ავტორი:

"დედასავით სწორად რჩევას არავინ მოგცემს. უფრო ვრწმუნდები, რომ ნანის უნდა დავუჯერო" - ეკა მამალაძის "სახალხო ინტერვიუ"

"დედასავით სწორად რჩევას არავინ მოგცემს. უფრო ვრწმუნდები, რომ ნანის უნდა დავუჯერო" - ეკა მამალაძის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მომღერალი ეკა მამალაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ანა:

- ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. როგორ ხართ და როგორ ჩაიარა ქალბატონი ნანის 90 წლის იუბილემ?

- დიდი მადლობა! მართლაც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ამბავი იყო ნანის იუბილე ჩემთვის და, მე მგონი, ყველასთვის.

დოდი:

- თქვენს ოჯახში მუსიკალური ტრადიცია თაობებს გადაეცემა. რთული და საპასუხისმგებლო იყო საკუთარი ხელწერის პოვნა ლეგენდარული დედის - ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო - დღესაც ვფიქრობ, რომ ნანის ჩრდილქვეშ ყოფნა რთულია… თუმცა ასაკმა რაღაცები დაალაგა ჩემს დამაჯერებლობაში, ჩემს მუსიკალურ პროფესიონალიზმში. შინაგანად უფრო გავძლიერდი და ვფიქრობ, ეს კომპლექსი აღარ მაქვს. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემს პროფესიაში მეც რაღაცას წარმოვადგენ. ეს ასაკმა და გამოცდილებამ მომცა. ამ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ემატება გემოვნება და დედის რჩევები.

უცნობი:

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მუსიკალური და ცხოვრებისეული გაკვეთილი, რაც დედისგან ისწავლეთ და თქვენს შვილებს გადაეცით?

- ვერ გეტყვით, რა არის მთავარი - ალბათ მთავარი ის ერთობლიობაა, რაც ჩვენს ოჯახში არსებობს. ეს არის ტრადიცია. ბებია გადმოგვცემდა ამ მთელ მუსიკალურ სიყვარულს, მუსიკისადმი ერთგულებასა და წესიერებას. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ოჯახიდან მოგვყვება, გადადის თაობებზე და მერე მეც ნატალიას გადავცემ. ეს ჩვენი ყოფის ერთობლიობაა.

დავითი:

- როგორია, როდესაც ერთ სცენაზე დგას სამი თაობა - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე? რას გრძნობთ ამ დროს, როგორც მომღერალი და როგორც დედა, თუნდაც შვილი?

- ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ამხელა მაყურებლის წინაშე დგახარ და სცენაზე სამი თაობა გამოდის. გამოსვლისას რას ვგრძნობ, ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც ყველაფერი მთავრდება და შენ შეასრულე, მაყურებლისგან ისეთი სიხარული და შეფასება მოდის, რომ ამით ბედნიერი ხარ.

ფოტოს ავტორი - ვანო გორგიშვილი

ქეთი:

- არის თუ არა თქვენს რეპერტუარში რომელიმე სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებას ან განცდას უკავშირდება და რომელსაც ყოველთვის სხვანაირი ემოციით ასრულებთ?

- განსაკუთრებულ პერიოდს ვერ გამოვყოფ. ჩემი საყვარელი, აკვიატებული მელოდია, რა თქმა უნდა, ძველი სიმღერაა, რომელიც სულ თან დაგდევს. მაგრამ, როგორც ცხოვრებაში, მაშინ სხვანაირად იმღერებდი, ახლა - სხვანაირად. შეიძლება სიმღერა ძველი იყოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ისეთი რამ იპოვო, რაც დღეს გახდება აქტუალური და საინტერესო. პერიოდულად რაღაც მომეწონება, მერე იმას განვავითარებ და ასე გამოდის მერე საყვარელი სიმღერა.

მსმენელი:

- როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში მსმენელთან ურთიერთობის ემოციები - რა იყო მთავარი 80-იანებში, 90-იან წლებში და რა არის დღეს?

