რუსეთში, ციმბირში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალებამ შესაძლო პნევმონიური ჭირის გავრცელების შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
მომხდარის შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოექცა, ხოლო თავად ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი იზოლაციაში დატოვეს. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშიც საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, შიპილოვა 25 სექტემბერს ლაბორატორიაში მუშაობისას სინჯარას შეეხო, რომელიც, სავარაუდოდ, იერსინია პესტისის (Yersinia pestis - ბაქტერია, რომელიც ჭირს იწვევს) - შეიცავდა.
ადგილობრივი და დამოუკიდებელი მედიის ცნობით, სინჯარა შემთხვევით გატყდა და ქალი შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაინფიცირდა.
თუმცა ეს ვერსია რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Rospotrebnadzor-ის განცხადებით, ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ინციდენტი არ დაფიქსირებულა და ჩატარებულმა დამატებითმა კვლევებმა შიპილოვას დაავადებასა და მის პროფესიულ საქმიანობას შორის კავშირი ვერ გამოავლინა.
საქმე განსაკუთრებით საყურადღებო იმიტომ გახდა, რომ პნევმონიური ჭირი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა.
თუ Yersinia pestis ბაქტერია ფილტვებს აზიანებს, ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული წვეთებითაც შეიძლება გავრცელდეს. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თუმცა დროული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლებელია.
ამიტომ შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების კონტროლი დაიწყეს.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 200 ადამიანი დაკვირვების ქვეშ არის. ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი კი რამდენიმე დღის განმავლობაში შენობაში ჰყავდათ იზოლირებული. მათი ახლობლების ინფორმაციით, თანამშრომლებს შენობის დატოვების უფლება არ ჰქონდათ და ნაწილი იატაკსა და სკამებზე იძინებდა.
შეზღუდვები დაწესდა ირკუტსკის რამდენიმე საავადმყოფოშიც, არ უშვებდნენ პაციენტების მნახველებს და თავად პაციენტებს გადაადგილების საშუალება არ ჰქონდათ.
პანიკა კიდევ უფრო გააძლიერა იმან, რომ თავდაპირველად რუსეთის რეგიონული ხელისუფლების განცხადებებში სიტყვა "ჭირი“ პირდაპირ არ ჟღერდებოდა.
რეგიონის გუბერნატორი იგორ კობზევი საუბრობდა "განსაკუთრებით საშიშ ინფექციაზე“ და აცხადებდა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
მოგვიანებით კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. ოფიციალური ვერსიით, შიპილოვას დაავადების მიზეზი უცნობი წარმოშობის პნევმონია იყო. ამ წინააღმდეგობრივმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში უამრავი კითხვა გააჩინა და მალევე გავრცელდა ვერსიები, თითქოს ხელისუფლება ინფორმაციას მალავდა.
ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ისტორია შემთხვევით არ იქცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ასეთი კვლევითი ცენტრები საბჭოთა კავშირის პერიოდში ინფექციური დაავადებების, მათ შორის ჭირისა და სხვა განსაკუთრებით საშიში პათოგენების შესწავლით იყვნენ დაკავებული.
კვლევების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ლაბორატორიებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამასთან კავშირებიც ჰქონდა. სწორედ ამ წარსულმა გააჩინა კითხვები, რამდენად სენსიტიური კვლევები ტარდება თანამედროვე რუსეთში მსგავს ლაბორატორიებში.

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ეპიდემია XIV საუკუნეში "შავი ჭირის" ეპიდემია იყო.
თუმცა თანამედროვე მედიცინაში დაავადება მკურნალობას ექვემდებარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანტიბიოტიკები დროულად ინიშნება.
ამ ეტაპზე ირკუტსკში პნევმონიური ჭირის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება საჯაროდ დადასტურებული არ არის. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურია.
თუმცა 28 წლის ლაბორანტის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, დახურულმა საავადმყოფოებმა, იზოლირებულმა თანამშრომლებმა და ურთიერთგამომრიცხავმა ცნობებმა ციმბირში უკვე სერიოზული კითხვები გააჩინა.
ამ დროისთვის მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - რა გახდა დარია შიპილოვას გარდაცვალების რეალური მიზეზი და მოხდა თუ არა ირკუტსკის ლაბორატორიაში საშიში პათოგენის გაჟონვა.