ავტორი:

ვის გაუძნელდება სესხის აღება?! - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

ვის გაუძნელდება სესხის აღება?! - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2.000 და 2.500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილებები ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც განსაზღვრავს, ყოველთვიური შემოსავლის რა მაქსიმალური პროცენტი შეიძლება გადაიხადოს მოქალაქემ სესხის საპროცენტო და ძირითადი თანხის დასაფარად.კერძოდ, ლიმიტი უნახევრდებათ საშუალო შემოსავლის მქონე პირებს. რაც შეეხება 1.500 ლარამდე შემოსავლის მქონეთ, მათთვის აქამდეც მოქმედებდა მკაცრი 25%-იანი ლიმიტი, ეს წესი კი ახლა უკვე გავრცელდება 1.500-დან 2.500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზეც. აქამდე მათ შეეძლოთ შემოსავლის 50%-მდე მიემართათ სესხის დასაფარად, ახალი წესით კი ეს ზღვარი 25%-მდე მცირდება; ხოლო 2.500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ძალაში რჩება სტანდარტული, უფრო ლიბერალური 50%-იანი ლიმიტი.

  • ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეს გეგმა ორ ეტაპად ამოქმედდება - 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან 25%-იანი მკაცრი ლიმიტის ზღვარი 1.500-დან იზრდება 2.000 ლარამდე, 2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი მკაცრი შეზღუდვის ზღვარი საბოლოოდ 2.500 ლარამდე გაიზრდება.

ცხადია, ეს ახალი რეგულაცია პირდაპირ ამცირებს ხელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ მოცულობას იმ პირებისთვის, რომელთა შემოსავალიც 1.500-დან 2.500 ლარამდეა. ვინაიდან ყოველთვიური შენატანის მაქსიმალური თანხა განახევრდა, მოქალაქეები ბანკიდან გაცილებით ნაკლები მოცულობის სამომხმარებლო კრედიტის გამოტანას შეძლებენ, ვიდრე ადრე. მაგალითად, 2.000 ლარის შემოსავლის მქონე პირს თუ ადრე 1000 ლარის ყოველთვიური ვალდებულების აღება შეეძლო, 2027 წლიდან ეს მაქსიმუმ 500 ლარი იქნება.

სამომხმარებლო სესხი, 15%-იანი წლიური განაკვეთით, მაქსიმალური 4 წლის ვადით, მაღალი პროცენტის პირობებში, ძველი და ახალი ლიმიტების (1000 ლარი და 500 ლარი) მიხედვით სესხის მოცულობა ასე იცვლება - ძველი წესით (50% ლიმიტი) შეგეძლოთ მაქსიმუმ 35.900 ლარის აღება. ახალი წესით (25% ლიმიტი) მაქსიმალური თანხა მცირდება 18.000 ლარამდე - ანუ, კარგ შემთხვევაში ბანკი 17.900 ლარით ნაკლებს დაგიმტკიცებთ. ამას გამოაკლდება ერთჯერადი საბანკო მომსახურება, კიდევ სხვა ხარჯები და ცხადია, ხელზე კიდევ უფრო ნაკლების აღებას შეძლებთ - რა თქმა უნდა, სესხი საერთოდ თუ დაგიმტკიცდათ.

საქართველოში დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, ასეთი შემოსავლის მქონე პირმა იპოთეკური სესხის აღება შეძლოს, მაგრამ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, 14-15%-იანი სესხის პირობებში, ვინაიდან იპოთეკური სესხი გრძელვადიანია, ძველი წესით (50% ლიმიტი) ხელმისაწვდომი იქნებოდა მაქსიმუმ 75.100 ლარი. ახალი წესით (25% ლიმიტი) მაქსიმალური სესხი მცირდება 37.500 ლარამდე, ამას გამოაკლდება საბანკო მომსახურება და კიდევ სხვა ხარჯები. ასე რომ, დაბალშემოსავლიანებმა ბინებზე არც უნდა იოცნებონ. გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა პრობლემა ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ხარჯზე გადაწყვიტა.

რას მოიტანს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის სესხების აღების გართულება, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ.

- თუ ადამიანს ან ოჯახს 2.000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა, მას შეეძლო რამდენიმე პარალელური სესხის ყოველთვიურ გადასახადში 1000 ლარამდე მიემართა, ახლა კი ეს ლიმიტი 500 ლარამდე მცირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ვინაიდან სამომხმარებლო სესხის ვადა მაქსიმუმ 4 წლითაა განსაზღვრული, შემცირებული ყოველთვიური შენატანის ლიმიტის გამო 4-წლიან ჭრილში ავტომატურად მცირდება ასაღები სესხის მთლიანი მოცულობაც. ბანკის მიერ სესხის დასამტკიცებლად აუცილებელია, რომ მსესხებელი ამ ახალ ლიმიტებში ჩაეტიოს და მისი შემოსავალი საკმარისი იყოს. განაგრძეთ კითხვა