- ეს ბუნებრივიც არის, 90-იანებში სხვა ცხოვრება და მდგომარეობა იყო, რასაც მსმენელზე თავისი გავლენა აქვს. მაშინ ის გავლენები იყო, ახლა ასეთია. თუმცა მთავარი ღირებულებები მაინც რჩება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც კარგად შესრულებულს კარგი მუსიკოსი შეგიფასებს.

მარი:

- სცენის, ყოველდღიურობისა და ოჯახური ზრუნვის მიღმა, რა არის თქვენი შინაგანი სიმშვიდისა და ენერგიის წყარო?

- ჩემი ენერგიის წყარო ახლობლების სიმშვიდე და კარგად ყოფნაა. ასევე ახალ პროექტზე მუშაობა, რაც შინაგანად მავსებს, მოცული ვარ ამით და მაცოცხლებს. შეიძლება ყველაფერი ვერ განვახორციელო, მაგრამ ამით ვცხოვრობ. ბევრი ოცნება და იდეა მაწუხებს, ბოლოს და ბოლოს შეიძლება რაღაც გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, მაგრამ ეს პროცესი კარგ ემოციებს მაძლევს.

ლაკო:- ვის უზიარებთ ემოციებს, აღელვების დროს?

- ჩემი თავის სიმშვიდე მომწონს. შეიძლება პატარაზე ავფორიაქდე, მეწყინოს ან გავბრაზდე, მაგრამ მერე გონებაში ისე კარგად ვალაგებ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ოჯახის წევრებიც საკმაოდ ბრძენი და ჭკვიანი ადამიანები მყავს - აღელვების დროს ძალიან დამამშვიდებენ, სწორ გზაზე დამაყენებენ და სულ 2-3 დღე მჭირდება, რომ ჩემი ტვინი სიმშვიდისკენ გადაერთოს... ადრე, აღელვებულზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისთვის მეთქვა რაღაც და წამიგია კიდეც, რადგან ჩემი აზრი ცუდად მიუტანიათ. ამაზე ნანი ყოველთვის მეუბნება: "ნურავისთან ნუ ხარ ასეთი გახსნილი, ჩემთან იყავიო“ და 100%-ით ვეთანხმები. დედასავით სწორად რჩევას არავინ მოგცემს. არ ვიცი, რამდენად დამჯერი შვილი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ვრწმუნდები, რომ ნანის უნდა დავუჯერო.

ლია:

- როგორია ეკა მამალაძე კულისებს მიღმა, როცა მუსიკა ჩუმდება და მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება?

- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სცენაზე ხარ, არის ბედნიერება, აპლოდისმენტები, კმაყოფილი ხარ, მაგრამ როგორც კი შენს სივრცეში შემოდიხარ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხდები. განდიდების მანია საერთოდ არ მაქვს. არ უნდა შეგცვალოს არც კომპლიმენტებმა და არც დიდმა წარმატებამ. მერე ისევ ის ჩვეულებრივი ეკა ხარ, რომელიც ზის და სულ სხვა რამეზე ფიქრობს... ხანდახან ხასიათზე არ ხარ და გგონია, ვერ იმღერებ, მაგრამ როდესაც სცენაზე გადიხარ, უფლება არ გაქვს, ვინმემ შეგატყოს, რომ ცუდად ხარ ან რაღაც გაწუხებს - თორემ მაშინ არც უნდა გახვიდე. რომ შემობრუნდები, ის დარდი არსად მიდის და ისევ უბრუნდები, თუმცა ეს ხშირად არ ხდება.

ნინო:

- ეკა ყოჩაღია, სახლის საქმეები ეხერხება და ოჯახის სხვა საკითხებსაც კარგად აგვარებს - ეს ქალბატონი ნანისგან მსმენია... რას იტყვით ამაზე?

