პოლონეთის ქალაქ მლავაში ბავშვებთან დაკავშირებულმა საეჭვო ინციდენტმა ადგილობრივებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. შემთხვევა 2 ოქტომბერს, დვორკოვას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მლავის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი "ოპელის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან ბავშვების გვერდით მანქანა გააჩერა, მძღოლის მხრიდან ფანჯარა ჩამოსწია და ქუჩაში მიმავალ გოგონებს რაღაც უთხრა.
ამის შემდეგ ავტომობილი ადგილიდან დაიძრა. გოგონებმა მომხდარის შესახებ მშობელს აცნობეს, რომლებმაც პოლიციას მიმართეს. სამართალდამცველებმა მამაკაცის იდენტიფიცირება და მისი ადგილსამყოფლის დადგენა მალევე შეძლეს.
დაკავებისას დადგინდა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს და პოლიციის დაცულ ავტოსადგომზე განათავსეს.
მამაკაცს ბრალი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის წაუყენეს. აღნიშნული დანაშაულისთვის მას მაღალი ჯარიმა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გაცილებით მძიმე იყო. ადგილობრივები საუბრობდნენ, რომ მამაკაცი ბავშვების მანქანაში ჩასმას ცდილობდა და შესაძლოა მათ გატაცებას გეგმავდა.
თუმცა პოლიციის ოფიციალურ ინფორმაციაში ამ ეტაპზე ბავშვების გატაცების ან გატაცების მცდელობის ბრალდება არ ფიგურირებს. მომხდარის სხვა გარემოებებს პოლიცია იძიებს.