ქალთა უშვილობისა და ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის მიზეზები, შესაძლოა, თავის ტვინიდან მომდინარეობდეს - გამოქვეყნდა მეცნიერების ახალი კვლევა, რომელმაც, შესაძლოა, რეპროდუქციული პრობლემების მკურნალობაში ახალი სიტყვა თქვას.
ცნობილია, რომ ორსულობის უნებლიე შეწყვეტის ნახევარზე მეტი გამოწვეულია ემბრიონში გენეტიკური შეცდომებით, მაგრამ დანარჩენის ახსნა შეუძლებელია. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებას იკეთებს, აქვს რამდენიმე ემბრიონი, რომლებიც გენეტიკურად ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ არცერთი არ იმპლანტირდება საშვილოსნოში მოთავსების შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო. ზოგიერთ ადამიანს, ვინც ბუნებრივად არის დაორსულებული, ასევე აღენიშნება ორსულობის ადრეულ ეტაპზე უმიზეზოდ განმეორებითი შეწყვეტა .
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთი მოვლენების სიმრავლე ასახავს კონკრეტული ნეირონული წრედების უუნარობას, ამოიცნონ, აკონტროლონ ან ადაპტირდნენ ორსულობასთან.
მაგალითად, თუ აღმოვაჩენთ, რომ ეს ნეირონები გამოყოფენ იმპლანტაციისთვის მნიშვნელოვან ფუნდამენტურ სასიგნალო მოლეკულას, შესაძლოა, ეს ნაყოფიერების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის თერაპიულ საშუალებად აქციოთ“, - წერენ ნირაო შაჰი და მისმა კოლეგები.

მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს.
აღმოჩნდა, რომ მღრღნელებში სიცოცხლისუნარიანი ორსულობისთვის ტვინში ნეირონების პაწაწინა ნაკრები ფუნდამენტურია. ეს ნეირონები ასევე გვხვდება ადამიანის ქალის თავის ტვინში და შესაძლოა, აუხსნელი განმეორებითი ორსულობის შეწყვეტის და ინ ვიტრო განაყოფიერების სირთულეების შესახებ მინიშნებები მოგვცეს.
მეცნიერების დაკვირვებით, აღნიშნულ ნეირონებში გენების ექსპრესიის დონე 30-ჯერ მეტჯერ შეიცვალა, როდესაც თაგვები პირველად დაორსულდნენ, რამაც ისინი ნეირონების ახალ კლასად გარდაქმნა, რომლებიც ორსულობის შუა პერიოდისთვის სრულიად განსხვავებულად ფუნქციონირებდნენ.
ნეირონების აქამდე უცნობი ნაკრები ტვინის ცენტრში, პრეოპტიკურ ჰიპოთალამუსში მდებარეობს, ნეირონებს აქვთ ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონების, მაგალითად, პროგესტერონის რეცეპტორები, რომლებიც შესაძლოა კვერცხუჯრედის საწყისი განაყოფიერების შემდეგ ნეირონების ჩართვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
როგორც ჩანს, ეს ნეირონები კოორდინაციას უწევენ ემბრიონის საშვილოსნოში იმპლანტაციას და ინარჩუნებენ მიმდინარე ორსულობას. როდესაც შაჰის გუნდმა გადაწყვიტა ორსულობის გამოწვევა მდედრ თაგვებში ამ განსაკუთრებული ტიპის ნეირონის "გამორთვის" შემდეგ, თაგვებმა შეძლეს შეჯვარება და დაორსულება, თუმცა მათი ყველა ორსულობა ადრეულ ეტაპზე დასრულდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათი ემბრიონები ვერ იმპლანტირდებოდნენ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში.
"რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ როდესაც ამ ნეირონებს მოიშორებთ, ორსულობებსაც კარგავთ, ნამდვილად ნიშანდობლივია“, - ამბობს ჯენიფერ ო’ჩანი.