- პირდაპირ შევიქებ ჩემს თავს - ძალიან კარგი ოჯახის მეურნე ვარ. თავს ვაბამ არა მხოლოდ სახლის საქმეებს, ჩემი მისია ოჯახის მართვაა. ადრე ეს სადავეები ბებიას - ცაბუს ჰქონდა, ახლა ჩემთან გადმოვიდა და ყოჩაღად ვმართავ. არ მიჭირს არც დალაგება, არც გახეხვა, არაფერი. ჩემი დამხმარე ნათია დგას ჩემ გვერდით და ერთად ვაკეთებთ, ხანდახან მასზე მეტიც შემიძლია გავაკეთო… ტორტის გამოცხობაც ბებიისგან მერგო. ძალიან უშნოა, გაპრანჭული არ არის, მაგრამ უგემრიელესია, ამიტომ "ცაბუს ტორტს“ ვეძახით. ეს ტრადიციაც შევინარჩუნე - როდესაც სტუმრები მოდიან, არ მეზარება, ჩემი ხელით ვაკეთებ კერძებს და არ ვუკვეთავ. სახლში გაკეთებულ სიგემრიელეს არაფერი სჯობს...

მარინა:

- თურმე თავისუფალ დროს ქსოვთ კიდეც და ტორტებსაც აცხობთ... გსიამოვნებთ ეს ყველაფერი?

- ქსოვაც მიყვარს. ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემზე ათასჯერ უკეთესად ქსოვს და მასთან გავდივარ კონსულტაციებს. ახლობლების პატარა ახალშობილებს ჯაკეტებს დიდი სიამოვნებით ვუქსოვ. ვეტყვი ხოლმე, ამას ჩემს ჟაკეტს მოვუქსოვ... პატარა აივანი გვაქვს და ძალიან ბევრი მცენარე შევიძინე. სამზარეულოს მხარეა, კარი ხშირად ღიაა და რომ ვსხედვართ, წინ მხოლოდ სიმწვანე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ წინ ცუდი კორპუსებია ჩადგმული, მცენარეებით ასე დავფარეთ.

მერი:

- როგორ ინარჩუნებთ წონას, ფორმას. თუ რაიმე რეცეპტი გაქვთ, გაგვიზიარეთ?

- ვცდილობ, სულ ვაკონტროლო. ნანი სულ ამბობს: "ცოტა ჭამეთ, არ გასუქდეთო“. მიყვარს ცურვა, ხანდახან დავდივარ. პერიოდულად ხან კარგად ვიქცევი, ხან - ცუდად, მაგრამ საერთო ჯამში ფორმას ვინარჩუნებ. მართალია: თუ შინაგანად კარგად გრძნობ თავს, ეს გარეგნობაზეც აისახება.

ტასო:

- ბებიას ხშირად ახსენებთ სხვადასხვა ინტერვიუში. როგორც ჩანს, მას დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში?

- ბებიაზე - ქალბატონ ცაბუზე ბევრს ვლაპარაკობთ, რადგან მან გაგვზარდა, ფეხზე დაგვაყენა. მის ფრაზებს დღესაც ვიმეორებთ, ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. მკაცრიც იყო - ნანისაც ეშინოდა და მეც. ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ცალკე რომ გადავედი, ძალიან პატარა ვიყავი. იქ მივხვდი, რამხელა ბმა მქონდა ოჯახთან, ბებიაჩემის რამხელა სიყვარული, ზრუნვა და გვერდში დგომა მქონდა. ორი პატარა ბიჭი მივაყოლე, რთული იყო, მაგრამ სულ მეუბნებოდა: "ნუ გეშინია, აქ ვარ, დაგეხმარები და არ იფიქრო, რომ მარტო ხარო“.

უცნობი:

- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებით მარტო რომ დარჩით, როგორ გაუმკლავდით სირთულეებს?

