლიდან მუშაობაზე, მსახიობობისთვის ოჯახის წინააღმდეგ წასვლაზე, პროფესიულ სურვილებსა და იმ მძიმე პერიოდზე საუბრობს, რომელიც მისი მეორე შვილის, დათას, აუტისტური სპექტრის დიაგნოზს მოჰყვა.

  • თათია ჰყვება, როგორ დაიწყო შვილთან ერთად ყოველდღიური თერაპიები და როგორ გაგრძელდა ეს ბრძოლა ცხრა წლის განმავლობაში - სამსახურის, უძილო ღამეებისა და მუდმივი დაძაბულობის ფონზე. დღეს კი დათა სკოლაში დადის, ფეხბურთზე დადის, დამოუკიდებლად გადაადგილდება და თათიას თქმით, თერაპია აღარ სჭირდება.

მსახიობი ასევე იხსენებს ბაზრობაზე გატარებულ ბავშვობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს და ერთ მოხუც ქალს, რომლის სახელიც საკუთარ შვილს დაარქვა

"სახლში ძალიან მოწყენილი, მშვიდი და წყნარი ვარ“

სახლში ძალიან მოწყენილი, მშვიდი და წყნარი ვარ. ხანდახან ჩემი ქმარი მეუბნება, შეიძლება სახლშიც ასეთი მხიარული იყო კვირაში ერთი დღეო?! სოციალურ ქსელში სულ ისეთ ვიდეოებს ვდებ, რომ ადამიანებს ვამხიარულებ, სახლში კი მინდა, ჩემთვის, მშვიდად სავარძელში წამოვწვე, ხალათი ჩავიცვა და მყუდროდ და წყნარად ვიჯდე.

უკვე 20 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და რაღაც განწყობას ვუქმნი ადამიანებს - თითქოს სულ პოზიტიური და დადებითი უნდა იყო. ერთხელ ქორწილში ვიყავი და სუფრაზე რომ დავჯექი, ისეთი მზერა იყო მომართული ჩემკენ, ელოდებოდნენ, რომ რაღაც უნდა დამეწყო და გამემხიარულებინა. ხანდახან ვიღლებით, მაგრამ ვინ გაცდის?! სახლშიც კი ითხოვენ ამას.

"10 წლიდან დავიწყე დედასთან ერთად ფეხსაცმლის გაყიდვა“

10 წლიდან დავიწყე მუშაობა. დედას ბაზრობაზე ფეხსაცმლის დახლი ჰქონდა. ოთხი დედმამიშვილი ვართ და იყო პერიოდი, როცა დედას დახმარება სჭირდებოდა. მარტო ვეღარ უმკლავდებოდა ოთხი შვილის შენახვას. მე გამოვიჩინე ინიციატივა და 10 წლის ასაკიდან დავიწყე დედასთან ერთად ფეხსაცმლის გაყიდვა ბაზრობაზე.

სკოლას რომ დავამთავრებდი, გაკვეთილების შემდეგ ჩავდიოდი დედასთან დასახმარებლად, მერე ამოვდიოდი და ღამე სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი. იმ პერიოდში ბავშვები ასე არ მუშაობდნენ. პირველი ბავშვი ვიყავი, რომელიც ბაზრობაზე იდგა და დედასთან ერთად მუშაობდა. ახლა ჩემს შვილს რომ ვუთხრა, ბაზრობაზე უნდა დადგეო, შეიძლება დეპრესია აიკიდოს, მაგრამ მე ისეთი ბედნიერი ვიყავი, ეს არ მთრგუნავდა.

ისეთი პატარა ვიყავი, რომ დახლს ვერ ვწვდებოდი. ორი დიდი ბლოკი მოვიტანე, ერთმანეთზე დავაწყობდი და იმაზე ვიდექი. ერთადერთი დისკომფორტი ის მქონდა, რომ წინ საფულე მეკეთა. ერთხელ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ჩამოიარა, არ იცოდა, რომ ვმუშაობდი და მკითხა: "თათია, შენ აქ რა გინდა?“ მე ვუთხარი, დედას ვეხმარები-თქო.

"ცოტა ბავშვობას ჩამოვრჩი“

ამ წლებმა ის მომიტანა, რომ ცოტა ბავშვობას ჩამოვრჩი. ჩემი მეგობრები ეზოში თამაშობდნენ და მეძახდნენ, მე კი არ მეცალა. ჩავდიოდი ცოტა ხნით, მაგრამ ის კმაყოფილება არ მქონდა. ბავშვებთან თამაშის დეფიციტი მქონდა. მერჩივნა, დედას დავხმარებოდი. ალბათ ეს სიყვარული იყო. მეგონა, რომ დიდი გოგო ვიყავი და მე უნდა გამეკეთებინა ეს, მე უნდა დავხმარებოდი დედას. მამას მაშინ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ისე ვერ ეხმარებოდა დედას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო და გავაკეთე კიდეც.

