შვედეთში, კაროლინსკის ინსტიტუტში მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. პრესტიჟული ჯილდო ამერიკელ ნევროლოგსა და ფსიქიატრს, კარლ დეისეროტსა და მის გერმანელ კოლეგებს - პეტერ ჰეგემანსა და გეორგ ნაგელს გადაეცათ.
მათ რევოლუციური მეთოდი, ოპტოგენეტიკა შექმნეს, რამაც ტვინის შიდა მექანიზმების შესწავლასა და ადამიანის გონების უკეთ გაგებაში უდიდესი გარღვევა მოახდინა.

ნობელის კომიტეტმა მეცნიერთა სამეული ნეირომეცნიერებაში ახალი ეპოქის საძირკვლის ჩაყრისთვის შეაქო, რადგან მათ აჩვენეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დარღვევებთან დაკავშირებული კონკრეტული მეხსიერების, გრძნობებისა და ქცევების უკან მდგომი ნეირონული ჯაჭვების ჩართვა და გამორთვა.
ნობელის ასამბლეის განცხადებით, ოპტოგენეტიკამ ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ტვინის შესახებ. ყოველდღიურად ახალი აღმოჩენები კეთდება, რაც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს - ადამიანის ტვინის ფუნქციონირების ამოხსნას უწყობს ხელს.
გამარჯვებულებმა აღნიშნეს, რომ ამ ჯილდოს მიღება “აბსოლუტურად საოცარია“ და მათთვის დიდი პატივია ამ აღიარების მეგობრებთან გაზიარება. სამივე მეცნიერი თანაბრად გაინაწილებს 900 000 გირვანქა სტერლინგის (12 მილიონი შვედური კრონა) ოდენობის ფულად პრიზს.
მედიცინისა და ფიზიოლოგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, პერ სვენინგსონმა განმარტა, რომ ოპტოგენეტიკა იძლევა ტვინის რუკის შედგენის ისეთ შესაძლებლობებს, რომელზეც ადრე მეცნიერები მხოლოდ ოცნებობდნენ, ხოლო მანამდე ემოციების, ქცევებისა და ორგანიზმის ფუნქციების მიღმა არსებული შიდა პროცესები დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა.
ოპტოგენეტიკა წარმოადგენს ტვინის გზების “განათების“ მეთოდს, რომელიც წყალმცენარეებიდან მოპოვებულ სპეციალურ პროტეინს იყენებს, რათა მეცნიერებმა სინათლის მეშვეობით უჯრედების ელექტრული აქტივობა აკონტროლონ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჰეგემანმა და ნაგელმა აღმოაჩინეს ჩანელროდოპსინი (channelrhodopsin) - უნიკალური თვისებების მქონე წყალმცენარის პროტეინი.
ამის შემდეგ, კარლ დეისეროტმა შეიმუშავა მეთოდი, თუ როგორ გამოეყენებინა სინათლით მართვადი ეს პროტეინი თაგვების ტვინში ნერვული უჯრედების ჩასართავად. მას შემდეგ მკვლევრებმა შეძლეს ცხოველებში ნერვული უჯრედებისა და გზების შესწავლა, რათა მეტი გაეგოთ მათ ფუნქციებზე.
ნობელის კომიტეტის განმარტებით, სინათლის გამოყენებით მკვლევრებს ახლა შეუძლიათ ტვინში ცალკეული ნეირონული ჯაჭვების ჩართვა ან გამორთვა. მათ შეუძლიათ გააცოცხლონ მოგონებები, წარმოქმნან გრძნობები, მართონ ქცევები და შეისწავლონ ის ნეირონები, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ფსიქიატრიულ და ნევროლოგიურ დარღვევებში. გარდა ამისა, ეს მეთოდი იძლევა მნიშვნელოვან ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ნერვული სისტემა სხეულის სხვა ორგანოების (მაგალითად, გულისა და ნაწლავების) უჯრედებთან.
მკვლევრებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები ოპტოგენეტიკის სამედიცინო მკურნალობაში გამოსაყენებლად. მიმდინარე კლინიკურ კვლევებში მეცნიერები მუშაობენ მხედველობის აღდგენაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პიგმენტური რეტინიტით არიან დაავადებულები.
პიგმენტური რეტინიტი ანადგურებს თვალის ჩხირებსა და კოლბებს.
თვალის დაზიანებულ მიდამოში სპეციალური პროტეინის შეყვანით, პაციენტმა ნაწილობრივ დაიბრუნა მხედველობა, როდესაც სინათლის გამოსხივების მქონე სპეციალური სათვალე გაიკეთა. სინათლემ გააქტიურა თვალში შეყვანილი თერაპიული წყალმცენარის პროტეინები, რამაც მხედველობითი ფუნქციის აღდგენა გახადა შესაძლებელი.
იხილეთ ასევე: