ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მოიცა, ხომ არ ბნელა მართლა! აღარ უნდა შეწყდეს ეს პარალელების გავლება მართლა და მართლა. გამაოგნებელია, ქოცები და განქოცებულები, ცოცხებს აღარ ახსენებენ, მაგრამ მაინც აწვებიან "კარანტინის დაშლის" კადრებს და იძახიან რა ხდება ისეთი ახლა, მაშინ რომ არ ხდებოდაო. სინამდვილეში თვითონ ბედუკაძემ მოყვა ინტერვიუებში თუ რაში იყო საქმე. ჯერ მან დადგა ცოცხების კადრები, რასაც ელიზბარაშვილიც ადასტურებს, შემდეგ მისმა დამკვეთმა სთხოვა დაბრუნებულიყო ციხეში და სხვა ბადრაგებიც დაეთანხმებინა ვიდეოში გადასაღებად. ხოდა დაბრუნდა და მის ქვეშევრდომებს და კოლეგებს დაავალა "კარანტინის დაშლის" მოწყობა და მათ ეს შეასრულეს, რაც ბედუკაძემ გადაიღო და დამკვეთს მიუტანა და ელიზბარაშვილი ერთადერთი დამკვეთი ნამდვილად არ ყოფილა. ხოდა ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ის, რომ ასეთი კადრების დადგმა და გადაღება შესაძლებელი იყო, მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ციხეში არ იყო პრობლემები. ქურდული სამყაროს კონტროლის აღმოფხვრას მოჰყვა ასევე გადაცდომები. რაც შეეხება ქოცებს, ადამიანის უფლებები მაშინაც ფეხებზე ეკიდათ და მითუმეტეს ახლა. რაც დასტურდება მათი სრული გულგრილობით ციხეში გაუპატიურების ნამდვილი მიმდინარე შემთხვევებზე. მოვუწოდებ ყველას, უპასუხოს 2012 წელზე ტყუილებს იმიტომ, რომ თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა, ქვეყანას ვერ გადავარჩენთ და კიდევ გიორგი თარგამაძე - შეწყვიტეთ ტოლობის ნიშნის დასმა ჩვენსა და ქოცებს შორის. ეს ნამდვილად არ გამშვენებთ" - წერს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.