ახალი გამოქვეყნებული კვლევა ნათელს ჰფენს ისტორიას, თუ როგორ აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში არქეოლოგები იმ მიზნით, რათა დაახლოებით 30 000 ფასდაუდებელი ექსპონატი გადაერჩინათ მანამდე, სანამ სირიის ერთ-ერთ ქალაქს “ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) დაიკავებდა.
ჟურნალ “Museum Management and Curatorship“-ში გამოქვეყნებული სტატია დეტალურად აღწერს სირიაში, “დეირ-ეზ-ზორის მუზეომიდან“ კულტურული ფასეულობების გადარჩენის ოპერაციას.

მუზეუმის კოლექცია ათასწლოვან ისტორიას მოიცავდა. მასში უძველესი ქანდაკებები, სამკაულები და ლურსმული დამწერლობის ფირფიტები შედიოდა, მათ შორის უამრავი ნიმუში, რომლებიც ანტიკურ ქალაქ მარის გათხრებისას აღმოაჩინეს.
საინფორმაციო სააგენტო SWNS ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ოპერაცია 2014-2015 წლებში ჩატარდა, მისი დეტალები მხოლოდ ახლახან, მამუნ აბდულკარიმის კვლევაში გახდა ცნობილი. დეირ-ეზ-ზორის მუზეუმი სირიის უდიდეს მუზეუმთა რიცხვში არ შედიოდა, თუმცა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ კოლექციას ინახავდა. აქ თავმოყრილი იყო უძვირფასესი განძი, რომელიც მესოპოტამიის ისეთ ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლებზე იყო აღმოჩენილი, როგორებიცაა ჰალაფი, დურა-ევროპოსი და მარი.
აბდულკარიმი, რომელიც ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯას უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ისტორიის პროფესორია, ოპერაციას სირიის სიძველეთა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის მმართველის რანგში ხელმძღვანელობდა.

აბდულკარიმის თქმით, ოპერაცია უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან მუზეუმი სამხედრო აეროპორტს მხოლოდ ვიწრო და ძალიან სახიფათო დერეფნით უკავშირდებოდა.
მამუნის თქმით, ამ მოვლენებმა სირიის სიძველეთა დაცვის ორგანოებს უბიძგა სასწრაფოდ გადაეხედათ უსაფრთხოების გეგმებისთვის და დაეჩქარებინათ იმ მუზეუმების გადარჩენის ძალისხმევა, რომლებსაც ალყაში მოქცევის ან ოკუპირების საფრთხე ემუქრებოდათ.
“შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედებისთვის იდეალური მომენტი იშვიათად არსებობს; ხშირად, მეტი გარკვეულობის ძიებაში გადაწყვეტილების გადადება გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნის, ვიდრე გაურკვევლობის პირობებში მოქმედება, ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მხოლოდ იმას არ ეხება, თუ რას გადავარჩენთ. ეს ასევე ეხება იმას, თუ როდის გადავწყვეტთ მოქმედებას, ვის ვენდობით და რამდენად სწრაფად შევძლებთ ადაპტაციას“, - აცხადებს აბდულკარიმი.

“დეირ-ეზ-ზორის კოლექცია"სირიის მასშტაბით გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილას გადატანილი 300 000-მდე მუზეუმის ექსპონატის ფასდაუდებელ ნაწილს შეადგენს.