წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც ასობით ადამიანი ზის, ყურსასმენები უკეთია და არც კი უფიქრდება, რომ მომხსენებლის ყოველი სიტყვა იმავე წამს რამდენიმე ენაზე პარალელურად ითარგმნება. მოულოდნელად ხმა ქრება. სპიკერი ლაპარაკს აგრძელებს, გაოცებული მონაწილეები ერთმანეთს გადაყურებენ, ტექნიკოსი კი ჩუმად, კედელ-კედელ გარბის ჯიხურისკენ. სწორედ ასეთ დროს ხვდება ყველა, რამდენად რთული ტექნიკური ჯაჭვი დგას ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხმის უკან: თარჯიმანი, ხმისგაუმტარი ჯიხური, ცენტრალური მართვის ბლოკი, ინფრაწითელი რადიატორები (რომლებიც სიგნალს თითოეულ დელეგატამდე აწვდიან) და მრავალი სხვა სპეციალიზებული აღჭურვილობა.
დღეს ხშირად ამბობენ, რომ მომავალი პროგრამულ პლატფორმებს ეკუთვნის. დისტანციური სინქრონული თარგმნის სერვისები მართლაც სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ჰიბრიდულ ღონისძიებებში, სადაც მონაწილეთა ნაწილი ეკრანთან ზის, ნაწილი კი დარბაზში. თუმცა, როდესაც საქმე ეხება კორპორაციულ თუ დიპლომატიურ შეხვედრებს, სადაც შეცდომის უფლება არ არსებობს, სპეციალიზებული აპარატურა კვლავ შეუცვლელ საყრდენად რჩება. ამ სფეროში მსოფლიო ბაზარს სამი წამყვანი ბრენდი განსაზღვრავს: Bosch, TAIDEN და Televic. სამივე მათგანი ერთსა და იმავე ამოცანას ემსახურება, თუმცა განსხვავებული ტექნოლოგიური მახასიათებლებით, რაც განსაზღვრავს კიდეც, თუ რომელი სისტემა რომელ სივრცეს უკეთ მოუხდება.
გერმანული Bosch საკონფერენციო აუდიოსისტემებში დიდი ხანია „ოქროს სტანდარტად“ ითვლება. მისი ფლაგმანი DICENTIS სტანდარტულ IP არქიტექტურას ეყრდნობა და სრულად თავსებადია OMNEO-სა და Dante-სთან. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ინჟინრებს მრავალარხიანი აუდიოს გადაცემა ჩვეულებრივი IT ქსელით შეუძლიათ, ცალკე, დახურული ინფრასტრუქტურის აგების გარეშე. ენობრივი არხების ტევადობა 100-მდე აღწევს, რაც მრავალენოვანი ღონისძიებების მოთხოვნებს სრულად ფარავს. თუმცა Bosch-ის უპირატესობა მხოლოდ IP ტექნოლოგიებში არ არის. მისი INTEGRUS ციფრული ინფრაწითელი სისტემა უზრუნველყოფს სრულ იზოლაციასა და მაღალი დონის უსაფრთხოებას (air-gapped security). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამთავრობო შეხვედრებისთვის, სადაც კონფიდენციალურობა პრიორიტეტულია. რადიოსიგნალი კედლებში გადის, ინფრაწითელი სინათლე კი ვერა. შესაბამისად, თუ თარგმანი ინფრაწითელი გამოსხივებით ვრცელდება, დარბაზის გარეთ მისი მიღება ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთი სანდოობა მაღალ ფასთანაც არის დაკავშირებული Bosch ბაზარზე ყველაზე მაღალი კაპიტალური ღირებულებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, უბადლო IP ინტეგრაციისა და გლობალური ავტორიტეტის გამო, მას ხშირად ირჩევენ გაეროს ორგანოები და მსოფლიო მასშტაბის სამიტები.
თუ Bosch უსაფრთხოებასა და IP არქიტექტურაზე აკეთებს აქცენტს, ჩინური TAIDEN-ი ბოლო წლებში დიპლომატიურ არენაზე დომინანტურ ძალად იქცა. მისი სისტემებით აღჭურვილი იყო ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როგორებიცაა G20-ისა და მსოფლიო ბანკის სამიტები. ფლაგმანური HCS-8600 და HCS-5100 სერიები ექსკლუზიურად ციფრულ-ინფრაწითელ არქიტექტურაზე მუშაობს, ხოლო სპეციალური პროცესორული ჩიპები სრულიად გამორიცხავს მაღალსიხშირული განათებით გამოწვეულ შეფერხებებს, პრობლემას, რაც ინფრაწითელი სისტემების სუსტ წერტილად ითვლებოდა. TAIDEN-ის მთავარი უპირატესობა მასშტაბურობაა. ის განსაკუთრებით ეფექტურია რთულ პროექტებში, სადაც 64-მდე ენობრივი არხია საჭირო. მისი დელეგატის ჰაბები ერთ მოწყობილობაში აერთიანებს იმას, რისთვისაც სხვაგან რამდენიმე კომპონენტი დასჭირდებოდა: ენის არჩევას, მრავალფუნქციურ კენჭისყრას, ბიომეტრიულ იდენტიფიკაციასა და უქაღალდო (paperless) ვიდეოეკრანებს. ამ ფუნქციონალის გამო TAIDEN ხშირად გამოიყენება საკანონმდებლო პალატებსა და დიდ სივრცეებში. გარდა ამისა, ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა მას მომგებიან არჩევნად აქცევს პროექტებისთვის, სადაც ბიუჯეტი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფუნქციონალი.
