ავტორი:

“არ ვიცით 100%-ით ზედოზირების მიზეზები; არ ვიცით, რა დიაგნოზით ხვდებიან პაციენტები გადაუდებელ განყოფილებებში“ - ზურა სიხარულიძე სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს ასახელებს

“არ ვიცით 100%-ით ზედოზირების მიზეზები; არ ვიცით, რა დიაგნოზით ხვდებიან პაციენტები გადაუდებელ განყოფილებებში“ - ზურა სიხარულიძე სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს ასახელებს

“ნებისმიერი ჩემი პოსტი ან საჯარო განცხადება ეფუძნება ან ფაქტებს, ან ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. არასოდეს ვცდილობ სიტუაციის დამძიმებას ან გალამაზებას — ვსაუბრობ იმაზე, რაც რეალურად ხდება,“ - ამის შესახებ ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურა სიხარულიძე წერს.

  • მისი თქმით, თუ სახელმწიფოში არ არსებობს მონაცემები, ტოქსიკოლოგიური კვლევის შესაძლებლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემა, შავი ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისი კლინიკური პროტოკოლები - ეს უკვე მხოლოდ ექიმის ან ექსპერტის პრობლემა აღარ არის.

“ამის საფუძველი მაქვს როგორც პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაცია, ასევე ღია წყაროებში გამოქვეყნებული მონაცემები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სხვა სანდო წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს.

დღეს ჩვენ:

1. არ ვიცით 100%-ით ზედოზირების მიზეზები;

2. არ გვაქვს სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგები და მათი დამოუკიდებლად ანალიზის შესაძლებლობა;

3. არ არსებობს ადრეული გაფრთხილების/პირველადი შეტყობინების სისტემა;

4. არ გვაქვს შავი ბაზრის კვლევების შედეგები და მათი სისტემური ანალიზი;

5. არ ვიცით, რა დიაგნოზით ხვდებიან პაციენტები გადაუდებელ განყოფილებებში და რამდენად სწორად ხდება ინტოქსიკაციისა თუ ზედოზირების დიაგნოსტიკა — მით უმეტეს, რომ კლინიკების უმეტესობას შესაბამისი ტოქსიკოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს;

6. ქვეყანაში არ არსებობს გაიდლაინები და პროტოკოლები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ინტოქსიკაციების მართვისთვის. ექიმები ხშირად მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებული, რადგან სპეციფიკური მკურნალობის შესაძლებლობები და შესაბამისი პროტოკოლები არ არსებობს;

7. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოხვედრილ პაციენტებს, რომლებსაც ინტოქსიკაციური ფსიქოზი უვითარდებათ, ასევე ვერ უტარდებათ შესაბამისი სპეციფიკური მკურნალობა. ნარკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფსიქიატრია პრაქტიკულად განცალკევებულ სისტემებად არის დარჩენილი, მაშინ როდესაც ასეთ პაციენტებს ხშირად ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტის ჩართულობა სჭირდებათ. ფსიქიატრებს კი უწევთ უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობა;

8. ქვეყანაში არ არსებობს ერთი ან რამდენიმე სპეციალიზებული გადაუდებელი განყოფილება, რომელიც მწვავე ზედოზირების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მძიმე ინტოქსიკაციისა და ინტოქსიკაციური ფსიქოზის პაციენტებს მიიღებს და მათ შესაბამის, კომპლექსურ მკურნალობას უზრუნველყოფს.

ამ პირობებში ჩემი ნებისმიერი საჯარო განცხადება უნდა განიხილებოდეს როგორც არსებული ინფორმაციის, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისგან მიღებული ცნობების, ღია წყაროებისა და კლინიკური გამოცდილების საფუძველზე გაკეთებული შეფასება და არა როგორც საბოლოო, 100%-ით დადასტურებული ტოქსიკოლოგიური დასკვნა.

მე არ ვამტკიცებ იმას, რისი დადასტურებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მაგრამ თუ სახელმწიფოში არ არსებობს მონაცემები, ტოქსიკოლოგიური კვლევის შესაძლებლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემა, შავი ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისი კლინიკური პროტოკოლები - ეს უკვე მხოლოდ ექიმის ან ექსპერტის პრობლემა აღარ არის.

ეს არის სისტემური პრობლემა.

და თუ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მე ვცდებოდი რომელიმე კონკრეტულ შეფასებაში - ამას ღიად ვაღიარებ.

მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ სიმართლეს ვამბობდი, მაშინ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა:

რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია დროულად და რატომ არ არსებობდა სისტემა, რომელიც ამის დადგენას შეძლებდა?“ - წერს სიხარულიძე.