4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.
ცნობისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქსო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.