დედამ მასწავლა ფულის ყადრი და შრომის ფასი. არასოდეს მომსვლია ყველაფერი მზამზარეულად. დედას შეეძლო ჩემთვის მეტი მოეცა და ამის საშუალებაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს დამსახურებულად ვაკეთებდით. ეს სპეციალურად გააკეთა, რომ მე მცოდნოდა შრომის ფასი და მადლობელი ვარ ამის, რადგან დღეს, როცა ოჯახი და შვილები მყავს, მეც ასე ვასწავლი ჩემს შვილებს.

მე-11 კლასში სკოლაში კავეენში ვთამაშობდი. მაშინ ვანო ჯავახიშვილი გვამზადებდა. იქ გავიცანი ვანო. მერე, როცა ვანო უკვე თსუ-ში იყო, მითხრა, ჩვენთან კავეენში ხომ არ მოხვალო. ვითამაშე ვანოსთან ერთად. შემდეგ დამიკავშირდა და მითხრა, შაბათის შოუში მსახიობად გვინდა, რომ მოხვიდეო.

"ტელევიზიაში მაინც წამოვედი“

ამ დროს უკვე თეატრალურში მქონდა ჩაბარებული. ეს ოცნება იმდენად ჩემი იყო, რომ ტელევიზიაზე ცოტა დავფიქრდი. არ მინდოდა, რადგან მეშინოდა, სწავლაში ხელი შემეშლებოდა. თუმცა საბოლოოდ დავთანხმდი და ტელევიზიაშიც დავიწყე მუშაობა. შევათავსე. ამას თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორების წინააღმდეგობა მოჰყვა. არ უნდოდათ, ტელევიზიაში ვყოფილიყავი. მაშინ თამილა ლასხიშვილი მასწავლიდა მეტყველებას და ძალიან მთხოვა, არ წახვიდეო, თეატრში უნდა იყო და ეს ხელს შეგიშლისო. მაგრამ ტელევიზიაში მაინც წამოვედი.

ოთხი წელი ჩვეულებრივად დავამთავრე, საკურსო და სადიპლომო სპექტაკლიც ვითამაშე. ძალიან კარგად ჩაიარა. სადიპლომო სპექტაკლის დროს როლს არ მაძლევდნენ, რაღაცნაირი დასჯა იყო. ბოლოს გადაწყდა, რომ მაინც მოეცათ როლი და საკმაოდ კარგად გავართვი თავი. უმაღლესი ქულები ავიღე. ტელევიზიას მაინც არ დავანებე თავი და მიხარია, რომ არ დავანებე, იმიტომ რომ სადიპლომო სპექტაკლის დროს მარჯანიშვილის სხვენში ვთამაშობდით სამი თვე და სამ თვეში 77 ლარი ავიღე. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან დაუფასებელი პროფესია გვაქვს.

"იუმორი რომ არა და ჩემი სამსახური რომ არა...“

პირად სირთულეებთან გამკლავებაში იუმორი ძალიან ბევრჯერ დამხმარებია. ალბათ იუმორი რომ არა და ჩემი სამსახური რომ არა, დღეს არ ვიცი, ოთახში ვიჯდებოდი ჩაბნელებულ ფარდებში და ვერც გამოვიდოდი გარეთ. ბევრი რთული წელი გამოვიარე და ეს იყო ცხოვრებაში პირველად, როცა საკუთარ თავს გავუმკლავდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან ძლიერი ვარ.

იყო პერიოდი, როცა ექიმთან დარეკვაც კი არ შემეძლო ჩემი ქმრის გარეშე. ბავშვს ვერ მივიყვანდი პედიატრთან, ვთხოვდი ჩემს ქმარს, შენ დაურეკეო. ასეთი თათია არსებობდა და დღეს იმდენად ძლიერი ვარ. ჩემი შვილის ფაქტორმა განაპირობა ეს. ბევრი წლის წინ, როდესაც ჩემი მეორე შვილი დათა წლინახევრის იყო, დაესვა აუტისტური სპექტრის დიაგნოზი.

