ავტორი:

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 29 ნოემბრისთვის ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა. მედიის ინფორმაციით, სანჩესის ამ განცხადებას წინ უძღოდა შაბათ-კვირას გამართული კონსულტაციები მის უახლოეს მრჩევლებთან.

"დროა, ესპანელებმა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ“, - განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს მისმა უმცირესობის მთავრობამ პარლამენტში მარცხი განიცადა: კანონმდებლებმა უარყვეს ზომები, რომლებიც ესპანეთში საბინაო კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.

სანჩესის განცხადებით, ენდობა ესპანელ ამომრჩევლებს და სჯერა, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ.

"მეტის გასაკეთებლად საჭიროა ხალხის მხარდაჭერის განახლება და გაფართოება“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა და დასძინა, რომ მისი მიზანია "პარლამენტში გაცილებით ფართო, პროგრესული უმრავლესობის უზრუნველყოფა“.

არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მოჰყვა საბინაო ხარჯებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბურ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ოპოზიციურმა პარტიებმა პარასკევს უარყვეს მთავრობის მიერ შეთავაზებული ზომები, რომლებიც მოიცავდა იჯარის ხელშეკრულებების ავტომატურ გახანგრძლივებას და დაუცველი მოიჯარეების გამოსახლების შეზღუდვას. მედია წერს, რომ საპარლამენტო მარცხმა ნათლად აჩვენა ის სირთულეები, რომლებსაც სანჩესის უმცირესობის კოალიცია კანონმდებლობის მიღებისას აწყდება.

ესპანეთში საბინაო პრობლემასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში 87 წლის მარიკარმენ აბასკალი მადრიდში მდებარე ბინიდან გამოასახლეს, სადაც ის ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. ამ ფაქტის შემდეგ ასობით დემონსტრანტმა მადრიდის ცენტრში კარვების ქალაქი მოაწყო.