სანამ დელეგატების მაგიდების აღჭურვილობას შევაფასებთ, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი რგოლი თარჯიმანი. სწორედ თარჯიმნის პერსპექტივას ანიჭებს უპირატესობას ბელგიური Televic. სინქრონული თარგმანი ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი ინტელექტუალური საქმიანობაა: თარჯიმანი ერთდროულად უსმენს, იაზრებს და ლაპარაკობს, ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაში. Televic Conference-ის მთელი ფილოსოფია სწორედ ამ დაღლილობის შემცირებაზეა აგებული. Lingua და UNIVERSIO სერიები დაპროექტებულია AIIC-ის (თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ისინი ბაზარზე ყველაზე ერგონომიულ კონსოლებად ითვლება: ტაქტილური დიზაინი, ინტუიციური მართვა და მკაფიო ვიზუალური ინდიკატორები თარჯიმანს საშუალებას აძლევს, ენერგია ტექნიკასთან ბრძოლაზე არ დახარჯოს და სრულად კონცენტრირდეს თარგმანზე. ტექნიკური თვალსაზრისით, Televic-ის Plixus IP ქსელური არქიტექტურა უზრუნველყოფს 64-მდე ენობრივ არხს მონაცემთა პაკეტების ნულოვანი დაკარგვითა და გამტარუნარიანობის სრული რეზერვირებით. სწორედ ამიტომ გახდა ეს სისტემა ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების სტანდარტი. იქ, სადაც სესიები ხანგრძლივია და თარგმანის სიზუსტე გადამწყვეტია, თარჯიმნის კომფორტი პირდაპირ აისახება შედეგზე.
ყველა ღონისძიება არ მოითხოვს ჩაშენებულ ჯიხურებსა და სტაციონარულ ინფრაწითელ სისტემებს. ბევრ შემთხვევაში საკმარისია პორტატული და მოქნილი გადაწყვეტა. ასეთ დროს ბაზარზე ორი სხვა ლიდერი გამოიკვეთება: ამერიკული Williams AV, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კომერციულ და საგანმანათლებლო სივრცეებში დომინირებს და პორტატულ, რადიოსიხშირულ თუ Wi-Fi-ზე დაფუძნებულ სისტემებში ლიდერობს (მაგალითად, Digi-Wave სერია); და გერმანული Sennheiser, რომელიც ცნობილია თავისი აკუსტიკური ინჟინერიით. მისი ტურ-გიდის სისტემები (მაგ. Tourguide 2020) და მობილური აპლიკაცია MobileConnect მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თარგმანი პირდაპირ საკუთარ სმარტფონებზე მიიღონ ადგილობრივი Wi-Fi-ით, დამატებითი მიმღებების გარეშე.
უნივერსალურად „საუკეთესო“ სისტემა არ არსებობს. არჩევანი დამოკიდებულია სივრცის ინფრასტრუქტურაზე, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და ღონისძიების მასშტაბზე. მაღალი კონფიდენციალურობისთვის Bosch-ისა და TAIDEN-ის ციფრული ინფრაწითელი სისტემები შეუცვლელია, რადგან სინათლის სიგნალი შენობის გარეთ ვერ აღწევს. რთული საკანონმდებლო ობიექტებისთვის TAIDEN ოპტიმალურია, რადგან თარგმანთან ერთად ელექტრონულ კენჭისყრასა და მრავალფუნქციურ ჰაბებს აერთიანებს. თანამედროვე IT ინფრასტრუქტურისთვის ორგანიზაციები ხშირად ირჩევენ Bosch-ის IP გადაწყვეტილებებს, ხოლო ხანგრძლივი, მრავალენოვანი სესიებისთვის Televic-ის ერგონომიული და თარჯიმანზე ორიენტირებული სისტემები საუკეთესო შედეგს იძლევა.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი აპარატურა საკმარისი არ არის. ერთი და იგივე სისტემა სხვადასხვა დარბაზში განსხვავებულად მუშაობს, თუ გათვალისწინებული არ არის აკუსტიკა, მონაწილეთა რაოდენობა და ენების სპეციფიკა.
NS