ეს ისეთი რთული იყო - ამ დიაგნოზის მოსმენა, როცა ინფორმაცია არ გაქვს და არ იცი, რა არის აუტისტური სპექტრი და როგორ გაუმკლავდე. ამ დროს მსახიობი ხარ და ეს დამეხმარა. ძალიან დამეხმარა ის, რომ ეკრანზე ადამიანები გელოდებიან, ეკრანს მიღმა უნდა გააცინო და არ გაქვს უფლება, მოიწყინო, თან ამ დროს ურთულესი პრობლემა გაქვს, როცა შენს შვილს ეხება. მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, ნერვიულობა რა იყო. არ არსებობდა პრობლემა, რომელიც მე მომერეოდა, მაგრამ შვილის ფაქტორი საშინელება იყო, როცა არ იცი, რა გააკეთო.

"უცებ დაეწყო რეგრესი“

დათა იყო ერთი წლის და ცხრა თვის. რაღაც არ მომწონდა, რაღაც ვერ იყო ბავშვი კარგად. ალბათ ვფიქრობდი, კბილები ამოსდის, ალბათ ეს ტირილი იცის. წლის და ხუთი თვის ასაკში რაღაც სიტყვები, რომლებიც იცოდა - დედა, მამა, ბაბუ, პაპა - უცებ დაეწყო რეგრესი. რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. დაძახებაზე რეაქცია აღარ ჰქონდა, მზერა აღარ ჰქონდა, შიშის ფაქტორი საერთოდ არ ჰქონდა. ფუნქციური ნივთის თვისებას, აღქმას ვერ ახერხებდა - "მომიტანე“, "წაიღე“ და ასე შემდეგ. ჩემზე რეაქცია აღარ ჰქონდა. მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად.

მივიყვანეთ ნევროპათოლოგთან. გვითხრა, რომ არაფერი არ იყო. შემდეგ ფსიქიატრთან მივიყვანეთ. საკმაოდ პატარა იყო და მითხრა, ამ ასაკში დიაგნოზი არ ისმებაო, თუ ეჭვი გვაქვს, დიაგნოზი სამი წლიდან ისმებაო. მაგრამ ვუთხარი, თუ რაღაც მარცვლისოდენა მაინც ეჭვი გეპარებათ, მირჩევნია მითხრათ და არ დაველოდო სამ წელს. ფსიქიატრმა კომპიუტერი შემომიტრიალა და მითხრა, აუტისტური სპექტრის ნიშნები არისო. გავუკეთეთ ADOS-იც და დადასტურდა.

"გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“

როგორ მახსოვს ის კადრი - გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული სამუშაოდ და ორ პატარასთან ერთად სახლში ვიყავი. არც ის ვიცოდი, რა მესწავლა. დავიწყე ინფორმაციის მოძიება - როგორ ვუშველო ამ ბავშვს.

ვიფიქრე, კარგი, თერაპიები გვჭირდება - ABA თერაპია, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია. მაგრამ ჯერ მეტყველებამდე სად ვარ? მეგონა, ერთ წელში შეიძლება მორჩეს, მაქსიმუმ. ერთი წელი კი არა, ცხრა წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე. იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაშიც მეძინა, იმიტომ რომ არ იძინებდა. ძილი დარღვეული ჰქონდა. სულ გარეთ უნდოდა ყოფნა. მყავდა ხელში, პლედი მქონდა მოხვეული, ბორდიურზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის ჩაეძინებოდა. მერე ჩაძინებულს ამოვიყვანდი, დავაწვენდი და მეც იქვე, ტანსაცმლით მიმეძინებოდა.

"მე ეს უნდა გამეკეთებინა, მე ეს უნდა შემძლებოდა“

დილის 10 საათზე სამსახურში უნდა წავსულიყავი. მანამდე ისევ თერაპია გვქონდა. თერაპიიდან სამსახურში მივდიოდი, სამსახურიდან გამოვიქცეოდი და ბაღშიც მინდოდა მისვლა, რადგან ჯგუფური თერაპიაც გვინდოდა. ბავშვებთან ურთიერთობა ცოტა უჭირდა, ვერ თამაშობდა და ვითომ ჩემებურად იქ ვიჯექი და ბავშვებთან ერთად რაღაც ჩართულობა მქონდა, ვცდილობდი, კომუნიკაცია ჰქონოდა. რომ ვიხსენებ ამ პერიოდს, ახლა რომ ისევ დამიდგეს, ალბათ ვეღარ შევძლებდი. მაშინ საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ისეთ ენერგიაზე ვიყავი, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა, მე ეს უნდა შემძლებოდა.

