საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა.
"ხარისხობრივად არ იყო ის, რაც უნდა გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში ბურთით ბევრად უკეთ ვითამაშეთ და მეტჯერ შევძელით მეტოქის პრესინგის ხაზის გადალახვა. მატჩის ბოლო მონაკვეთში კი იძულებითმა ცვლილებებმა, რომლებიც ტრავმებითა და ყვითელი ბარათებით იყო გამოწვეული, ძალიან იმოქმედა ჩვენს თამაშზე. არავისთვის არის მარტივი ის ფაქტი, რომ უკვე მეოთხე თამაშია, გოლი არ გაგვიტანია. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გავუშვით.
ოთხივე თამაშში უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზისა და მეკარის თამაში. ზოგადად, დაცვითი ფაზა ჩვენთვის მხოლოდ მცველებისა და მეკარის საქმე არ არის და ფორვარდებიდან იწყება. ამ მხრივ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით. დაცვითი თვალსაზრისით, ეს თამაშები პოზიტიური და სასიამოვნო სანახავი იყო.
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანი არანაირად არ შეიცვლება. მხოლოდ ერთ ლიგაზე არ ვართ დამოკიდებული და წინ კლასიკური შესარჩევი ეტაპიც გვაქვს.
ერთა ლიგაში და ყველა მომდევნო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება. მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.
დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ. დარჩენილი დრო კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ".
"ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი საუკეთესო, რაც შემიძლია, გუნდში თუ ნაკრებში. ვცდილობ, რომ თავდაჯერებულობა გადავცე მთლიან გუნდს. ძალიან ვემზადებოდი ამ ოთხი თამაშისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ნაკრებში თამაში და ასევე იმიტომ, რომ დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა ჯერ კლუბში. ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია არცერთ შეხვედრაში, გუნდსაც დავეხმარე რამდენიმე ეპიზოდში და, როგორც ვთქვი, ყოველთვის გრძელდება ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს მოსულ ქართველ გულშემატკივარს".