სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე “მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, “პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.
“ გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.