- ნანიც ახალგაზრდა იყო მაშინ და ვფიქრობდით, როგორ გაგვეზარდა მარტო ქალებს ორი ბიჭი. ბებიაჩემმა ომახიანად თქვა: "არაუშავს, არაფერი მოხდება, მთავარია, რასაც შეხედავენ ჩვენი ბავშვები, ისეთები გაიზარდებიანო“. მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიჭებმა დაინახეს ეს დამოკიდებულებები და წესიერი ადამიანები გაიზარდნენ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ ოჯახის შეძახილებმა მალევე გამომახედა აქით... დღესაც მჯერა მომავლის. შეიძლება რაღაც უპერსპექტივო ჩანდეს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უკეთესობა იქნება და ამით ვცხოვრობ.

ლილიკო:

- თქვენი ბიჭები - ლევანიკო და გოგიკო - ახლოს გაგვაცანით. როგორ ზრდიდით მათ და როგორი დედა ხართ?

- არ ვიცი, როგორი დედა ვარ, მაგრამ რაც შეგვეძლო, შვილებს მივეცით. ნანი ძალიან იყო ჩართული მათ გაზრდაში, ბებიაც და ბაბუაც. ბაბუაჩემი 94 წლის გარდაიცვალა და ჩემს ბიჭებს ასეირნებდა, ანებივრებდა. მამაჩემიც გვერდში გვედგა. ახლა ძალიან კარგი, წესიერი ადამიანები არიან. გოგიკო წარმატებული არქიტექტორია, ლევანიკო სხვა სფეროშია. ორივე კარგი მამაა და ამით ვხარობ. ჩემს 46 წლის შვილს რომ ვუყურებ, მიკვირს - უკვე დიდი ადამიანია, ჩემი მეგობარია.

ზურა:

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, გავხართ მას და რა მოგყვებათ მისგან?

- შესახედაობით ძალიან ვგავართ. ბევრი რამ მამისგან მაქვს - მამა ძალიან საყვარელი, თბილი და მიმნდობი ადამიანი იყო მეგობრებში. მიხარია, ეს თვისება თუ გამომყვა. შვილებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობთ, პატივს მცემენ, თუმცა დედის პოზიციიდან ხანდახან მაინც ვითხოვ რაღაცებს.

ნატო:

- ნატალია, როგორც ამბობთ, თქვენი ოცნების გოგონაა... დამჯერი შვილია?

- ნატალია ქუთათელაძე უკვე შედგა როგორც მომღერალი. პიროვნულად ძალიან ძლიერი და კარგი გოგოა, მისით ვამაყობ. ეს გენეტიკაც არის - ნანიმ მე გადმომცა, მე ნატალიას გადავეცი... ჩვენი ოჯახური ტრიო ძალიან ბუნებრივად შეიქმნა. ჩვენთან სახლში ყველაფერი მუსიკით იყო სავსე - ბებია, ნანის ექვსივე დეიდა მღეროდა. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, სანამ ოფიციალურად არ ჩამოყალიბდა ტრიო, რომელიც მთელმა საზოგადოებამ აიტაცა. ერთმა დიდმა მუსიკოსმა გვითხრა: "ხშირად დედა მღერის, შვილიც, მაგრამ მესამე თაობაზე ისვენებენ ხოლმე, თქვენთან კი ეს არ მოხდაო“.

ერთხელ ბიშკეკში გვქონდა კონცერტი - ნანი მღეროდა და აფიშაზე ეწერა, რომ მისი ქალიშვილი ეკა მამალაძეც მონაწილეობდა. ნანის რომ დაესვენა, 5-6 სიმღერა ვიმღერე. კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა. ხანში შესული ქალბატონები მოვიდნენ ჩემთან, ტაშს მიკრავდნენ და მითხრეს: "თქვენ ნამდვილად კარგად მღერითო“. გაუკვირდათ, რადგან ხშირად ცნობილი ადამიანების შვილებს უბრალოდ სურვილი არ აქვთ ხოლმე, იმღერონ. ეს ჩემთვის და ნანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპლიმენტი იყო.