ცხრა წელი ზუსტად ასე, ყოველდღე. თერაპიებსაც ვესწრებოდი და მეც შევისწავლე. ერთია, რომ დახურულ სივრცეში ბავშვებთან მუშაობს თერაპევტი, მაგრამ სახლში ძალიან მნიშვნელოვანია დედის როლი. თუ სახლში არ იმუშავე ბავშვთან ერთად, თუ ავტორიტეტი არ გახდი, მას ვერ მართავ. უნდა იცოდე მასთან მუშაობა.

"ჩვენ იმ 9 პროცენტში მოვხვდით“

რა მოხდა, არ ვიცი. ეს არ არის ის დიაგნოზი, რომელიც ასე მარტივად არ იკურნება. შეიძლება 100-იდან რაღაც 9 პროცენტს მოეხსნას დიაგნოზი და ჩვენ იმ 9 პროცენტში მოვხვდით. თერაპიამ იმუშავა. ალბათ იმანაც, რომ ჩემი ჩართულობა იყო და არ დავანებე ამ ბავშვს თავი. არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ თათია, დაიღალე. კი, თათია დაიღალა, ამ ჩართულობით ძალიან დაიღალა, მაგრამ არა - მე ამის უფლება არ მქონდა. როცა შვილს ეხება, რა არის ჩემი მოდუნება?

როგორც კი მოვრჩით, მაშინ მოვეშვი. რწმენას და თავდაჯერებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მჯეროდა, რომ დათას გამოვიყვანდი იმ მდგომარეობიდან. ისრაელში ხშირად მიწევდა წასვლა. მახსოვს, გოდების კედელთან მოვხვდით მე და თამუნა. ადამიანები თავიანთ სურვილებს ფურცელზე წერდნენ. პატარა ფურცელზე დავწერე, რომ მინდა, დათას დიაგნოზი ოდესმე მოეხსნას. ძალიან წვრილად დავახვიე და კედელში შევაცურე. მე მჯერა, რომ ამისრულდა. რისიც გჯერა, რისიც გწამს, ის აუცილებლად აგისრულდება. არ ვიცი, რა იყო ეს განსაცდელი. უფალმა მომივლინა, ალბათ რაღაც უნდა დამენახა, რაღაც უნდა შემეცვალა, ჩემი სისუსტე უნდა გამომესწორებინა ან უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი.

"ერთ მკლავზე დათა მეწვინა, მეორე მკლავზე ქეთო“

ქეთო მაშინ პატარა იყო და იმასაც იმავენაირად უნდოდა დედა, მაგრამ სულ დათასთან ვიყავი. ერთ მკლავზე დათა მეწვინა, მეორე მკლავზე ქეთო და მე სადღაც აყირავებული ვიყავი. ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება იმ პერიოდში აღარ მქონდა. ახლა დავიწყე მოგზაურობა, საკუთარი თავის დაფასება.

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ალბათ ის გზაა, რაც გამოვიარე - ჩემი ბავშვობა. ამ პერიოდში, 10 წლიდან 20 წლამდე, რაც გავიარე, ეს გზა იყო ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ამ ათი წლის განმავლობაში ერთი მოხუცი ქალი გავზარდე. უფრო სწორად, ერთად გავიზარდეთ ბაზრობის პერიოდში.

ძალიან უჭირდა. მისი შვილი დაიჭირეს, რაღაც მოიპარა, საჭმელი მოიპარა და ციხეში დაიჭირეს. ეს ქალი შემწეობას ითხოვდა. 10 წლის განმავლობაში მოდიოდა ჩემთან, ვაძლევდი ფულს, ყოველდღე მიმყავდა სასადილოში, რომელიც მაშინ ბაზრობაზე იყო და 10 წლის განმავლობაში ამ ქალს იქ ვაჭმევდი.

10 წლის შემდეგ, როდესაც უკვე წამოვედი, თეატრალურში ჩავაბარე და მუშაობა დავიწყე, ეს ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

იმ ქალს ქეთო ერქვა. ჩემს შვილსაც ქეთო ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა ის ქალი. როცა მოდიოდა, სულ თვალებით მეძებდა. თუ არ ვიყავი, ეკითხებოდა, თათია სად არისო. უნდა ჩამიყვანოსო. მეძებდა თვალებით. როცა გავიგე, რომ გარდაიცვალა, სადღაც საკუთარი თავი დავადანაშაულე, რომ მერე ვეღარ მივაქციე ყურადღება.

სიკეთე უნდა ვაკეთოთ აუცილებლად. აუცილებლად წინ დაგვხვდება. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.