ტალინშიც ასეთივე კარგი კონცერტი გვქონდა, სადაც უკვე ნატალიამაც მიიღო მონაწილეობა. ხალხს უკვე მოწონებული ჰყავს ნანი, მერე გამოვდივარ მე და დონეს ვიჭერთ, მერე ნატალია შემოვიდა და საერთოდ გაგიჟდნენ. მიხარია, რომ ასე გვაფასებენ: ნანის თავისი ხელწერა აქვს, მე - ჩემი, ნატალია კი სრულიად განსხვავებულია.

აზა:

- ბებიის ამპლუა გაითავისეთ?

- შვილიშვილების აღზრდაში ჩართული ვარ. ბიჭების შვილების შემთხვევაში ძალიან ვაქტიურობდი, მაგრამ ნატალიამ თავის თავზე აიღო თავისი შვილის აღზრდა, თუმცა, როდესაც ჩემი დახმარებაა საჭირო, ყოველთვის მათ გვერდით ვარ.

ეკატერინე:

- გული რაზე გწყდებათ?

- გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ხანდახან აღარც მახსოვს, რაზე მწყდებოდა გული.

ირაკლი:

- კრიტიკას როგორ ხვდებით?

- კრიტიკას რაც შეეხება - გააჩნია, ვისგან იღებ. ნანისგანაც რომ ვიღებ, იმ მომენტში შეიძლება ეწყინოს ადამიანს, მაგრამ მერე დავფიქრდები და წამადგება ხოლმე. ნანიც ასე მეუბნება: "წაგადგება ეგება, კარგს გეუბნებიო“. მართლაც სასარგებლო რჩევა მაძლევს ხოლმე... პროფესიონალის კრიტიკა გასაბრაზებელი არ არის. თუ შენი თავით კმაყოფილი ხარ, არაფერი გამოგივა. ნატალიას მასწავლებელთან - ქალბატონ დოდოსთან (დიასამიძე. - ავტ.) დღესაც მივდივარ, როცა მჭირდება. ესტრადა სულ სხვაა და ხმის დამუშავებასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ისეთ სწორ რაღაცებს გასწავლის, რატომ არ უნდა მიიღო?!

თეკლა:

- რაზე ბრაზდებით? მგონია, რომ მშვიდი ადამიანი ხართ...

- შეიძლება უცბად გავბრაზდე, რადგან გურული ვარ, მაგრამ მერე მალევე გადამივლის. მთავარია, სიბრაზე დიდხანს არ გაგყვეს ადამიანს, თორემ შიგნით გრჩება, მწარდები, სახეზეც გეტყობა და ბოლოს მხოლოდ შენს თავს ვნებს.

თამო:

- რაზე ოცნებობთ და რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

- ჩემი დიდი სურვილი შვილების წარმატებაა - განსაკუთრებით ნატალიკოსი. ასევე მინდა ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. 25 წლის ვიყავი, როდესაც ტრაგედია თავს გადამატყდა და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა. მას შემდეგ სულ ვემადლიერები ჩემს ახლობლებს და უფრო ვაფასებ მათ კარგად ყოფნას... ახლა ნანის ჯანმრთელობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ნანი ხანდახან ამბობს ხოლმე: "ღმერთს ვთხოვ, კიდევ ერთი წელი მაჩუქოს, კიდევ ვიყო კარგად“. ვფიქრობ, ნანი ისეთ ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ ეს ყველაფერი შეუსრულდება.

ძალიან დიდი მადლობა! ძალიან კარგი და სწორი კითხვები გქონდათ. ვიცი, რომ პოპულარული ოჯახი ვართ, მაგრამ ამ სიყვარულის შენარჩუნება ძალიან ძნელია. ამას სულ ვცდილობთ. დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/e-TKArgadNk?si=Lf6goORydI92Owen" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>